07 დეკემბერი 2017

კიევის მოვლენების ქართული შეფასება

ინტერვიუ პარლამენტის ვიცესპიკერთან

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ძებნილთა სიაში შეიყვანეს. ჩანაწერი ბაზაში დღეს განთავსდა. ძებნა სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა გამოცხადებული, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევასა და მათი საქმიანობის დაფარვას, ასევე პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილ წინასწარ შეთანხმებულ დანაშაულს გულისხმობს. სააკაშვილის ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ეძებს, ძებნილი კი, რადის წინ ორი დღეა მიტინგებს მართავს. უკრაინაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია სახელწოდებით „ღირსების მანიფესტაცია“ თბილისშიც გამართა. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ უპასუხა. 


აქცია უკრაინაში და ღირსების მანიფესტაცია თბილისში - რა პარალელებს ხედავთ ამ ორ აქციას შორის და როგორ აფასებთ „ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურებას უკრაინაში მიმდინარე აქციის ფონზე?

გააქტიურებას და თანაც, როგორი ლოზუნგებით გააქტიურებას. საბედნიეროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ შეხედულებებს არ იზიარებს. ასეთი „ღირსების დაცვის“ მცდელობა ჯერ კიდევ 2012 წლის შემდეგ რამდენჯერმე იყო, როდესაც ხალხის მობილიზებით უნდოდათ გადატრიალების, რევოლუციური სცენარის განვითარება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას სწორი ხედვა აქვს. საქართველოში უამრავი პრობლემაა, ეკონომიკური, სოციალური, მაგრამ ტენდენციები პოზიტიურია. ამაზე ლაპარაკს არ გავაგრძელებ, გადავხედოთ თუნდაც „აბრეშუმის გქის ფორუმის“ შედეგებს. ვხედავთ, რა ხდება, ქვეყანა რა პოზიციებზე დგება და საერთაშორისო დონეზე ჩვენი ურთიერთობები სად ძლიერდება. საკმარისი იყო ლავროვს განეცხადებინა, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებს უპირისპირდება, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სწრაფვა  ევროინტეგრაციისკენ მათ ინტერესებს უპირისპირდება, რომ იმ წუთშივე ამას დაემთხვა ის პოზიცია, რომელიც სააკაშვილმა გაახმოვანა, და არა მარტო პოზიციით, არამედ - ქმედებებითაც. მოვიგონოთ ბელარუსში რევოლუციას როგორ აწყობდა და შემდეგ თავის თანაგუნდელებს დააბრალა, გივი თარგამაძე, რომელზეც თქვა, ეს ჩე გევარაა-ო. შემდეგ მოვიგონოთ უკრაინაში რას აკეთებდა, შემდეგ რუსეთში რევოლუციონერებს რომ ვითომ ეხმარებოდა და სინამდვილეში მოხდა ისე, რომ რუსეთის საიდუმლო სამსახურებმა ეს ყველაფერი ჩაწერეს, ამ ჩანაწერების საფუძველზე საერთოდ ყველგან გაანადგურეს ყოველგვარი ოპოზიცია და ესენი კიდევ დღეს უკრაინაში აქტიურობენ. უკრაინაში უშველებელი პრობლემაა, თავად უკრაინის ხელისუფლებაც არ მალავს კორუფციის თემას, ეკონომიკურსა და სოციალურ საკითხებს, აღმოსავლეთ ფრონტი აქვთ უშველებელი, უშველებელი პრობლემებია და ავანტიურას ნოყიერი ნიადაგი შეუქმნეს. ჩვენ ემოციური განცხადებები ბევრი მოვისმინეთ, პოლიტიკურზე არ ვამბობ, არამედ საზოგადოებაში ემოციებზე, რომ აი, ეს ხდება უკრაინაში, საზოგადოების დიდი ნაწილი ცუდ მდგომარეობაშია და მათ ხმა ამოიღეს, თუმცა ამის უკან ძალიან სერიოზული, სახიფათო პერსპექტივაა, რომ იქ ქაოსი შეცვლის არსებულ ვითარებას, გაცილებით დამძიმდება სიტუაცია და რასაკვირველია, ამით, როგორც ყოველთვის, რუსეთი ისარგებლებს. ეს ბოლო თვეებია რუსულ მედიაში სააკაშვილის სახელი ტრიალებს, როგორც გამბედავი ადამიანის, ვინც პოროშენკოს აჯობა.

როგორ შეაფასებთ თავად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებას, რომლებიც გუშინ აქციის მონაწილეებთან დაპირისპირებაზე არ წავიდნენ და დღეს დილითაც გარკვეული დათმობა განახორციელეს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა სააკაშვილის დაკავებასთან მიმართებაში და მას პროკურატურაში გამოცხადებისთვის დრო მისცეს. თქვენი შეფასებით, ეს ხელისუფლების სისუსტეა თუ მცდელობაა, ბოლომდე ამოწუროს ის დრო, რომელიც გონივრული იქნება იმისთვის, რომ საგამოძიებო ქმედებები განხორციელდეს?

თქვენც გესმით, რომ ეს შეკითხვა პირველად იქ იქნება დასმული. რეალურად სწორი პასუხი გასცა ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, როდესაც თქვა, რომ ეს უკრაინის შიდა საკითხებია. ეს ყველაზე ოპტიმალური პასუხია სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკოსის წარმომადგენლისაგან, ვინაიდან შეფასება, თუ როგორ მოქმედებს უკრაინის ხელისუფლება, ამ შემთხვევაში სცილდება იმ ინტერესს, რომელიც ჩვენ უამრავ სხვადასხვა ასპექტში გაგვაჩნია. მხედველობაში მაქვს ერთობლივი სტრატეგიული ინტერესი. უკრაინის ეკონომიკაზე ძლიერი დარტყმები, როგორსაც სააკაშვილი ამ რევოლუციური გზით აპირებს, უამრავი სხვა საკითხები, უკავშირდება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორთან ეკონომიკური ურთიერთობის შესუსტებას. ეს მდგომარეობა, რასაკვირველია, საქართველოზე იმოქმედებს და რასაკვირველია, ამ მდგომარეობის გამოყენებას ჩვენი აქაური ავანტიურისტებიც შეეცდებიან, მაგრამ საქართველოში უსაფრთხოების თვალსაზრისით გაცილებით უფრო სტაბილური ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა ჩანს. მე მგონია, რომ მთლიანობაში ჩვენ უკრაინის ხელისუფლების საქმიანობა მხოლოდ ამ რაკურსით უნდა შევაფასოთ.

ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი შეეცდება იგივე მღელვარება და ხელისუფლების ჩანაცვლების მცდელობა საქართველოშიც გადმოიტანოს. რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს გეგმა და რამდენად შესაძლებელია, რომ  საზოგადოების ნაწილმა ეს პოზიცია გაიზიაროს?

ამბობენ, რომ მომავალში შეეცდება, რაც არასწორია, იმიტომ რომ, ეს მცდელობები ძალიან ბევრჯერ იყო. ჯერ ვანო მერაბიშვილის უფლებების დასაცავად გამოვიდნენ, შემდეგ ერთად როცა იყვენ ახალი და ძველი „ნაციონალები“, რაღაც სოციალურ-ეკონომიკური თემების გამოყენებას ცდილობდნენ.

ახალ და ძველ „ნაციონალებში“ ვის გულისხმობთ?

„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. ალბათ, გახსოვთ, იყო მცდელობა თავისუფლების მოედანზე მოეწყოთ, შემდეგ პარლამენტის წინ იყო მცდელობა, რომ მოეწყოთ, ბევრი მცდელობები იყო ამ რევოლუციური სცენარის განვითარების. გარდა ამისა, ალბათ გახსოვთ ინტერვიუები, რომელსაც სააკაშვილი იძლეოდა და ამბობდა, რომ არ შეიძლება ვაცადოთ, ხელისუფლება დღესვე უნდა შეიცვალოს-ო. ეს წინა არჩევნების წინა პერიოდში იყო, როცა ამბობდნენ, ჩვენ განვითარებული ინტერნეტ სისტემა გვაქვს, გვაქვს ქსელები, ჩვენ ერთმანეთს ვუკავშირდებით-ო და ეს რევოლუციური მუხტი იყო. შემდეგ შეამჩნიეს, რომ საზოგადოება, რომლის ნაწილიც შეიძლება უკმაყოფილოა, მაგრამ რეალურად პერსპექტივას ხედავს და განვითარებასა და გადარჩენას ხედავს იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება, არ აჰყვა და სწორადაც მოიქცა. დღესაც რამდენიმე  ასეული კაცი შეკრიბეს. ვფიქრობ, რომ სურვილი მეტი აქვთ, რაც შეიძლება მეტი ზიანი იყოს, რომ იქნებ, ამაში პოლიტიკურად როგორმე ხელი მოითბონ და მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ.  უკრაინაში ვისურვოთ, რომ  უფრო სიღრმისეულად გააანალიზონ, საქართველოში კი უკვე ვხედავთ, რომ ხალხი ცოტა უფრო ღრმად ხედავს, ვიდრე სააკაშვილს უნდა.

საერთაშორისო ექსპერტები, პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ის აქციები, რომელიც რადასთან მიმდინარეობს და ზოგადად, უკრაინაში განვითარებული მოვლენები, შესაძლოა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასაც კი დაემუქროს და იმ საომარ მდგომარეობაში, რაშიც უკრაინა იმყოფება, ეს ქვეყნისთვის საკმაოდ უარყოფით შედეგებს მოიტანს. ეს პროგნოზები რამდენად რეალურია?

არ ვისურვებდი, რომ პროგნოზები გამართლდეს. თუ იმის რეალიზაცია მოხდა, რაც სააკაშვილს უნდა, რასაკვირველია, დამანგრეველი იქნება და ეს არ გვინდა ჩვენ არავის.

ვიდეო

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები