22 თებერვალი 2018

რა შეიცვლება ახალი საგადასახადო ინიციატივით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

ფინანსთა მინისტრმა დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. მინისტრის ამბობს, რომ ინიციატივების მიზანი ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორის წილის გაზრდაა. ცვლილებები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადის ხუთჯერ 1%-მდე შემცირებას გულისხმობს. ასევე უქმდება გრძელვადიანი კონტრაქტის დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ) დაბეგვრის ნორმები, ავტოდილერებს რეექსპორტისას აქციზის სრულად უკან დაუბრუნდებათ. მოგების გადასახადის ახალ მოდელზე გადასვლა კი საფინანსო სექტორისთვის 2023 წლამდე გადავადდება. ეს ცვლილებების სრული ჩამონათვალი არ არის. კონკრეტულად რა ეფექტს ელის მთავრობა დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, ამის შესახებ „მაესტროს“ ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ესაუბრა.
 

თბილისი
ფოტო: shutterstock.com

საუბარს დავიწყებ სწორედ ფინანსური სექტორისთვის რეინვესტირებული მოგების რეგულაციის ამოქმედების 2023 წლამდე გადავადებით. სადაზღვევო სექტორს აქვს შენიშვნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ საბანკო სექტორთან ერთად არ იქნებოდა განხილული მათი საკითხი. თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

ჩენ გავაკეთეთ ძალიან დეტალური ანალიზი, გვქონდა კონსულტაციები როგორც საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ჩვენი შეფასებაა, რომ საბანკო სექტორს საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ეს სექტორი განვითარდეს და კიდევ უფრო მეტი სერვისი შესთავაზოს მომხმარებელს ამ საგადასახადო ინიციატივის გარეშეც 2022 წლის ჩათვლით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ვახორციელებთ კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით და ვფიქრობთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი შეძლებს თავისი შესაძლებლობის წარმოჩენას ამ ახალ მიმართულებაშიც. რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიებს, ამ მიმართულებით ჩვენ ცალკე კონსულტაციებს ვგეგმავთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისეთ საგადასახადო რეჟიმზე შევთანხმდებით, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში აღნიშნული სადაზღვევო ბაზრის კიდევ უფრო განვითარებას.

გადავიდეთ მცირე და საშუალო ბიზნესთან მიმართებაში დაგეგმილ ცვლილებებზე. დღეს თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს საგადასახადო რეფორმა არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალურიც იმ თვალსაზრისით, რომ ეხება 120 000 მცირე მეწარმეს და მათ უკან მდგარ ოჯახებს. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, არსებობს გარკვეული კალკულაცია, რომელიც გაკეთებული გაქვთ, სანამ ამ ცვლილებებს წარადგენდით. რა რეალურ დამატებულ ღირებულებას ელით ეკონომიკაში ცვლილებების შედეგად?

დღევანდელმა შეხვედრამ, იქ დასმულმა კითხვებმა კიდევ ერთხელ კარგი დასტური მოგვცა იმისა, რომ რეფორმა მართლაც არის ძალიან მასშტაბური. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მსოფლიო პრაქტიკაში უნიკალური მოვლენა, როდესაც ასე მკვეთრად მცირდება გადასახადი და ფაქტობრივად, სიმბოლურ 1%-იან გადასახადამდე ჩამოვდივართ. ჩვენი მიზანია, რომ მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) გავზარდოთ წილი მცირე და საშუალო მეწარმეობის. თუ ჩვენ ავიღებთ ყველაზე კონკურენტუნარიან ეკონომიკების მაგალითს, ცალსახად ვნახავთ, რომ ამ ეკონომიკებში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არის გაცილებით მაღალი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გავუმკლავდეთ ორ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენს ეკონომიკაში, ესაა უმუშევრობა და ესაა სიღარიბე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი იყოს კიდევ უფრო წახალისებული და მათი წილი მნიშვნელოვნად გაიზარდოს ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას. ჩვენი მოლოდინი არის, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში დაახლოებით 30-40%-ით გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ამ შეღავათებით ისარგებლებენ. მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ ნახევარ მილიონამდე ავწიეთ ეს თანხა, შემოსავალი, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივად 100%-ით დავფარეთ ინდ მეწარმეები საქართველოში. ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საგადამხდელო ბაზის გაზრდას საქართველოში და რაც მთავარია დაგვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ იმ ორ დიდ გამოწვევას, რაც დღეს ეკონომიკაში გვაქვს, ეს არის უმუშევრობა და სიღარიბე. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ ეს კოეფიციენტი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დამატებით უფრო პრინციპული ნაბიჯების გადადგმა, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.

აქვე მინდა გკითხოთ ერთ-ერთ კრიტიკულ ნაწილზე, რაზეც ოპონენტები ბოლო პერიოდში აპელირებენ, ეს არის დამატებითი ღირებულების გადასახადის 100 00-იანი ზღვარი. თქვენ გაზარდეთ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის თავად ბრუნვის ზღვარი, თუმცა ეს ზღვარი არ შეცვლილა. რამდენად იწვევს ეს პრობლემას იმ თვალსაზრისით, რომ მათ უნდათ თუ არ უნდათ, მოუწევთ დამატებული ღირებულების გადამხდელებად რეგისტრირება, როგორც კი 100 000-იან ზღვარს გადააბიჯებენ?

პრინციპული სხვაობა არსებულ პრაქტიკასა და იმ რეფორმას შორის, რომელსაც ჩვენ გავატარებთ, არის ის, რომ მცირე მეწარმის სტატუსი მოქალაქეს არ დაეკარგება იმისდა მიუხედავად, რომ დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა უკეთესად მოახდინოს ინტეგრირება ეკონომიკურ ჯაჭვში. ჩვენ დღეს გვქონდა ძალიან კონკრეტული მაგალითები განხილული. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მეწარმეების 93%  თავისი ნებით რეგისტრირდება დღგ-ს გადამხდელად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ მცირე ბიზნესს შეექმნას ფუნდამენტი გაზარდოს თავისი საქმიანობა. ძალიან კონკრეტულ მაგალითებზე გვქონდა დღეს ჩვენ საუბარი. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო მცირე მეწარმე, რომელიც ერთ-ერთ საამქროში აგურს აწარმოებს და მას აქვს ინტერესი, რომ საცალო გაყიდვების გარდა მიყიდოს ის ბიზნესს, ამ შემთხვევაში სამშენებლო კომპანიებს. იცით, რომ სამშენებლო ბიზნესი საქართველოში საკმაოდ დინამიურად ვითარდება, მაგრამ ფასის მიუხედავად, კომპანიები, რომლებიც დარეგისტირებულები არიან დღგ-ს გადამხდელებად,  უარს ამბობენ პროდუქციის შესყიდვაზე იმ მეწარმეებისგან, ვისაც არ შეუძლია დღს-ს ადგარიშფაქტურის გამოწერა. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იქნებოდა დღგ-ს გადახდა მეწარმეებისთვის, რომ მათ არ ჰქონოდათ ჩართვის უფლება. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში მათ ამის უფლება ექნებათ და მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ეს არის ახალი რეფორმების ტალღის ნაწილი. ჩვენ დავიწყეთ დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნება. იყო ძალიან მავნე პრაქტიკა. არ მინდა პოლიტიკურ ველზე გადავიდე, მაგრამ განმარტებისთვის ეს აუცილებელია, როდესაც ხდებოდა კომპანიების მხრიდან დღგ-ს დაბრუნებაზე განაცხადების გაკეთება, ან საგადასახადო ორგანო შედიოდა შემოწმებაზე, ან ფინანსური პოლიცია. ბუნებრივია, ამან გააჩინა ძალიან ნეგატიური სტერეოტიპი აღნიშნული გადასახადის მიმართ. დღგ-ს ზედმეტობა, რომელიც მეწარმეებს დაუფიქსირდებათ ბიუჯეტში, ჩვენი რეფორმის შედეგად 5-დან 7-დღემდე დაიბრუნებენ უკან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ძალიან მოკლედ მინდა გკითხოთ სხვა ინიციატივებზეც, რომელიც ასევე წარადგინეთ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა რეექსპორტზე გადახდილი აქციზის უკან დაბრუნება. აქამდე 50% ბრუნდებოდა, ამჯერად თქვენი ინიციატივით ეს იქნება 100% იმ შემთხვევაში, თუ 30 დღის განმავლობაში იმპორტიორი ექსპორტზე გაიტანს შემოყვანილ ავტომობილს. როდესაც გადახედეთ ავტომობილების იმპორტ-ექსპორტის დინამიკას, სად დაინახეთ საჭიროება, რომ ეს ცვლილება არის საჭირო?

თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ შარშან გვქონდა ძალიან კარგი სტატისტიკა რეექსპორტის თვალსაზრისით, საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე არის აღნიშნული ბიზნესით დაკავებული, მასზე მიბმული არის მომსახურების სხვა სფეროები. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მეტი სტიმული მიგვეცა აღნიშნული სექტორის განვითარებისთვის საქართველოში. მინდა მცირე დაზუსტება გავაკეთო, რომ 90 დღე იყო არსებული პრაქტიკა, ჩვენი ინიციატივების მიხედვით მას დაემატება კიდევ 90 დღე.  შესაბამისად გამოდის, რომ მეწარმეს ნახევარი წელი ექნება დრო, რომ შემოტანილი მანქანის რეექსპორტი გააკეთოს და იმ შემთხვევაში, როცა ის ამას გააკეთებს აღნიშნული დროის ჩარჩოებში სახელმწიფი მას აუნაზღაურებს არა 50%-ს, როგორც აქამდე იყო, არამედ ა100%-ს აქციზს. ეს არის ძალიან დიდი სტიმული. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ უფრო ფართოდ ვიხილოთ აღნიშნული სექტორი ჩვენს ეკონომიკაში და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალ წლებში ვიხილოთ მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიზნეს აქტივობა აღნიშნულ დარგში.

ვიდეო  

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები