imedi /  07 აგვისტო 2017, 16:24 / სანდო წყარო

აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი და გადაზიდული ტვირთის მოცულობა გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 7 თვის განმავლობაში აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 48.37 %-ით, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 32.47 %-ით გაიზარდა.

რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილია 2 129 121 მგზავრი, რაც 48.37 %-ით (694 153 მგზავრით მეტი) აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1 434 968 მგზავრი), 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კი, ზრდა 81.89 %-ს (958 577 მგზავრით მეტი) შეადგენს.

მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 3-ივე საერთაშორისო აეროპორტში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 503 636 მგზავრით მეტს მოემსახურა (1 658 366 მგზავრი), ვიდრე 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში (1 154 730 მგზავრი), ზრდის მაჩვენებელმა 43,62 % შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 86.48 %-ით გაიზარდა - 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში აეროპორტი 124 826 მგზავრს მოემსახურა, 2017 წელს - 232 775 მგზავრს (107 949 მგზავრით მეტი). ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 233 992 მგზავრი გადაიყვანა, რაც 52.32 %-ით (80 369 მგზავრით) მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (153 623 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 3 988 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 199 მგზავრით, 122.92 %-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (1 789 მგზავრი). ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და 802 მგზავრს მოემსახურა.

აეროპორტებში 3 299-ით მეტი ავიარეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ 11 218-ია, აქედან რეგულარული - 9 056, ჩარტერული - 2 162. 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ზრდა 41.66 %-ია.

15.25 %-ით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი - 80 514 ერთეული გადაფრენა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში - 69 863.

გაიზარდა სატვირთო გადაზიდვების მოცულობა - 19 715.983 ტონა შეადგინა, რაც 4 832.60 ტონით, 32.47 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

კომენტარები ()