imedi /  13 სექტემბერი 2017, 11:27 / სანდო წყარო

ლევან იზორია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეობის მნიშვნელობა აღნიშნა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDRP) გაამახვილა ყურადღება, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

საუბარი შეეხო ერთობლივ წვრთნებს - Noble Partner-სა და Agile Spirit-ს, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩატარდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ გლობალური უსაფრთხოების დამყარების პროცესში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი აღნიშნა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა მზარდი და სტრატეგიულია. „რა თქმა უნდა, მომავლის გეგმებზეც ვიმსჯელეთ, კერძოდ, ყველაზე ამბიციური პროგრამის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მოსამზადებელ ეტაპებზე ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ მომავალი წლიდან სამი წლის განმავლობაში ეს პროგრამა წარმატებულად “, - განაცხადა ლევან იზორიამ. 

კომენტარები ()