15 იანვარი 2018

რატომ ვერ პასუხობს ახალი გენგეგმა დედაქალაქის მოთხოვნებს

თბილისის მერიის შენიშვნები

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში არსებული ხარვეზები ცნობილია. ამ გეგმის მე-6 ეტაპთან დაკავშირებით თბილისის მთავრობამ შენიშვნათა ის ნუსხა წარმოადგინა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით შემუშავდა - ზონირება, ტრანსპორტი, ქალაქის ცენტრში გამავალი რკინიგზა, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები. მერიაში დოკუმენტის ეფექტიანობის შეფასების ნაწილსაც იწუნებენ და განმარტავენ, რომ ეს თავი მიწათსარგებლობის გენგეგმის მე-6 ნაწილში რეალობას ვერ ასახავს. მერიის შენიშვნების შესახებ „მაესტროს“ კითხვებს არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის უფროსმა დავით ასანიძემ უპასუხა.
 

თბილისი
ფოტო: Shutterstock.com

უფრო მარტივი ენით რომ აუხსნათ მაყურებელს, რა დაიწუნა მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მე-6 ეტაპზე წარმოდგენილ დოკუმენტში? საუბარია ზონირებაზე, ტრანსპორტზე, ქალაქის ცენტრში გამავალ რკინიგზაზე, რამდენადაც ცნობილია კულტურული და მემკვიდრეობის დამცავ ზონებზეც. ასევ მერიაში დოკუმენტის ეფექტიანობის შეფასების ნაწილსაც იწუნებენ. უფრო კონკრეტულად, მუხლობრივად რომ მივყვეთ, რას ნიშნავს ზონირება და რა არ არის გაწერილი ამ დოკუმენტში ისე, როგორც ეს ქალაქის მთავრობას სჭირდება?

პროცესი რომ აღვწერო, მე-6 ეტაპი არის შემაჯამებელი მასალა, რომელშიც თავმოყრილია ყველა, 5-ვე ეტაპზე გაკეთებული საქმეები და სრულყოფილადაა წარმოდგენილი. სწორად აღნიშნეთ, რომ ის შემდეგი კომპონენტებისგან შედგება და ერთ-ერთია ზონირების ნაწილი. ზონირების ნაწილს რომ ჩავუღრმავდეთ და უფრო გასაგებად აგიხსნათ, მოგეხსენებათ ქალაქი დაყოფილია ფუნქციურ ზონებად და შესაბამისად სხვადასხვა რაიონებში სხვადასხვა ფუნქციური ზონის შესაბამისად ხდება ქალაქის განვითარება, თუ როგორი იქნება სამშენებლო განვითარება, ასევე სარეკრეაციო განვითარება. ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი, რასაც მუნიციპალიტეტი მოითხოვს, ესაა ამ ფუნქციური ზონის ცვლილებების დასაბუთება. მოგეხსენებათ, რომ ახალი გენგეგმის ფარგლებში ქალაქში რიგ ადგილებს ეცვლებათ ფუნქციური ზონები, ხშირ შემთხვევაში ასეთი ადგილებია როგორც კერძო საკუთრების მიწები, ასევე სახელმწიფი საკუთრების მიწები, სადაც გენგეგმის ჯგუფი გვთავაზობს ახალ შემოთავაზებას და ადგენს სრულიად ახალ ფუნქციურ ზონირებას. სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტმა მიიჩნია საჭიროდ, რომ უფრო დეტალურად წარმოეჩინა „სითი ინსტიტუტ საქართველოს" ეს დასაბუთება, თუ კონკრეტულ ზონას რის საფუძველზე შეუცვალა ზონა და მიანიჭა ახალი ზონა. ზოგ შემთხვეევაში ეს იყო მაგალითად მაღალი ფუნქციური ზონიდან დაბალზე გადასვლა, ან პირიქით. სწორედ ეს არის ზონირებასთან დაკავშირებული საკითხი.

შემდეგი არის ტრანსპორტის ნაწილი, ამ ნაწილში პირველი ასპექტი არის გზების იერარქია. შემოთავაზებულია 3 კატეგორიის გზა, პირველადი, მეორადი და მესამეული კატეგორიის გზა, თუმცა დეტალურად არ არის ჩაშლილი როგორ უნდა მოხდეს ამ გზების კატეგორიზაცია. აქ ვგულისხმობ ამ გზების მინიმალურ პარამეტრს. ვთქვათ, ხვალ რომ მუნიციპალიტეტი დაიწყებს ამ კატეგორიების მიხედვით გზების პროექტირებას, მას უნდა ჰქონდეს მინიმალური გაბარიტული ზომები, თუ თითოეული კატეგორია რას ასახავს.

ანუ, მხოლოდ იდეის დონეზეა ეს ყველაფერი წარმოდგენილი, ფორმულირება აქვს და არ არის დაკონკრეტებული ის ნორმები და სტანდარტები, რის მიხედვითაც გზების დახარისხება უნდა მოხდეს ქალაქში?

დიახ, დასაბუთება სჭირდება. კონკრეტული კატეგორიის გზას, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით აქვს თავისი პარამეტრები, სწორედ ეს მინიმალური პარამეტრები უნდა იყოს განსაზღვრული გენგეგმაში, რასაც უნდა დაეფუძნოს უკვე შემდგომი დოკუმენტი, რომელიც არის ტრანსპორტის გენგეგმა, ეგრეთ წოდებული ტრანსპორტის "მასტერპლანი". თუმცა, სანამ ტრანსპორტის გენგეგმა, "მასტერპლანი" გაკეთდება, მანამდე ამ დოკუმენტში საბაზისოდ გაწერილი უნდა იყოს ზუსტად ის მინიმალური მოთხოვნები და დასაბუთება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს ყველაფერი. რაც შეეხება რკინიგზის საკითხს, გენგეგმის ჯგუფი მოიაზრებს სამგზავრო რკინიგზის ასევე გადატანას. ამავდროულად, ჯგუფი აფიქსირებს პოზიციას, რომ აქ შეიძლება გაყვანილი იყოს მსუბუქი ელექტრომატარებელი და ამავდროულად მის გასწვრივ მოხდეს სამშენებლო მაგისტრალების მშენებლობა, რომელიც ქალაქში მოძრაობას განტვირთავს. აქ უკვე მივდივართ კონცეპტუალურ შენიშვნასთან, გამომდინარე იქიდან, რომ თუ ვსაუბრობთ ქალაქში მანქანის როლის შემცირებაზე, წარმოუდგენელია რკინიგზის გასწვრივ ახალი სამანქანო გზების მშენებლობა. ჩვენი პოზიცია იყო, რომ რკინიგზის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქალაქის დონეზე, არამედ ეს წარმოადგენს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხს და გენგეგმის ფარგლებში ის დამატებით კვლევას საჭიროებს, რომელიც რაღაც მონაკვეთში ასევე შეიძლება გასცდეს გენგეგმის საკითხს. ჩვენ ვითხოვდით ამ საკითხის მთლიანად ღიად დატოვებას ან უფრო დეტალურ დასაბუთებას იმ შემოთავაზებისადმი, თუ რატომ შეიძლება რკინიგზის სამგზავრო მონაკვეთი გადავიდეს ქალაქის ცენტრიდან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქის ცენტრალურ სადგურზე დოკუმენტში დასაბუთებულად არ არის საუბარი, რა ბედი შეიძლება ეწიოს. მინდა აღვნიშნო, რომ ქალაქის ცენტრალური სადგური წარმოადგენს თბილისში და რეგიონის მასშტაბში ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო კვანძს, სადაც აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მომავალი რკინიგზა იყრის თავს და ასევე ორი მეტროსადგურის შეერთების ადგილია. სწორედ აქიდან გამომდინარე, ამ სადგურს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის სამომავლო განვითარების პერსპექტივისთვის. ხოლო გენგეგმის შემოთავაზებაში შემოთავაზებული იყო ახალი 2 სადგურის მშენებლობა, ეს არის ნავთლუღის სადგური და დიდუბის სადგური, სადაც მოგეხსენებათ თითო მეტროს ხაზი მიდის. შესაბამისად ეს გაზრდის მგზავრთა ნაკადის მოძრაობის დროს და სხვა დაბრკოლებებს შეუქმნის ქალაქს. ეს არის სწორედ ტრანსპორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი  საკითხები.

შემდეგ უკვე მოდის კულტურული მემკვიდრეობის არეალები. შესაბამისად, ჯგუფმა დაადგინა კულტურული მემკვიდრეობის ზონები ზონირების სახით. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრულია, რომ თითოეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის არეალი. ეს უბრალოდ კიდევ დეტალურ კვლევას საჭიროებს და დეტალურად უნდა იყოს თითოეული ძეგლისთვის ეს არეალი დადგენილი და არა ზოგადად. ეს რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას. შემდეგ უკვე მოდის და გენგეგმის ჯგუფს წარმოდგენილი აქვს ის პროექტები, მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი, რომლითაც გენგეგმის მიღების შემდეგ მუნიციპალიტეტებმა უნდა ისარგებლონ და რიგითობით განახორციელონ. მოყვანილია პროექტების ხარჯთაღრიცხვა, სადაც არ არის წარმოდგენილი განფასება, თუ რის საფუძველზე მოხდა ეს ხარჯთაღრიცხვა და ეტაპების მიხედვით თუ რა სარგებელს მოუტანს ეს ქალაქს. ეს ყველაფერი წარმოდგენილი არის დოკუმენტში, მაგრამ საჭიროებს ყველაფრის დასაბუთებას. ანუ, მუნიციპალიტეტის მთავარი შენიშვნა არის, რომ ყველაფერი დასაბუთებული იყოს, თორემ ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით თავისთავად გენგეგმის შემოთავაზებას. უბრალოდ, როცა გთავაზობენ წინადადებას, ის დასაბუთებული უნდა იყოს.

45-დღიანი ვადა აქვს ჯგუფს, რომ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომელიც მას მერიამ მისცა. თქვენ იმედი გაქვთ, რომ ამ 45 დღეში მოესწრება ის დასაბუთება მე-6 პუნქტში, რომელიც თქვენ, ამ შემთხვევაში მერიამ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფისაგან მოითხოვა?

ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილები და გვინდა, რომ დოკუმენტი რაც შეიძლება მალე სრულყოფილი სახით გვქონდეს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ. კომპანიას ბატონმა მერმა შესთავაზა თვითონ განესაზღვრათ ეს გონივრული ვადა და „სითი ინსტიტუტის“ მიერ არის 45-დღიანი ვადა დასახელებული. შესაბამისად, რადგან მათ განსაზღვრეს ეს ვადა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მოასწრებენ.

ახალგაზრდა ადვოკატები თბილისის მერიასა და „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტას ითხოვენ. მათი თქმით, გენგეგმაზე მომუშავე ორგანიზაციას საკმაოდ ბევრი ჯარიმა აქვს მიღებული შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილებიდან გამომდინარე და შესაბამისად მათ განმარტეს კანონის მოთხოვნა, რომ თუ ჯარიმების რაოდენობა პროექტის ღირებულების 4%-ს აღემატება, ხელშეკრულება უნდა შეჩერდეს. გაითვალისწინებს მერია ამ მოთხოვნას და რეალურია თუ არა ახალგაზრდა ადვოკატთა მიერ განმარტებული კანონის ეს მოთხოვნა?

იმაში დაგეთანხმებით, რომ კომპანია რამდენჯერმე დაჯარიმდა, შესაბამისად კომპანიას მიეცა შესაბამისი ვადა, რომ ჯარიმა გადაიხადოს. თუმცა ჩვენი ამოსავალი წერტილი არ არის ამ დოკუმენტის არმიღწევა და ჩაგდება. ჩვენ გვინდა, რომ ის სრულყოფილი სახით მივიღოთ. ამას უკვე შემდეგი ეტაპები გვაჩვენებს...

კიდევ ერთი დეტალი დამრჩა, რომელიც მაინტერესებს. მერიაში დოკუმენტის ეფექტიანობის შეფასების ნაწილსაც იწუნებდნენ, რადგან ის რეალობას ვერ ასახავდა. რა იგულისხმება ამ შენიშვნაში?

ამ შენიშვნაში იგულისხმება ის, რომ უნდა განსაზღვროს ქალაქისთვის რა სარგებლის მომტანი იქნება ეს დოკუმენტი და მასში გაწერილი აქტივობები. სწორედ ეს იგულისხმება ეფექტიანობაში, თუ რა შედეგს და რა ხეირს მოუტანს ეს დოკუმენტი ქალაქს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ხარვეზები ხელმისაწვდომია ინტერნეტის სივრცეში, მსურველს შეუძლია შევიდეს tas.ge-ზე და უფრო დეტალურად გაეცნოს დადგენილ შენიშვნებს.

ვიდეო

სხვა ინტერვიუები