imedi /  13 სექტემბერი 2017, 10:18 / სანდო წყარო

მიხეილ ჯანელიძე ჩინეთში ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს

ჩინეთში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა გაიხსნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 22-ე გენერალური ასამბლეა ჩინეთში, ქალაქ ჩენგდუში მიმდინარეობს. ღონისძიებას მსოფლიოს 150 ქვეყნის 1500-მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის საქართველოს დელეგაცია, რომელსაც მიხეილ ჯანელიძე ხელმძღვანელობს.

საზეიმო მიღების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაცნობითი ხასიათის ხანმოკლე შეხვედრა გამართა ჩინეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩინურმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ ასამბლეაზე სტუმრობისთვის, ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის კავშირების განვითარებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მაღალ ინტერესს.

UNWTO-ს გენერალურ ასამბლეაზე ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურას დაამტკიცებენ, რომელიც მოვალეობას 2018-2021 წლებში შეასრულებს. ამ პოსტზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. 

კომენტარები ()