31 იანვარი 2018

რა ინფექციების გავრცელების საფრთხეა საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას გასცემს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ამშვიდებს და აცხადებს, რომ ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო საქართველოში, თურქეთსა და რუსეთში არსებობს, თუმცა ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არის. მანამდე რუსულ მედიაში დაიწერა, რომ ვირუსის გადამტანი მწერი ართვინის რაიონში დაფიქსირდა. თუმცა პრობლემებია წითელას ვირუსთან დაკავშირებით, მარტო იანვარში 110-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, განსაკუთრებით გაზრდილია შემთხვევები აჭარაში და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ვირუსისაგან თავის დაცვა მხოლოდ და მხოლოდ აცრითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, დღეს საჯარო გახდა კიდევ ერთი ინფორმაცია, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას შეეხება. აღმოჩნდა, რომ ამ პროგრამაში ჩართული ადამიანების 98% ფაქტობრივად განიკურნა. ამ თემებზე „მაესტროს“ კითხვებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პასუხობს.
 

ფოტო: shutterstock.com 

C ჰეპატიტის პროგრამით დავიწყოთ. ძალიან საინტერესო მონაცემები წარმოადგინა თქვენმა ცენტრმა. საქართველო ერთ-ერთი რისკ ქვეყანაა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ძალიან ეფექტიანად მუშაობს სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც თითქმის 45 000 ადამიანია ჩართული. ამ მიმართულებით რა მონაცემებს ფლობს თქვენი ცენტრი?

მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ერთ-ერთი სამოდელო პროგრამა მთელი მსოფლიოსთვის. საქართველო ამ მხრივ, მართლაც, წარმოადგენს საჩვენებელ ქვეყანას და ეს აღიარება მოხდა კიდეც გასული წლის ნოემბერში ჰეპატიტის მსოფლიო სამიტზე, სადაც საქართველო მთლიანად იქნა გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ თუ საშუალო მაჩვენებელი მკურნალობისა მთელ მსოფლიოში 7%-დან 8%-მდე მერყეობს, ჩვენთან უკვე სამიზნე მაჩვენებლით დაახლოებით 30%-ზე ვართ ასული. მოგეხსენებათ, ბოლო 5 წლის მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარღვევა გახლავთ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ახალი გენერაციის შექმნა, რომელიც პრაქტიკულად სრულად კურნავს ამ ავადმყოფობისგან პაციენტებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა მსოფლიო მედიცინისა ბოლო 5 წლის განმავლობაში, რამეთუ ეს ადამიანები, რომლებსაც რამდენიმე წლის განმავლობაში შეიძლება უმძიმესი დაავადებები განვითარებოდათ, როგორიცაა ღვიძლის კიბო, ციროზი და სხვა, დღეს ისინი თუ დროულად იქნებიან გამოვლენილნი, მკურნალობის საშუალება არის და ეს ადამიანები იკურნებიან. ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ ძალიან კარგ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ, სრულად უფასო მკურნალობის საშუალება გვაქვს ყველაზე მაღალი ხარისხის C ჰეპატიტის ანტივირუსული პრეპარატებით, რომლითაც ეს ადამიანები იკურნებიან. სწორედ ის მაჩვენებელი, რაც გვაქვს, რომ 2015 წლის მაისიდან, როცა ეს პროგრამა დაიწყო დღემდე დაახლოებით 45 000 ადამიანი ჩაერთო ამ მკურნალობაში, უმრავლესობამ, დაახლოებით 35 000-მა დაამთავრა და განკურნების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი. განსაკუთრებით მეორე გენერაციის პრეპარატზე ჩვენ გვაქვს 98,2% განკურნების მაჩვენებელი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს ადამიანები მორჩნენ. შეიძლება ასე ითქვას, რომ სრულად განიკურნენ ამ ვირუსისგან.

ქვეყნის დღევანდელი მთავარი გამოწვევაა, და თქვენი ეთერით ვსარგებლობ და მოსახლეობას მივმართავ,  ჩვენ კვლევებით, რომელიც 2015 წელს ჩავატარეთ, ვიცით, რომ ქვეყანაში გვყავს 150 000 ადამიანი, მოზრდილი, რომელიც ინფიცირებულია ამ ვირუსით და რომელიც საჭიროებს მკურნალობას. ამიტომ  დღეს ჩვენი პროგრამა უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გადასულ ვართ ეგრეთ წოდებულ აქტიურ გამოვლენაზე. დღეს სკრინინგის ბაზაში გვყავს დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი, აქიდან ზოგს 2-ჯერ აქვს ჩატარებული, მაგრამ უნიკალური, რომელმაც ერთხელ მაინც ჩაიტარა სკრინინგი, ასეთი გახლავთ დაახლოებით  900 000 ადამიანი. აქიდან 10-12% არის პოზიტიური მაჩვენებელი, ანუ დადებითი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სამკურნალო არიან, იმიტომ რომ, შეიძლება სწრაფი ტესტი გვქონდეს დადებითი, მაგრამ შემდეგ საჭიროა გაღრმავებული კვლევა. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ 2020 წლისთვის მთელი მოსახლეობისგან იყოს ინფორმაცია. ჩვენი სლოგანი, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცოდეთ ჩვენი სტატუსი C  ჰეპატიტთან მიმართებაში, რომ ეს აღარ არის სტიგმა, C ჰეპატიტი განკურნებადია და საქართველოში ამის ყველა საშუალება არსებობს. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, განსაკუთრებით მოვუწოდებ მოზრდილ მოსახლეობას, ასევე ჩვენი კვლევით ყველაზე უფრო დიდ ფოკუს ჯგუფს, ეს გახლავთ მამაკაცები 30-დან 60 წლის ასაკში, სადაც ინფექციის 50% არის კონცენტრირებული. მიბრძანდნენ სკრინინგ ცენტრებში, ასეთი დაახლოებით 600-მდე პუნქტი გაქვს დღეს ქვეყანაში, სადაც შეიძლება უფასოდ ჩაიტარონ სწრაფი ტესტით ტესტირება...

ყველა დიდ ქალაქშია შესაძლებელი, რეგიონებშიც რამდენადაა ხელმისაწვდომი?

ყველა დიდ ქალაქში, ყველა რეგიონში ეს შესაძლებელია. ამას, ტესტებით მომარაგებას და სწრაფ ტესტირებას უზრუნველყოფს სახელმწიფო და ეს ადამიანებისთვის უფასოა. შეიძლება სწრაფი ტესტით პასუხი იყოს დადებითი, მაგრამ ორგანიზმში გაქვს თუ არა აქტიური ვირუსი, ეს კონფირმაციული კვლევით ირკვევა და დეკემბრიდან პირველი კონფირმაციული კვლევაც უკვე გახდა უფასო და სახელმწიფოს ხარჯზე სრულად ხელმისაწვდომია. ხოლო მკურნალობა, როგორც გითხარით, სრულად უფასოა. ამიტომ ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობებით, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია და მოსახლეობას ვთხოვ, ხაზს ვუსვამ, განსაკუთრებით მამაკაცებს ვთხოვ 30-დან 60 წლის ასაკამდე, რომ მიმართონ კვლევებს. C ჰეპატიტი გახლავთ ეგრეთ წოდებული „ჩუმი მკვლელი“, ჩვენ, ექიმები ასევ ვეძახით. ის შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რამდენიმე წელიწადი და არ აწუხებდეს და შემდეგ გამოვლინდეს ძალიან ცუდი გართულებით.

რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა, თუ ნებისმიერისთვის შეიძლება იყოს ეს რეკომენდაცია?

ნებისმიერი. ამ შემთხვევაში ჩვენ გადასული ვართ ეგრეთ წოდებულ აქტიურ გამოვლენაზე. ანუ, ყველა ადამიანს მოვუწოდებ. დღეს C ჰეპატიტის ტესტირება მანდატურულია ყველა დონორისთვის, ყველა ორსული ქალბატონისთვის, ასევე მანდატურულია ყველა ჰოსპიტალში მოთავსებული ადამიანისთვის, მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, მიმართონ ამბულატორიებს და ჩაიტარონ ეს კვლევა. ხაზს ვუსვამ, ეს არის ეგრეთ წოდებული აქტიური სკრინინგი, რამეთუ ჩვენ გვსურს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ინფიცირებულია, გამოვავლინოთ, მოვახდინოთ იდენტიფიცირება და მივმართოთ სამკურნალოდ. ამის შესაბამისი რესურსი, სამკურნალო საშუალებები ქვეყანაში არის და როგორც გითხარით, განკურნების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ამიტომ საქართველოს მოსახლეობას აქვს უნიკალური შანსი, რომ სრულად გავუკეთოთ ელიმინაცია C ჰეპატიტს ქვეყანაში.

იმედია, თქვენს მოწოდებას ყველა ჩვენი მაყურებელი გაითვალისწინებს. კიდევ ერთი ინფორმაციის შესახებ, აჭარაში წითელას ვირუსის 81 შემთხვევაა დაფიქსირებული ბოლო მონაცემებით. ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით ბოლო პერიოდში რამდენადაა ეს ვირუსი გავრცელებული, რამდენად სახიფათოა და რას ურჩევდით მშობლებს, განსაკუთრებით პატარებისთვის?

გავრცელების საშიშროება, პირდაპირ გეტყვით, რომ არის, რამეთუ 2017 წელს მთელი ევროპის რეგიონში, გარდა ორისა, ეს ვირუსი ცირკულირებს. შარშან 15 000-მდე შემთხვევა იყო მთლიანად ევროპაში. სამწუხაროდ, 36 სავალალო, ლეტალური გამოსავლით. ჩვენთან მატება დაიწყო გასული წლის შემოდგომიდან. წელს უკვე, იანვარში დღევანდელი მონაცემით გვაქვს წითელას 116 შემთხვევა. ის, ჯერჯერობით, კონცენტრირებულია ძირითადად აჭარის რეგიონში.  82%-ია აჭარაში, სადაც მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები, რომ ფართომასშტაბიანი ეპიდემია ავიცილოთ თავიდან, მაგრამ წითელა საკმაოდ ვერაგი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ტოვებს სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა ფილტვების ანთება, ენცეფალიტი, შუა ყურის ანთება და ბევრი სხვა. ჩვენ გუშინ პრესკონფერენციაც გვქონდა. დღეს გვაქვს ასეთ სურათი, ამ 116 შემთხვევიდან ყველაზე მეტი მაჩვენებელი გაქვს 0-დან 1-წლამდე ასაკის ბავშვებში, შემდეგ მოდის 15 წელს ზემოთ მოზრდილი მოსახლეობა. აქ საქმე გვაქვს, რომ 0-დან 1-წლამდე ბავშვების დედების ასაკი გახლავთ დაახლოებით 18-დან 30-წლამდე ასაკის და ისინი არ იყვნენ აცრილნი, ან არ ჰქონდათ გადატანილი წითელა. მოგეხსენებათ, წითელას აცრა ორჯერადია, რომელიც ჩვენს კალენდარში შედის, არის 1 წლის და 5 წლის ასაკში და იძლევა ძალიან მყარ იმუნიტეტს. ანუ, დიდი ალბათობით, თქვენ წითელა არ დაგემართებათ, ან თუ წითელას გადაიტანთ, რჩება მყარი იმუნიტეტი. ანუ, დიდი ალბათობით, ხელმეორედ აღარ დაგემართებათ. ამიტომ დღეს ჩვენი მოწოდებაა და გთხოვთ ხშირად გაჟღერდეს: პირველი - ყველა მშობელმა გადაამოწმოს თავისი ბავშვის აცრის სტატუსი. აცრილია თუ არა ბავშვი 2-ჯერ, 12 თვის და 5 წლის ასაკში წითელაზე. თუ არ არის აცრილი და გამოტოვებულია აცრა, მიბრძანდეს, მიიყვანოს ბავშვი პოლიკლინიკაში და აცრას; მეორე - ყველას ვთხოვ, ყველა ბაღის აღმზრდელს და ხელმძღვანელს, ასევე სკოლის მასწავლებლებსა და ექიმებს, გადაამოწმონ ბავშვების აცრის სტატუსი, თუ გამოტოვებულია აცრები, ბავშვები აუცილებლად აიცრას; ასევე ყველას, წითელათი დაავადებულ ადამიანთან კონტაქტირებულ ადამიანს, რადგან წითელა ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე და თუ ოჯახში გაჩნდა წითელა, აუცილებელია, რომ კონტაქტირებულები, თუ აცრილები არ იყვნენ, აუცილებლად აიცრან. ან თუ არ იციან თავიანთი აცრის სტატუსი, არაფერი პრობლემა არ არის წითელას აცრის ერთი ინექცია გაიკეთონ. იგივე, ძალიან დაბალი გვაქვს იმუნიტეტი მოზრდილ მოსახლეობაში, განსაკუთრებით 20-დან 40-წლამდე. ახლა ჩვენ ვაფინანსებთ არა მარტო რეგულარულ აცრებს, ეგრეთ წოდებულ კალენდრით გათვალისწინებულ აცრებს, არამედ დამატებით აცრებს 40-წლამდე მოსახლეობის. ამიტომ, ვინც არ იცის წითელაზე აცრილია თუ არა, ან გადატანილი აქვს თუ არა წითელა, მოზრდილი მოსახლეობა მყავს მხედველობაში, მიბრძანდნენ პოლიკლინიკაში და აიცრან. წითელას შეკავებისა და პრევენციის ერთადერთი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია და აცრები. ვაქცინის მარაგი ქვეყანაში საკმაოა და გთხოვთ ყველას, მიბრძანდეთ და აიცრათ წითელას საწინააღმდეგოდ.

ვიდეო  

სხვა ინტერვიუები