12 თებერვალი 2018

როგორ აპირებს პოლიციის ახალი უწყება მოქალაქეების უფლებების დაცვას

ინტერვიუ შსს-ს დეპარტამენტის ხელმძღვანელთან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ დეპარტამენტს ლონდა თოლორაია უხელმძღვანელებს. ლონდა თოლორაია წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, მუშაობდა ანალიტიკური სამმართველოს უფროსის პოზიციაზე, კოორდინაციას უწევდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი დაინერგა, გადამზადდნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პროკურორები და გამომძიებლები. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციზე კი მაკა ფერაძე იმუშავებს, რომელიც 2017 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. ახალი დეპარტამენტის საქმიანობაზე „მაესტროს“ კითხვებს ლონდა თოლორაიამ უპასუხა.
 

ფოტო: შსს

ეს სრულიად  ახალი დეპარტამენტია, რომლის შექმნის თაობაზეც ჩვენ ცოტა ხნის წინ გავიგეთ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია 19 იანვარს გაავრცელა. რა მიმართულებით იმუშავებს დეპარტამენტი, რომელსაც თქვენ უხელმძღვანელებთ?

აღნიშნული დეპარტამენტის შექმნის მიზანი გახლავთ ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების, ასევე ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა და ასევე ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც შეეხება აღნიშნულ დანაშაულებზე დროულ რეაგირებას. ამ მიზნების  მისაღწევად დეპარტამენტს გაწერილი აქვს მთელი რიგი ფუნქციები. ჩვენ მუდმივ რეჟიმში განვახორციელებთ იმ სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს, რომლებიც სწორედ აღნიშნულ ფაქტებს გამოიძიებს. ჩვენ ასევე შევიმუშავებთ რეკომენდაციებს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე მივმართავთ პოლიციის აკადემიას იმისათვის, რომ მოხდეს იმ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება, რომლებიც აღნიშნული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს იძიებენ. მოგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ამ დანაშაულთან მიმართებით გროვდება იყოს უფრო სრულყოფილი, რათა ჩვენი ანალიზები შემდეგ დავაფუძნოთ ამ მონაცემებზე და ღონისძიებები, რომელსაც სამმართველო ამ მიმართულებით დაგეგმავს იყოს უფრო ეფექტიანი. აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ სახალხო დამცველთან ამ მიმართულებებთან დაკავშირებით, ასევე ძალიან აქტიური იქნება ჩვენი თანამშრომლობა ყველა იმ სახელმწიფო ორგანოსთან, ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით იმუშავებენ. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ დეპარტამენტი დაკავებული იქნება არა მხოლოდ უკვე მომხდარ დანაშაულზე რეაგირებით, არამედ დაკავებული იქნება ასევე პრევენციული ღონისძიებების დაგეგმით იმ დანაშაულებებთან მიმართებით, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ.

მონიტორინგის შედეგად თუ გამოავლენთ რაიმე ხარვეზს, ამის შემდეგ თქვენს დეპარტამენტს რა ბერკეტი და ფუნქცია აქვს? რა ხდება კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში, რომელთა დაკავშირებითაც თქვენს დეპარტამენტს გაუჩნდება შეკითხვები?

დეპარტამენტს ექნება უფლებამოსილება შესაბამისი წინადადებით მიმართოს შინაგან საქმეთა მინისტრს, როგორც წახალისების, ასევე დისციპლინური სახდელის გამოყენების მოთხოვნით. თუკი დეპარტამენტი მონიტორინგის განხორციელების პროცესში აღმოაჩენს, რომ გამომძიებელმა ჩაიდინა დისციპლინური დარღვევა, ან სხვაგვარად დაარღვია პროცესის რომელიმე მონაწილის ინტერესი, ასეთ შემთხვევაში დეპარტამენტი მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს ამ გამომძიებლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ მხოლოდ დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე არ ვიქნებით ორიენტირებული. თუ დავინახავთ, რომ მონიტორინგის პროცესში გამომძიებლები კეთილსინდისიერად ახორციელებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს, რა თქმა უნდა, დეპარტამენტს აქვს უფლებამოსილება მინისტრს მიმართოს წარდგინებით, წინადადებით, რომ კონკრეტული გამომძიებლის მიმართ გამოიყენოს წახალისების რომელიმე ზომა.

თქვენ რამდენიმე მიმართულება ჩამოთვალეთ, რაც იქნება თქვენი დეპარტამენტისთვის პრიორიტეტული, თუმცა შეიძლება ალბათ გამოვყოთ ოჯახში ძალადობის მიმართულება, ვინაიდან საკმაოდ აქტუალურია და ამ მიმართულებით, თუ არ ვცდები, სტატისტიკაც აჩვენებს, რომ ქვეყანაში სახარბიელო სურათი არ გვაქვს. თქვენ ბრძანეთ, რომ პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა ასევე იქნება დეპარტამენტის დღის წესრიგში და თუ გაქვთ ამ მიმართულებით რაიმე გეგმა, თუ ფიქრობთ, რომ განსაკუთრებული აქცენტის სწორედ ოჯახური ძალადობის საკითხზე გაკეთდეს?

პირველ რიგში, სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით განვმარტავ. კი ბატონო, გეთანხმებით, რომ ბოლო პერიოდში მომატებულია ოჯახურ დანაშაულებთან მიმართებით როგორც გამოძების დაწყების, ასევე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი, თუმცა ეს განპირობებული არა იმით, რომ ზოგადად ამ დანაშაულმა მოიმატა, არამედ გაიზარდა ცნობიერება საზოგადოებაში და ამ პრობლემის მოწესრიგება რჩება უკვე არა ოჯახში, არამედ ამ პრობლემის მოწესრიგებამ გადმოინაცვლა სამართალდამცავი ორგანების კედლებში. შესაბამისად, ალბათ, ნორმალურია აღნიშნული დანაშაულის გაზრდა. თუმცა ჩვენი მიზანი არ არის ის, რომ გავზარდოთ მომართვიანობის მაჩვენებელი. რა თქმა უნდა ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია იქნება ყველა იმ დანაშაულზე ეფექტიანი რეაგირება, რომელიც ჩვენამდე მოაღწევს და რომლებზეც გამოძიება იქნება დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა პრევენციის მიმართულებით ძალიან აქტიურ კამპანიას გეგმავთ. ჩვენ გვინდა, რომ კოორდინაცია გაიზარდოს უწყებებს შორის ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ძალიან აქტიური იქნება ჩვენი თანამშრომლობა ყველა იმ უწყებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლებიც ოჯახური დანაშაულის მიმართულებით მუშაობს და შევიმუშავებთ პრევენციის ერთიან სტრატეგიასა და გეგმას ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პრევენციის კუთხით განვავითაროთ სერვისები არა მხოლოდ დაზარალებული პირებისათვის, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სერვისების განვითარება მოძალადეებისათვის, რა მიმართულებითაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ. 

ცნობილია ასევე, რომ თქვენს დეპარტამენტში იმუშავებს მაკა ფერაძე. სრულად თუ არის დეპარტამენტი დაკომპლექტებული, ან როდისთვის დასრულდება ეს პროცესი და შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ კონკრეტულად რამდენ თანამშრომელს გააერთიანებს თქვენი უწყება?

დეპარტამენტის დაკომპლექტება მიმდინარეობს ახლა. ამჟამად დეპარტამენტს ჰყავს მხოლოდ უფროსი და მოადგილე. გამოცხადებულია კონკურსი. ჩვენ გვეყოლება 10 თანამშრომელი. სწორედ ამ 10 ვაკანსიაზეა გამოცხადებული კონკურსი, რომლის პირველი ეტაპი პრინციპში დასრულებულია. მე ძალიან მიხარია, რომ ამ სამსახურის მიმართ ინტერესი იყო ძალიან დიდი და 200-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა ვაკანტურ თანამდებობებზე დაკავების მოთხოვნით. განცხადებების შემოტანის ეტაპი უკვე დასრულებულია, ამ კვირაში ჩვენ ვიწყებთ მეორე ეტაპს. მოხდება გასაუბრება იმ პირებთან, ვინც გამოხატეს ამ დეპარტამენტში მუშაობს სურვილი და ვფიქრობ, სადღაც თებერვლის ბოლოს დეპარტამენტი იქნება სრულად დაკომპლექტებული, ფუნქციები გადანაწილებული და შევუდგებით ძალიან აქტიურ მუშაობას იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც უკვე ჩამოვთვალე.

ვიდეო  

სხვა ინტერვიუები