11 დეკემბერი 2017

რატომ ვერ თანხმდებიან ადვოკატები გამარჯვებულ კანდიდატზე

დაუსრულებელი არჩევნები ასოციაციაში

ყოველგვარ კონფრონტაციას ვემიჯნები და არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს ლევან ჯანაშიას მეორე ტურში მონაწილეობას ვთავაზობ, - ასე პასუხობს ოპონენტების ბრალდებებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ასათიანი. მან მიმართა საარჩევნო კომისიის წევრებს, დაუბრუნდნენ ლეგიტიმურ პროცესს და საფრთხის წინაშე არ დააყენონ ადვოკატთა ასოციაციის ინტერესები. არჩევნებში დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო და 500-მდე ხმით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ლევან ჯანაშიას. ლევან ჯანაშია და კიდევ ერთი კანდიდატი დავით ლანჩავა აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს დავით ასათიანმა უპასუხა.

 

პირველ რიგში, ძალაში რჩება თუ არა თქვენი შეთავაზება ოპონენტისადმი მეორე ტურთან დაკავშირებით?

ამ არჩევნებში ჩვენ დამაჯერებელი, ხმების ძალიან დიდი რაოდენობით გავიმარჯვეთ, მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს 500 ხმით ვუსწრებთ, ასევე მივიღეთ უფრო მეტი ხმა, ვიდრე ყველა სხვა კანდიდატმა ერთად. ამის არდანახვა არასწორია, ამის ლეგიტიმაციას საფრთხე არასოდეს შეექმნება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ჩვენი კორპორაციის ინტერესები, ადვოკატთა ასოციაციის ინტერესებია და არა პირადი ინტერესი, მე, როგორც თავმჯდომარეობის კანდიდატი, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადვოკატი ასოციაციას ნამდვილად არ ჩავაყენებ კავკასიური ცარცის წრეში და არ დავუშვებ მის გახლეჩას. აქიდან გამომდინარე, იყო ის შეთავაზება, რაც მივაწოდეთ მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს, რომ თანაბარ, თანასწორ, სამართლიან ბრძოლაში მივიღოთ მეორე ტურში მონაწილეობა და დაე, ჩვენმა კორპუსმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტოს, ამ არჩევნების გამარჯვებული.

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით თქვენი ოპონენტების ბრალდებებს რას პასუხობთ? ითქვა რომ ძველი მეთოდები დაბრუნდა: შუქის ჩაქრობა, ბიულეტენების აღმოჩენა ჩანთებში. ამ ბრალდებებთან დაკავშირებით როგორია თქვენი პასუხი, რამდენად რეალური იყო ან აღმოჩნდა თუ არა მსგავსი დარღვევა კენჭის ყრის პროცესში?

ეს არჩევნები უპრეცედენტოდ გამჭირვალედ ჩატარდა. ჯერ ერთი, მას ესწრებოდა 2300 ადვოკატი, რაც ორგანიზაციის არჩევნებში ძალიან დიდი რაოდენობაა, მას ესწრებოდა 20 სადამკვირვებლო ორგანიზაციის 44 წარმომადგენელი და ესწრებოდა ასევე სრულიად ქართული მედია. ჩვენი ხმის დათვლის პროცედურა დასრულდა აბსოლუტურად დამაჯერებლად და ლეგიტიმურად, ხმის დათვლა მიმდინარეობდა პირდაპირ ეთერში, რამდენიმე ტელეკომპანიით გადაიცემოდა, ასევე სოციალური ქსელით. ჩვენ კონკურენტებს ხმის დათვლის პროცესთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ, უბრალოდ წაგებით იმედგაცრუებულმა რამდენიმე კანდიდატმა, რომლებმაც საერთო ხმების, დამსწრე ადვოკატების მხოლოდ 5% მიიღეს, ზოგმა - კიდევ უფრო ნაკლები, მოაწყვეს გარკვეული სახის ექსცესები, რათა საკუთარი წარუმატებლობა გადაეფარათ. გაყალბებაზე საუბარი აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

წაგებით იმედგაცრუებულ კანდიდატებში დავით ლანჩავას და ლევან ჯანაშიას გულისხმობთ?

დიახ. აქ საუბარია ხალხზე, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან თავიანთი წარუმატებლობით და არა მარტო ამ არჩევნებში. ისინი მანამდეც მონაწილეობდნენ არჩევნებში, დამარცხება უკვე რამდენჯერმე გამოსცადეს და ახლა ცდილობენ წარუმატებლობა ამ სახით გადაფარონ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრით ჩვენი კორპორაცია, ადვოკატის პრესტიჟი ზიანდება, რაც ჩვენთვის ძვირფასია. აქიდან გამომდინარე ჩვენ ამ თავდასხმებში, ამ უსაფუძვლო ბრალდებებში მათ ვერ ავყვებით. აგერ არის, ბატონო, მერე ტურის შესაძლებლობა, აგერ არის თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა, მაქსიმალური გამჭირვალობით, მედიის თანდასწრებით, დამკვირვებელთა ნებისმიერი რაოდენობით ჩავატაროთ მეორე ტური და ვნახავთ შედეგს.

თქვენ ახლა დარწმუნებული ხართ, მაგრამ მეორე ტურში რომ პოზიციები შეიცვალოს და სხვა შედეგი დადგეს, დაეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას?

კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ სიმართლეში დარწმუნებულები ვართ, ჩვენ მეორე კანდიდატთან შედარებით 500 ხმით გავიმარჯვეთ. დამერწმუნეთ, ეს ძალიან დიდი უპირატესობაა. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს შედეგს და ასე შემდეგ, ჩვენთვის მთავარია ჩატარდეს მეორე ტური, კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას, რომ ადვოკატთა კორპუსი ერთიანია და რა თქმა უნდა, ყველანაირ შედეგს ძალიან სამართლიანად და ძალიან თავისუფლად მივიღებთ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტის არჩევნებთან დაკავშირებით ვნებათაღელვა მედიის წარმომადგენლებს ძალიან ხშირად გვინახავს, თუმცა ეს არჩევნები განსაკუთრებული დაძაბულობით გამოირჩეოდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, წლევანდელ არჩევნებთან დაკავშირებით ასეთი ვნებათაღელვა რამ გამოიწვია?

ჯერ ერთი, მგონია, რომ არა მარტო ადვოკატთა ასოციაციის, არამედ ნებისმიერი ორგანიზაციის, თუ ნებისმიერი სახის არჩევნები საქართველოში ყოველთვის ვნებათაღელვით არის მოცული...

გეთანხმებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ასოციაციაზე ვსაუბრობთ...

ზოგადად, არჩევნებში საერთოდ პირველად ვმონაწილეობ და აქიდან გამომდინარე დავრწმუნდი იმაში, რომ არჩევნების დროს მართლა ბევრ არაპოზიტიურ მომენტს, ძალიან ბევრ თავდასხმას, უსამართლო კრიტიკას აქვს ადგილი. ეს ალბათ, ზოგადად, არჩევნების თანმხლები პროცესია. ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები ყოველთვის დაძაბულად მიმდინარეობდა, 2005-შიც, 2009-შიც, 2013-შიც. სამწუხაროდ, ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა. რამე განსაკუთრებულს აქ ვერ ვხედავ. კიდევ ერთხელ ვამბობ, არის რამდენიმე ადვოკატის ჯგუფი, რომელიც არჩევნებში ყოველთვის მონაწილეობს, უმრავლეს შემთხვევაში აგებენ და შემდეგ ბრალდებებით ცდილობენ ტორპედირებას ორგანიზაციაზე, მის ინსტიტუციურ განვითარებაზე, ჩვენ ერთიანობაზე. ხაზგასმით კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვაპირებ ჩვენი ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატთა კორპუსი ცარცის წრეში ჩავაყენო და გავხლიჩო. ამას მე არ დავუშვებ, არ დაუშვებს ჩვენი გუნდი და საუკეთესო გამოსავალი მეორე ტურია. აჰა, ბურთი, აჰა, მოედანი, ბატონ ჯანაშიას სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში კიდევ ერთხელ მონაწილეობას ვთავაზობ და დაე, ჩვენმა კორპუსმა გადაწყვიტოს, ვინ გახდება ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ვინ უნდა მიიღოს მეორე ტურის ჩატარებაზე გადაწყვეტილება და რამდენად ლეგიტიმური იქნება თუ ხმის დათვლის პროცესით დადასტურდება, რომ თქვენ გაიმარჯვეთ?

არც ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, არც ერთ მედია საშუალებას ან სხვა პატივსაცემ კანდიდატს თუ ჯგუფს არ გამოუთქვამს არანაირი პრეტენზია ხმის დათვლის პროცესის მიმართ. ხმის დათვლა განხორციელდა პირდაპირ ეთერში სპორტის სასახლის ცენტრში და ამას იღებდა უამრავი ადამიანი უამრავი კამერის მეშვეობით. შესაბამისად, ხმის დათვლის და ჩვენი ხმების ლეგიტიმაციის საკითხი საერთოდ არ დგას. რაც შეეხება იმას, თუ ვინ დანიშნავს მეორე ტურს და როგორ ჩატარდება ეს ყველაფერი, ამისათვის ხმის დამთვლელი კომისია არსებობს, რომელშიც მე პირადად საერთოდ არ ვერევი და ხმის დამთვლელი კომისიის და ბიულეტენების დარბაზში არც კი არ ჩავსულვარ, ჩემი კონკურენტებისგან განსხვავებით, რომლებიც თავისუფლად დარბოდნენ დარბაზში ყუთიდან ყუთამდე. ამ პროცესს საერთოდ არ შევხებივარ, დარბაზშიც არ ჩავსულვარ. ხმის დამთვლელი კომისია თავისუფალ რეჟიმში მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ყველაფერი საბოლოოდ შეჯამდება. დამერწმუნეთ, ყველანაირი სამართლებრივი ნიუანსი დაცული იქნება. წინასწარი მონაცემები უკვე გვაქვს. როდესაც ყველაფერი შეჯამდება და ქაღალდზე ვიხილავთ ციფრებს, თუ რამდენი ხმა მივიღეთ ჩვენ და რამდენი - კონკურენტებმა, ამის შემდეგ გადაწყდება მეორე ტურის საკითხი, რაც კანონის შესაბამისად ჩატარდება.

მეორე ტურის გამართვაზე თქვენს ინიციატივას ეთანხმება თუ არა მოქმედი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი?

აქ ზაზას თანხმობაზე არ არის. ეს განსაზღვრულია ჩვენი წესდებით, ჩვენი რეგულაციებით. არ მგონია მეორე ტურზე ზაზა წინააღმდეგი იყოს, მით უმეტეს, კანდიდატები თანახმა ვართ, ყოველ შემთხვევაში - მე, და ჩემი შეთავაზება ბატონი ჯანაშიას მიმართ ძალაშია. ამ მოგონილი პრობლემის გადასაჭრელად ამაზე უკეთესი ფორმატი ვფიქრობ, არ არსებობს. აგერაა თავისუფალი არჩევნები. თუ ბატონ ჯანაშიას მართლაც ადვოკატთა ასოციაციის ინტერესები ამოძრავებს და ის არ მოქმედებს როგორც ნომინალური ფიგურა ვიღაც სხვა ძალიან ამბიციური ადამიანების ხელში, უკეთესი წინადადება გამარჯვებული კანდიდატისგან, ამ შემთხვევაში ჩემი მხრიდან, არ შეიძლება არსებობდეს.

„ვიღაც სხვა ამბიციური ადამიანები“ ვინ არიან, ვისზე ლაპარაკობთ?

ნუ დამასახელებინებთ სახელებსა და გვარებს, ჩვენმა კორპუსმა ყველამ კარად იცის...

ჩვენც გვითხარით, ვინ შეიძლება ჯანაშიას მართავდეს?

ყველამ შესანიშნავად იცის ის ჯგუფი, თანამებრძოლები, ის თანამოაზრეები, ვინც ბატონი ლევანის ირგვლივ დგანან.

ბატონ ლევანს მართავენ?

თუ ბატონი ლევანი ამ არჩევნებში მართლაც რეალური ფიგურაა, რაც მე ძალიან გამახარებდა, მაშინ მიიღოს გადაწყვეტილება, განმუხტოს არსებული სიტუაცია და თავისუფალი და კიდევ უფრო გამჭირვალე არჩევნები ჩავატაროთ.

თქვენ ჯგუფი ახსენეთ, ბატონი ლევანი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის, მას მართავენ?

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას, სურვილი მაქვს, რომ ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყოს. არ ვიცი მართავენ თუ არ მართავენ, მისი დამოუკიდებლობა და მისი რეალური კანდიდატობა გამოჩნდება მის პასუხში, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მერე ტურში.

თუ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, მიიჩნევთ, რომ მართვადი ფიგურაა და აბსოლუტურად სხვა ადამიანთა ჯგუფი ცდილობდა ამ არჩევნების შედეგების სხვანაირად წარმართვას?

სიტუაციით ასე გამოჩნდება, რომ ის იყო გამოყენებული, რათა ჩვენი ასოციაციის, ჩვენი ერთიანობის ტორპედირება და პარალიზება მომხდარიყო. პირდაპირ შემიძლია ეს გითხრათ, რადგან ამას ყველაფერს, რასაც ახლა ადგილი აქვს, წაგებით იმედგაცრუებული ჩვენი კოლეგების მხრიდან, სხვა სახელი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ადვოკატთა ასოციაციის პარალიზება და ასოციაციის დაშლის პირამდე მიყვენა ასურთ. სხვათა შორის, იგივე ჯგუფმა 2005 წელს, როდესაც არჩევნები წააგო, სასამართლოებში სარჩელების შეტანით წელიწადნახევარი ადვოკატთა ასოციაციის პარალიზება მოახდინა. ჩვენ კოლეგებს ეს ყველაფერი კარგად ახსოვთ. ასოციაციაში 2005 წლის მოვლენების გამეორებას არ ვაპირებთ. ადვოკატთა ასოციაცია წარმატებული, მზარდი ორგანიზაციაა და ინსტიტუციური შენება უნდა განვაგრძოთ. რამდენიმე ადვოკატის პირად სურვილებს ნამდვილად ვერ გადავაყოლებთ ჩვენს საერთო კოპროპაციულ და ერთიანობის ინტერესებს.

ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ადვოკატთა ასოციაციის პარალიზება?

ეს კომპლექსურად რთული საკითხია და არ ვიცი სიღრმისეულად რა მასშტაბზე შეიზლება იყოს ლაპარაკი. არაფერს გამოვრიცხავ, ჩემი აზრით, ადვოკატთა ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, ყველა სახელისუფლებო თუ პოლიტიკური პროცესებისაგან დისტანცირებული და ის ყოველთვის ამბობს თავისუფალ სიტყვას, მასში გაერთიანებულია თავისუფლად მოაზროვნე და თავისუფალი პროფესიის 4 500 წარმომადგენელი, 4 500 ადვოკატი. ასეთი დამოუკიდებლობა და ერთიანობა ნამდვილად შეიძლება იყოს დისკომფორტი ბევრი ჯგუფის და ბევრი გავლენის სფეროსთვის.

 თუ პირებს არ გვისახელებთ, ჯგუფები მაინც გვითხარით

ყველანაირი გავლენის სფეროზე შეიძლება გვქონდეს ეჭვი, ვისაც შეიძლება ქვეყანაში ასეთი მძლავრი დამოუკიდებელი ინსტიტუტის არსებობა არ აწყობდეს, მაგრამ მინდა გავაწბილო ყველა, ვინც არაკეთილმოსურნეა ჩვენი ერთიანობის და ადვოკატთა ასოციაციის სიძლიერის, რომ ასეთი დაშლა, ჩვენი გახლეჩა არ მოხდება და ეს ორგანიზაცია დარჩება დამოუკიდებელ და თვითმმართველ ინსტიტუტად, რომელიც საქართველოში ხარისხიანი მართლმსაჯულების დასამკვიდრებლად ბრძოლას განაგრძობს.

ვიდეო

სხვა ინტერვიუები