13 მარტი 2018

როგორ წაიკითხა თბილისმა კრემლის გზავნილები

ინტერვიუ პრემიერმინისტრის წარმომადგენელთან

გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვის პასუხი 2 დღის დაგვიანებით მოვიდა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ მოსკოვი ცდილობს გაემიჯნოს ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს, მაგრამ პასუხისმგებლობას თავს ვერ აარიდებს. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს ზურაბ აბაშიძემ უპასუხა.
 

მოსკოვი, რუსეთი
ფოტო: shutterstock.com

დღეს მთავარი საკითხი იყო ის, რაც მოსკოვიდან მოგვწერეს პრემიერის წერილის პასუხად. თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ როგორც დიპლომატს და ასევე მოსკოვთან ურთიერთობის თვალსაზრისით. საინტერესოა, თქვენ რა ამოიკითხეთ ამ წერილში და რეალურად რა შედეგი მოგვცა პრემიერმინისტრის გზავნილმა?

შედეგი უნდა იყოს კონკრეტული. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე არის, რომ ოჯახს გადასცენ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი და ამოცანა იყო, რომ ჩვენი ორი მოქალაქე, რომელიც დაკავებული იყო, გაეთავისუფლებინათ. მაქსიმალურად ამოქმედდა პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რისი საშუალებაც გვქონდა, დაწყებული გაეროს გენერალური მდივნით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთო ამაში, ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მაქსიმალურად. მართლაც ძნელია სათქმელი, რა გამოგვრჩა. ბოლო იყო პრემიერის გადაწყვეტილება, რომ მიმართოს რუსეთის მხარეს. ამ ეტაპისთვის ჩვენი 2 მოქალაქე გათავისუფლებულია, მაგრამ სამწუხაროდ, ცხედარი ჯერ კიდევ არ გადაუციათ ოჯახისთვის. ასე რომ, ჩვენი მოთხოვნა არის არა ზოგადი განცხადებები, არამედ შედეგი, რაც შეიძლება სწრაფად, დაუყოვნებლივ გადასცენ ოჯახს ტატუნაშვილის ცხედარი. რუსეთის მხარე გარკვეულწილად ემიჯნება ამ ტრაგედიას. მაგრამ ის პასუხისმგებლობას მაინც ვერ აიცილებს.

ითქვა, რომ პრემიერის წერილმა რუსეთს საშუალება მისცა პასუხისმგებლობა მოეხსნა ამ ტრაგედიაზე და იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ტაქტიკურად სწორად არ იყო გათვლილი გზავნილები, რომ ეს არ იყო პოლტიკურად სწორად დაწერილი წერილი და უფრო მეტად იყო ემოციური.  

რატომ მისცა საშუალება? რატომ, რანაირად ვაკეთებთ ამ დასკვნებს, რომ მისცა საშუალება მოეხსნა პასუხისმგებლობა?! მთელმა საერთაშირისო თანამეგობრობამ, რომელიც ამაში იყო ჩართული, მიმართა რუსეთს, მას დააკისრა პასუხისმგებლობა. ჩვენ თუ ჩამოვაწერთ ამ პასუხისმგებლობას, ერთია და არავის არ ჩამოუწერია. მოსკოვმა სცადა გამიჯვნა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არანაირად არ გამოუვა. ყველამ ვიცით, რა ვითარებაა და რატომ ვაკეთებთ იმ დასკვნას, რაც არ უნდა გავაკეთოთ, რატომ ვეხმარებით ვიღაცას ამის გაკეთებაში. ეს უცნაური დასკვნებია, გაუგებარია. ამ განცხადებებს ზოგიერთი ჩვენი ოპონენტები ან არ კითხულობს, ან ვერ კითხულობს...

ეს ოპოზიციის დასკვნებია.

ხო, გასაგებია, ოპოზიციას თავისი პარტიული ამოცანები აქვს, მაგრამ გარდა პარტიული ამოცანებისა სახელმწიფო ინტერესებიც ხომ არსებობს, არა?! რატომ ვამბობთ იმას, რაც არ არის, რატომ ვკითხულობთ განცხადებაში იმას, რაც იქ საერთოდ არ არის ნაგულისხმები. ითქვა, რომ ჟენევის ფორმატი დაკნინდა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზეა საუბარი, რომ რაღაც საოცარი გარიგებაა იქ ჩაფიქრებული. სად არის ეს ყველაფერი, საიდან მოიტანეს, რატომ უნდა დაინახო ასე გადატრიალებულად ყველაფერი, როცა შეიძლება წაიკითხო ისე, რაც წერია და როგორც არის. ეს დისკუსია ძალიან სერიოზული და ძალიან სამწუხაროა.

თქვენ რა ამოიკითხეთ ამ პასუხიდან, არის მზაობა მოსკოვის მხრიდან, რომ იყოს კონსტრუქციული საპასუხო ნაბიჯები გადმოდგმული, თუნდაც პრემიერის წერილის პასუხად? არის ეს განწყობა თქვენთვის ამ წერილში?

მე რაც არ უნდა ამოვიკითხო, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამას ვამბობთ, რომ ჩვენ განცხადება კი არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს შედეგი.

შედეგი არ გვაქვს სახეზე. ჩვენ რამდენი ხანია ცხედარს ვითხოვთ და ეს მოთხოვნა არ სრულდება. მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგი არ გვაქვს.

გეთანხებით, რომ შედეგი არ არის. ყველა საშუალება გამოვიყენეთ, ეს საშუალებაც კი. ამასაც კი მიმართა პრემიერმინისტრმა, რომ პირდაპირი მიმართვა გააგზავნა, მაგრამ ნაწილობრივ არის ჯერ შედეგი, სამწუხაროდ. ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლდნენ, მაგრამ ცხედარი ჯერ არ გადაუციათ. აი, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ არ დარჩენილიყო შემდეგ ეს კითხვა, რომ ყველაფერი არ გააკეთა ქართულმა მხარემ, ეს ნაბიჯიც კი გადაიდგა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ არის. ამიტომ, იმის ძახილი, რომ რუსეთს რაღაც დავუკანონეთ, შევცვალეთ და ხომ ვამბობდით... ეს არანაირად არსად არ იკითხება და რატომ ვცდილობთ ჩვენ ამის გაკეთებას პოლიტიკური მიზნებისათვის, ეს მართლაც ბადებს კითხვებს, მაგრამ რას იზამ, ოპოზიციაა და ასე ხედავს თავის ფუნქციას.

თქვენვე ახსენეთ ჟენევის ფორმატი და ამას ახსენებდა რუსეთის საგარეო უწყებაც. წერილში ითქვა, რომ მორიგი რაუნდი მარტის ბოლოსა დაგეგმილი და მოსკოვს იმედი უჩნდება, რომ საქართველო მეტ კონსტრუქციულობას გამოიჩენს. თქვენი შეხედულება როგორია ჟენევის დისკუსიებზე? საქართველო საუბრობს ბევრად უფრო მაღალი, მათ შორის პრემიერმინისტრის ჩართულობის მზადყოფნაზე.

ამის შესახებ დღეს ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა კომენტარი. პრემიერის განცხადებიდან ნათლად ჩანს ქართული მხარის დაინტერესება, რომ ამ უაღრესად მნიშვნელოვან ფორმატს მიეცეს უფრო მეტი იმპულსი, რომ გაიზარდოს მისი ეფექტიანობის დონე. რომ ამისათვის, პრემიერი პირადად არის მზად, გადადგას გარკვეული ნაბიჯები, იგი მზად არის პროცესში ჩაერთოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მარტში იქ ჩავა და ვიღაცას ჩაანაცვლებს. არა, იგი პირადად იქნება დაინტერესებული იმისათვის, რომ მომზადდეს ფონი, მომზადდეს რაღაც საკითხები მოსაგვარებლად, გადასაწყვეტად და რაღაც ეტაპზე შეიძლება მართლაც ჩატარდეს უფრო მაღალი დონის შეხვედრა, რომელშიც არ არის გამორიცხული პრემიერმინისტრის მონაწილეობა. ანუ, ჩვენ ყველანაირად ვადასტურებთ ჩვენს დაინტერესებას ამ ფორმატის გააქტიურების თაობაზე. ამაზე მეტი რა უნდა ითქვას, მაგრამ დასკვნა საწინააღმდეგო გაკეთდა.

თუ რუსეთი არ შეცვლის დამოკიდებულებებს, ლოგიკურად ხომ არის დიდი რისკი, რომ ეს მზაობაც ქართული მხარის მხრიდან უპასუხოდ დარჩეს და ვერანაირად ვერ შეცვალოს, ვერ გაზარდოს ამ დისკუსიის, ფორმატის ეფექტიანობა, თუნდაც პრემიერის მზაობის ფონზე იყოს ჩართული ამ პროცესში?

რუსეთი, რომ რთული პარტნიორია, ამაში ახალი რაიმე არის?! რომელმა ერთმა ქვეყანამ მოაგვარა თავისი საქმეები რუსეთთან ისე, რომ ჩვენთვის სამაგალითო მოდელი იყოს. იქნებ დამისახელონ ჩვენმა პატივცემულმა ოპონენტებმა, რომელი მოდელია მათთვის მისაღები რუსეთთან ურთიერთობისა. ხომ ძნელია ასეთი რამის დასახელება?! ძალიან რთულია რუსეთთან ურთიერთობა, ამიტომ არც უნდა გვქონდეს ჩვენ იმის ილუზია, რომ რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა, ყველამ მოახერხა და ჩვენ ვერ მოვახერხეთ. ვერავინ ვერ ახერხებს დღესდღეობით ასეთ რთულ პარტნიორთან საერთო ენის გამონახვას, მაგრამ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვცდილობთ, რისი გაკეთებაც შეიძლება. მაქსიმალურად ვცდილობთ. ეს არის ყველაზე რთული მომენტი რუსეთთან ურთიერთობაში. რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის ტრაგიკული ომის შემდეგ. ჩვენ ამას ვერასდროს ვერ შევეგუებით, ეს არის ის მთავარი წინააღმდეგობა, რომელიც ქმნის ამ თითქმის ჩიხურ სიტუაციას. ამ ჩიხური სიტუაციიდან ჯერ გამოსავალი არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან მონდომებულები ვართ. ჩვენ მაქსიმალურად გავდივართ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან, ვისმენთ მათ რჩევებს, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში. თუ ჩვენს ოპონენტებსაც აქვთ რაიმე საინტერესო რჩევა-რეკომენდაცია, მზად ვართ მოვისმინოთ, მაგრამ ხშირად არ გამსოდით ხოლმე მაინცდამაინც დიალოგი, თუმცა ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ.

ვიდეო

სხვა ინტერვიუები