11 აგვისტო 2017 - 23:11

ვრცელდება ცნობები თურქულ კურორტებზე კოკსაკის ვირუსის ეპიდემიის გავრცელებაზე. მართალია?

ბოლო დღეების განმავლობაში, რუსულ პრესაში ვრცელდება ცნობები თურქულ კურორტებზე გავრცელებული კოკსაკის ვირუსის ეპიდემიის შესახებ. ბოლო ინფორმაციით, ამ ვირუსით თურქეთის სანაპიროზე 500-მდე რუსი ტურისტი დაავადდა, დიდწილად - 14 წლამდე მოზარდები. ლაპარაკია ანტალიის რეგიონის კურორტებზე (სიდე, ალანია, ბელექი, ქემერი...), რომელიც ქართველ ტურისტებშიც პოპულარულია.

კოკსაკის ვირუსი სახიფათოა?

კოკსაკის ვირუსი - დაავადების სახელწოდება არ არის. ასე უწოდებენ ვირუსების ჯგუფს, რომლებსაც სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია. მათ შორის ყველაზე ხშირია დაავადება “ხელი-ფეხი-პირი” (Hand-Foot-and-Mouth) და ჰერპანგინი.   

ეს დაავადებები ძირითადად გავრცელებულია ბავშვებში, განსაკუთრებით ზაფხულში, კურორტებზე. ვირუსი ძალიან უსიამოვნოა: ბავშვებს და უფროსებსაც უწევთ მაღალი სიცხე, სტკივათ ყელი და უჩნდებათ გამონაყარი, რომელიც ქუნთრუშის გამონაყარს ჰგავს. თუმცა ამ დაავადებებს განსაკუთრებულად სახიფათოსაც ვერ უწოდებ. ჩვეულებრივ, ის 10 დღის განმავლობაში თავისით გადის.

ქართველი ტურისტების დაავადებაზე ცნობები არსებობს?

არა. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ თურქულ კურორტებზე კოკსაკის ვირუსით ქართველი ტურისტების დაავადების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ. ცენტრში ამბობენ, რომ ამ მხრივ წელს საქართველოს ზღვის სანაპიროზეც სიმშვიდეა და არათუ კოკსაკის ვირუსი, არამედ დიარეის შემთხვევებიც კი ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა.

ვირუსით მარტო რუსები ავადდებიან?

სავარაუდოდ, არა. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ რუსულმა პრესამ თემა გააზვიადა, სინამდვილეში კი არანაირი ეპიდემია არ არის და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების მასშტაბებზე გადაჭარბებულია. ცნობები არ არის გამყარებული არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენატარებით და არც დაზუსტებული მონაცემებით საავადმყოფოებიდან. როსტურიზმის ფედერალურმა სააგენტომ თანამოქალაქეები ოფიციალურად გააფრთხილა, რომ თურქეთში მოგზაურობას თან ახლავს ვირუსით ინფიცირების საფრთხე, მაგრამ სააგენტო არ მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს თავი შეიკავონ ამ კურორტებზე გამგზავრებისგან.     

თუ მაინც დავავადდი კოკსაკის ვირუსისგან, როგორ ვიმკურნალო?

არანაირი განსაკუთრებული მკურნალობა მას არ სჭირდება. ექიმები პაციენტებს სიმპტომების შემსუბუქებისთვის ურჩევენ ტკივილგამაყუჩებლებს და ცივ სასმელს, ასევე ყურადღებით ყოფნას, რომ დაავადება არ გართულდეს.    

კოკსაკის ვირუსებით გამოწვეული დაავადებები კონტაქტით გადადის, მაგალითად ჭურჭლით. ამიტომ თუკი ოჯახში ვინმე დაავადდა, საჭიროა ჭურჭლის გაყოფა, ასევე ხელის გულდასმით და ხშირად დაბანა.

ექიმს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ

- აფთები (წყლულები პირის ღრუში ჰეპარინის დროს) იმდენად მტკივნეულია, რომ ბავშვი პირს ვერ ხსნის და ჭამაზე და წყლის დალევაზე უარს ამბობს.

ექიმს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ, თუ

- ბავშვი გაუწყლოვანდა (8 საათის განმავლობაში არ მოუშარდავს; ტირის ცრემლების გარეშე; ტუჩები შეუშრა და დაუსკდა; ახალშობილის ყიფლიბანდი მკვეთრად ჩაიზნიქა); ასევე ძლიერი თავის და ზურგის ტკივილის დროს მაღალი სიცხის ფონზე; და თუ ბავშვს არ შეუძლია ნიკაპის მკერდამდე დახრა.

კომენტარები ()

სხვა თემები