18 იანვარი 2018

ვინ ებრძვის იმუნიზაციის პროცესს

ინტერვიუ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელთან

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის შესწავლას განაგრძობს, თუმცა ცოფის ვაქცინასთან დაკავშირებულ საკითხზე ყველა შეკითხვა მოხსნილია. როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, მას აუდიტის სამსახურთან შეხვედრა კიდევ ერთხელ ჰქონდა, სადაც კვლავაც დაადასტურეს, რომ ამ კუთხით შეკითხვები აღარ აქვს. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა.


აუდიტის სამსახურმა მორიგი განცხადება გაავრცელა, რომელშიც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კითხვები და ეჭვები ამ პროგრამასთან მიმართებაში არ აქვთ. თუმცა ფაქტია, რომ სწორედ ამ სამსახურის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია ვნებათაღელვა ბოლო ორი დღის განმავლობაში. დღეს ჯანდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ შეიძლება ეს ხელოვნურად ინსპირირებული პროცესი იყოს, თქვენ თუ განიხილავთ ამ ვერსიას?

რა თქმა უნდა, მრავალ ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის ამ ვერსიასაც, რასაც თქვენ ბრძანებთ. ზოგადად, ანტიაცრების კამპანია ხშირად არის მსოფლიოში, მათ შორის, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაშიც. ადამიანების გარკვეულ ნაწილს არ სჯერა, რომ ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ინტერვენცია, რომელიც კი კაცობრიობას როდესმე მოუგონია მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის, რომ ამ ინტერვენციამ ბოლო 200 წლის განმავლობაში მილიონობით ადამიანი იხსნა და ასე და ასე შემდეგ. არის ასეთი ადამიანების ჯგუფი. თუმცა უმცირესობაში არიან ისინი, რომლებიც სპეციალურად ავრცელებენ ასეთ ცნობებს. ამიტომ აქ მრავალი ვერსია შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ მე ამ ვერსიების განხილვას არ დავიწყებ. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ და მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ ის, რაც გამოქვეყნებული იყო გუშინ პრესაში, სწორედ ამ სათაურით, ყველაზე დიდი ეჭვი ჩემში ამიტომ არსებობს, რომ სწორედ ამ სათაურით გამოქვეყნდა. იქ რომ ყოფილიყო ცოფზე ლაპარაკი, რომელიც ვთქვათ, გარკვეული დისკუსიის საგანი გახლდათ და სწორედ ორი დღის წინ ჩვენები აუდიტის სამსახურში ამაზე იყვნენ, იყო დიდი განხილვა და აუდიტის სამსახური ყველა ჩვენ არგუმენტს დაეთანხმა. ყველაზე დიდი არგუმენტი გახლავთ ის, რასაც ჩვენ, ქვეყანამ, ერთობლივად მივაღწიეთ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანებში ცოფი არ ყოფილა. ეს არის პირველად, მოყოლებული 1990 წლიდან და ამ უზარმაზარ მიღწევას უცებ წყალი გადაასხეს. ეს ძალიან ცუდია საზოგადოებისთვის, როცა საზოგადოებაში შემდეგ იბადება ეჭვი. მე მოვუწოდებ საზოგადოებას და მივმართავ, არავითარი ეჭვის საფუძველი არ არის. იმუნიზაციის პროგრამა გახლავთ პრიორიტეტული პროგრამა ქვეყანაში. ერთ-ერთი უზარმაზარი მიღწევაა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთხელ არ დაფიქსირებულა ქვეყანაში ვაქცინების წყვეტა, რომ ჩვენი მოსახლეობა მომარაგებულია ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინებით. განსაკუთრებით, გეგმიური ვაქცინები, რაც ქვეყანაში კეთდება და გამოიყენება, ყველა არის უმაღლესი ხარისხის ვაქცინა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინებია. ამიტომ ამ არასწორმა ინფორმაციამ ძალიან მინდა, რომ არავითარი ნიჰილიზმი არ დათესოს. ჩვენ ამაზე კიდევ ბევრს ვიმუშავებთ. სამწუხაროდ, ამ ტიპის გამოხტომების გამოცდილება ქვეყანას აქვს. 2008 წელს იყო ერთ-ერთი სიუჟეტი, რომელსაც არ დავასახელებ და რომელმაც ქვეყანაში წითელას საწინააღმდეგო დიდი კამპანია ჩააგდო. მაშინ უნდა აცრილიყო 1 მილიონი მოსახლე, წითელას ელიმინაციისკენ მიდიოდა ქვეყანა და ამ სიუჟეტის შემდეგ მხოლოდ 400 000 აიცრა. ამან 2013 წელს მოგვცა წითელას ეპიდაფეთქება, როდესაც 15 000-მდე ადამიანი დაავადდა წითელათი.

ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ამ შემთხვევაში ეს ანტიკამპანია?

ბევრი ინტერესი იკვეთება და აქ ამაზე საუბარი არ მინდა. ბიზნესის ინტერესი, პოლიტიკური ინტერესი, სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები და ასე შემდეგ, არ ჩავუღრმავდები. მე მხოლოდ მინდა მოსახლეობას მივმართო თქვენი საშუალებით, რომ ვაქცინაცია ჩვენი შვილების, ჩვენი ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო დაცვის საშუალებაა. დღეს საქართველოს ვაქცინაციის კალენდარი არის კალენდარი, რომელიც სრულ შესაბამისობაში და ჰარმონიზაციაშია ევროკავშირის კალენდართან. ჩვენ 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში 5 ახალი ვაქცინა დავნერგეთ. როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით შევამცირეთ როტავირუსული ინფექციები ქვეყანაში; პნევმოკოკური ინფექციების საწინააღმდეგოთი თანდათანობით მცირდება პნევმოკოკური ინფექციები ქვეყანაში; ახლა ინერგება ჰექსავალენტური ვაქცინა, რომელიც გარკვეულწილად ფუფუნებაა, მათ შორის განვითარებული ქვეყნებისთვისაც და ნაკლები ჩხლეტა უწევთ ჩვენს ბავშვებს; ახლა ინერგება და 4 დიდ რეგიონსა და ქალაქში უკვე მიმდინარეობს საშვილოსნოს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგა. ამ ტიპის გადაცემები მხოლოდ და მხოლოდ ხელ უწყობს იმ არაკეთილმოსურნე ადამიანების ამბიციურ ინტერესებს, რომ ეს პროცესი ჩავარდეს.

თუმცა ინფორმაციის გამავრცელებელი აუდიტის სამსახური იყო ამ შემთხვევაში და არა მედია. თქვენ სიუჟეტებს ახსენებთ...

მე ამას მთელ აუდიტის სამსახურზე ვერ გავავრცელებ. ეტყობა, აუდიტის სამსახურში არიან ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ამ ტიპის ინფორმაციით, იმიტომ რომ, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებთან დღეს იყო შეხვედრა, მათ შორის იმ ადამიანთან, ვისთანაც ჩვენს ჯგუფს ორშაბათს ჰქონდა შეხვედრა, მაშინ ისინი დარწმუნდნენ ჩვენს სიმართლეში და იყო შეპირება, რომ ყველანაირი კითხვა მოიხსნებოდა, მაგრამ შემდგომ რატომღაც ვებგვერდზე ჩნდება ეს კითხვა. არ ვიცი, ეს უკვე აუდიტის სამსახურის შიდა მოკვლევის საგანს წარმოადგენს, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობა ამას ხელს არ უწყობდა.

თქვენი საუბრიდან მინდა დავაზუსტო, მიგაჩნიათ, რომ არის ჯგუფი აუდიტის სამსახურში, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო დაინტერესებული ამ სკანდალის აგორებით?

ყოველ შემთხვევაში, ამაზე მე საკმაოდ სერიოზული ეჭვი მაქვს, როგორც აუდიტის სამსახურში, ისე მის გარეთ, ისე სხვადასხვა ჯგუფებში არის სურვილი, როგორმე მოხდეს დისკრედიტაცია ქვეყანაში იმ სიკეთეებისა, რასაც ქვეყანა დღეს აკეთებს. მოგეხსენებათ, რომ ჯანმრთელობის სფერო ბოლო 5 წლის განმავლობაში გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სფერო, სადაც სერიოზული მიღწევებია: საყოველთაო ჯანდაცვა, ხელმისაწვდომობის გაზრდა მოსახლეობაში, ცე ჰეპატიტის პროგრამა, იმუნიზაციის გაფართოება და ქვეყნისთვის იმუნიზაციის ახალი და ერთ-ერთი საუკეთესო კალენდრის დანერგვა ქვეყანაში. კიდევ მრავალი სხვა. არ თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ამ ნაბიჯების, ამ სიკეთეების დისკრედიტაცია. მათ მოვუწოდებ, ბატონებო, თქვენ შეგიძლიათ გვაკრიტიკოთ ძალიან ბევრ საკითხში, მაგრამ ნუ შეეხებით ისეთ მგრძნობიარე საკითხებს, რომელიც ჩვენი ბავშვების, ჩვენი მომავლის ჯანმრთელობას შეეხება, იმიტომ რომ, ამ გამოხტომების შემდეგ, ამ ტიპის ინტერპრეტაციების შემდეგ ქვეყანაში შემცირდება იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებელი და ეს წინაპირობა იქნება სხვადასხვა ინფექციების გაზრდის. დღეს უკვე „ფეისბუკზე“ და სხვადასხვა სოციალურ მედიაში ტრიალებს, რომ დაკბენის შემდეგ მე აღარ მივიყვან ასაცრელად ოჯახის წევს. წარმოგიდგენიათ, დაკბენის შემდეგ ადამიანი არ მიიყვანო ცოფის აცრაზე და იქ ცოფი განვითარდეს?! ცოფი ხომ, ჯერჯერობით რჩება ერთადერთ ინფექციად, რომელიც 100%-იან სიკვდილს იწვევს ადამიანში და ერთადერთი დაცვა ცოფის განვითარებისგან არის პოსტექსპოზიციური ვაქცინაცია. წარმოიდგინეთ, რომ დაკბენის შემდეგ არ მიიყვანონ ბავშვი, მოზრდილი ცოფის საწინააღმდეგო აცრაზე ასეთი ტიპის სიუჟეტების შემდეგ?! მიმაჩნია, რომ ეს დანაშაულია ქვეყნის წინაშე.

ერთ დეტალსაც დავაზუსტებ. საუბარი იყო იმ ვადაზე, რა ვადაც გამოიყენა ქვეყანამ იმისთვის, რომ ეს ვაქცინა ამოეღო მოხმარებიდან. ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რა საფრთხის წინაშე შეიძლება დამდგარიყო ქვეყანა, თუკი  ვაქცინას მისი ამოღების რეკომენდაციის მიღებისთანავე მაშინვე ხისტად ამოიღებდა და რომ ეს ვაქცინა მოხმარებაში დარჩა იმიტომ, რომ პრევენცია მომხდარიყო იმ შემთხვევებისა, როდესაც შეიძლებოდა ადამიანი ცოფისგან გარდაცვლილიყო. თვენახევარი რამდენად გონივრული ვადა იყო, უფრო მოკლე დროში ხომ არ შეიძლებოდა მოხერხებულიყო ჩანაცვლება? 

ზოგადად, მსოფლიოს ბაზარზე ცოფის ვაქცინის დეფიციტია, ძალიან რთულია ეს, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიცირებული მხოლოდ 2 ვაქცინაა მსოფლიო ბაზარზე. ამის მოძიება ძალიან რთულია და რასაც გეუბნებით, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში არც ერთი ვაქცინის, მათ შორის არც ცოფის ვაქცინის, წყვეტა არ ყოფილა, ამას უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება. ვიტყოდი, რომ ეს იყო მინიმალურზე მინიმალური დრო, როცა ქვეყანამ ახალი ვაქცინა მოიძია და სრული დარწმუნებით გეტყვით, რომ იმ ვაქცინას მოეხსნა მხოლოდ პრეკვალიფიკაცია, არ ყოფილა იმპერატიულად, რომ დღესვე ამოიღეთ ეს ვაქცინა ხმარებიდან. 

განგვიმარტეთ პრეკვალიფიკაციის არსი, რომ უფრო კარგად გაიგოს მაყურებელმა?

პრეკვალიფიკაციის არსს გეტყვით. ხარისხის შეფასების რამოდენიმე დონე არსებობს, მედიკამენტი იქნება, ვაქცინა თუ რომელიმე ფარმაცევტული პროდუქტი. მთავარი გახლავთ ეგრეთ  წოდებული ეროვნული რეგისტრაციის სისტემა, რომელიც საქართველოში დაინერგა მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით და საკმაოდ გამართული ეროვნული რეგისტრაციის სისტემა დაინერგა ქვეყანაში. ანუ, ნებისმიერი ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც ქვეყანაში იყიდება, ეროვნული რეგისტრაციის გავლის შემდეგ უნდა იყოს რეგისტრირებული ქვეყანაში. ამის შემდგომ ზემოთ არსებობს ეგრეთ წოდებული ევროკავშირის რეგისტრაციის მექანიზმი. მოგეხსენებათ ევროკავშირის 28 ქვეყანას ხშირად აქვთ ურთიერთცნობის მექანიზმი ეროვნული რეგისტრაციებისა და არსებობს ასევე ერთ-ერთი მაღალი დონის მექანიზმი, ესაა ამერიკის წამლისა და საკვების რეგისტრაციის მექანიზმი. ამავე დროს არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, რომელიც ჯანდაცვის დარგში გლობალური, მაკოორდინირებელი ორგანიზაცია, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ 1992 წლიდან. არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული მედიკამენტები, უფრო მეტად ვაქცინებზე კეთდება. ანუ, ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა გარანტიას ეროვნული რეგისტრაციის შემდეგ  ამ პროდუქტის ხარისხისა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თამასა ხარისხის შეფასებისას.

თუმცა პრეკვალიფიკაციის მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ  უვარგისია მოხმარებისთვის, ან საფრთხის შემცვლელია?

არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ის საფრთხის შემცვლელია. პირდაპირ გეტყვით, რომ პრეკვალიფიკაცია მოეხსნა ამ ვაქცინას არა იმის გამო, რომ თვითონ ვაქცინაში აღმოჩნდა რაღაც საშიში ნივთიერებები, არამედ იმ ქარხანაში, სადაც ეს ვაქცინა მზადდებოდა, ნახეს, ასე ვთქვათ, რამდენიმე დაბინძურებული გარემო. ამ შემთხვევაში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი იყო ნორმაზე მეტი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს რომ ყოფილიყო იმპერატიული მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ჩვენ რაღაც სხვა რადიკალური გზა უნდა აგვერჩია, მაგრამ უბრალოდ ვერ აარჩევდი, იმიტომ რომ, ვაქცინის სხვა მარაგი ქვეყანაში არ არის და საეჭვო ცხოველისგან დაკბენილი ადამიანზე ვაქცინის არ გაკეთებას, სჯობს გააკეთო. საეჭვო ცხოველისგან დაკბენილ ადამიანში ცოფის განვითარების რისკი ძალიან მაღალია და თუ ცოფი განვითარდა, სიკვდილის რისკი 100%-ია. ხოლო თუ შენ მას ვთქვათ, არაპრეკვალიფიცირებულ ვაქცინას უკეთებ, დამცველობის ეფექტი გაქვს ძალიან მაღალი და გარანტია გაქვს, რომ ადამიანს ცოფი არ განუვითარდება. ეს საკითხი რომ დაგისვათ ექიმმა, თქვენ რომელს აირჩევდით?! რა თქმა უნდა, ვაქცინას გაიკეთებდით.

ვიდეო

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები