17 აპრილი 2018

რა ფილტრის გავლა უწევს პატიმარს ვადამდე გათავისუფლებისათვის

ინტერვიუ სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელთან

შეწყალების კომისია მორიგ სკანდალში გაეხვა. საქმე ამჯერადაც ძალადობრივ დანაშაულს ეხება, რომელიც 2 წლის წინ ყაზბეგის გამზირზე მოხდა. ბრალდებული ნიკოლოზ თავაძე განზრახ მკვლელობის მცდელობაშია დადანაშაულებული, პროცესი სააპელაციო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება, თუმცა დამნაშავე პრეზიდენტის მიერ უკვე შეწყალებულია და თავისუფლებაზეა. ბარნოვის ქუჩაზე გასულ კვირას მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის საქმის შემდეგ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი და შეწყალების კომისია მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირის შეწყალების გამო კრიტიკის სამიზნედ იქცნენ. ჰქონდა თუ არ შეწყალების კომისიას ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულის შესახებ სრული ინფორმაცია. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ უპასუხა.
 

ფოტო: shutterstock.com

ვიდრე ვეფხია ბაქრაძის საქმეზე ვისაუბრებდეთ, რასაც მოჰყვა მსჯელობა შეწყალების წესის ცვლილებაზე და ასე შემდეგ, ასევე გუშინ შეწყალების კომისიის ხელმძღვანელის ამ ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარს გთხოვდეთ, მანამდე კიდევ ერთი საქმის თაობაზე მინდა გკითხოთ. რა ინფორმაცია გაქვთ, ან უნდა გქონოდათ თუ არა და მიგეწოდებინათ შეწყალების კომისიისთვის? ვგულისხმობ ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ძალადობრივ დანაშაულს, რაზეც გამოშვების დასაწყისში რეპორტაჟი გვქონდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ შესაბამისი უწყებებისთვის მიმართვა ჰქონდათ გაგზავნილი, პატიმარზე, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა მისი სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს და ხვალაც არის სააპელაციო სასამართლოში ჩანიშნული. გამოდის, ლაპარაკია წინასწარ შეწყალებულ პატიმარზე, რაზეც ადმინისტრაცია ამბობს, რომ მათ შესაბამისი უწყებებიდან  ინფორმაცია არ ჰქონდათ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეს ცნობაც თქვენგან უნდა მიეღო, ისევე როგორც ვეფხია ბაქრაძეზე მიიღეს?

კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მე გიპასუხებთ იმ პროცედურულ საკითხებთან მიმართებაში, როგორ ხდება მსგავსი საკითხების განხილვა და მოწესრიგება. მოგეხსენებათ, პენიტენციური დაწესებულება არის ვალდებული აღასრულოს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, ეს იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თუ უვადო სახით. ამ შემთხვევაში კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული იყო სასჯელი პირველი ინსტანციის განაჩენით, რომლის აღსრულების ვალდებულება ჰქონდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, ხოლო რაც შეეხება იმას, ესა თუ ის განაჩენი გასაჩივრდა თუ არა შემდგომ ინსტანციებში, ეს არის საპროცესო კოდექსით დარეგულირებული საკითხი და პირდაპირ წერია, რომ მხარეებს, ამ შემთხვევაში მსჯავრდებულს და მის ადვოკატს, ან პროკურატურას, ან ბრალდების მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს სააპელაციო ინსტანციებში. შესაბამისად, ამის შემდეგ იწყება აღნიშნული საკითხების განხილვა. ჩვენ როდესაც მოგვმართეს, იმ დროისათვის არსებული ინფორმაცია მოწოდებულ იქნა პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის. შემდგომში ჩვენთან რაიმე ტიპის განცხადება, წერილი, ან რაიმე მოთხოვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან შემდგომ განვითარებაზე არ შემოსულა. შესაბამისად, ჩვენ ბუნებრივია ვერც გვეცოდინებოდა ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ, ეს არის მხარეების პრეროგატივა. ამის შემდეგ თუკი დაინტერესდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოითხოვდა პროკურატურიდან ინფორმაციას და ძალიან მარტივად შეეძლო გაერკვია ეს საკითხი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში არანაირი ვალდებულება ჩვენ არ გვქონდა.

მოდით, მაშინ გადავიდეთ იმ კავშირზე, რაც უნდა ჰქონდეს სასჯელაღსრულების სისტემას შეწყალების კომისიასთან, ვინაიდან გუშინ შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ კონკრეტულ ბრალდებულთან მიმართებაში თუ რაიმე შეიცვალა, ვთქვათ მის დახასიათებაში, მის ქცევაში, ამის შესახებ თქვენგან უნდა ჰქონოდა შეწყალების კომისიას ინფორმაცია. გაქვთ თუ არა ასეთი ვალდებულება და საერთოდ როგორ რეგულირდება ინფორმაციის გაცვლა?

ჩვენთვის, პირველ ეტაპზე მიმართავს თუ არა ესა თუ ის მსჯავრდებული პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მხოლოდ მას შემდეგ ხდება ცნობილი, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მოვა შესაბამისი მომართვა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. ჩვენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ზედმეტი ინტერპრეტაციები არ ჰქონდეს ამ საკითხს - ვაძლევთ შესაბამის უწყებებს ინფორმაციას თუ როგორ იხდიდა ესა თუ ის მსჯავრდებული სასჯელს. შესაბამისად, ამ ინფორმაციაში არც დადებითი მიმართვაა, რომ აი, მაგალითად შეიწყალოთ ან მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს შეღავათი, ასევე - არც უარყოფითი, რომ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სასჯელის მოხდის პერიოდში გამოვლინდა, გადაგვაქვს შესაბამისი ფორმის ინფორმაციაში და ამ ინფორმაციას ვუგზავნით შეწყალების კომისიას. ამის შემდგომ თუკი რაიმე შეიცვალა დახასიათებაში, ვგულისხმობ დისციპლინურ წახალისებას თუ დისციპლინურ დასჯის შემთხვევებს, ამასაც პროაქტიურად ვუგზავნით შეწყალების კომისიას. ამიტომ, ამ შემთხვევაში ჩვენთვის იმის დაბრალება, რომ რაღაც ინფორმაცია დავუმალეთ... ჩვენ არანაირი ინფორმაცია მათთვის არ დაგვიმალავს.

„უდოს“ კომისიას იდენტური დახასიათება ჰქონდა ამ მსჯავრდებულზე?

ზუსტად იდენტური დახასიათებები აქვთ.

მაშინ როგორ ახსნით, „უდოს“კომისიამ უფრო გათვალა რისკები?

მინდა დავაზუსტო, ესაა ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიერ გამოვლენილი ქცევის შესახებ.  

თქვენი დოკუმენტი, რომელიც ბატონ ზვიადს [ქორიძე] ჰქონდა, დახასიათება ეწერა და მისი თქმით, მას დაეყრდნენ.

კი, გასაგებია, თუმცა ეს არის ინფორმაცია კონკრეტული ქცევის შესახებ. გარდა ამისა, ის ინფორმაცია, რაც მან მიაწოდა ფსიქოლოგს და სოცმუშაკს გასაუბრების დროს. რა თქმა უნდა, რასაც კონკრეტული მსჯავრდებული უთითებს ჩვენ იმას ვერ შევცვლით. თუ ამბობს მსჯავრდებული, რომ მე სურვილი მაქვს ვიზრუნო ოჯახზე, ფსიქოლოგი ვალდებულია ასახოს ეს დახასიათებაში, თუმცა რამდენად დაეყრდნობა, რამდენად დამატებით რა ინფორმაციას შეისწავლის, საკმარისად მიიჩნევს თუ არა მხოლოდ ამ განცხადებას და დამატებით დაინტერესდება თუ არა, რომ გამოიკვლიოს სხვა გარემოებები, როცა საქმე ეხება ადამიანის შეწყალებას და ციხიდან ვადაზე ადრე გამოშვებას, შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხები უფრო სიღრმისეულად უნდა იყოს შესწავლილი. მინისტრმა გუშინ გააჟღერა კიდეც, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს პენიტენციურ დაწესებულებასა და შეწყალების კომისიას შორის. ასევე შეწყალების კომისია უფრო დეტალურად უნდა სწავლობდეს გადაწყვეტილების მიღების დროს თითოეული მსჯავრდებულის საქმეს, როცა ადგილი აქვს მათ შორის ძალადობრივი ხასიათის დანაშაულზე ადამიანის ვადამდე გათავისუფლების საკითხს.

კიდევ ერთი საკითხი დავაზუსტოთ. ჩვენ გვქონდა ასეთი ინფორმაცია, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვეფხია ბაქრაძის სასჯელის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რომ მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა მას შესაძლებლობა „უდოს“ კომისიისთვის მიემართა, თუმცა სხვა ინფორმაცია გვაქვს სასჯელაღსრულების სამინისტროდან.

ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციას. ვეფხია ბაქრაძეს მისჯილი ჰქონდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს იყო მძიმე დანაშაულისათვის. კანონით განსაზღვრულია კონკრეტული ვადები, რა შემთხვევაშიც შესაძლებელია ამა თუ იმ პირის პირობით ვადამდე გათავისუფლება, ან დარჩენილი სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა. მეორე შემთხვევაში, ანუ უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თემა როცა განიხილება უფრო ნაკლები ვადა არის საჭირო, რომ მოიხადოს მსჯავრდებულმა. ამ შემთხვევაში საჭირო იყო 1/3-ის მოხდა, რომ განხილულიყო მისი საკითხი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 2016 წლის აგვისტოში ადგილობრივ საბჭოს ჰქონდა განხილული მისი განცხადება. მან განცხადებით მოგვმართა ჩვენ და ითხოვა უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა. ანუ, მაყურებლისთვის რომ ადვილად გასაგები იყოს, მან ითხოვა ციხის შეცვლა. ჩვენს სისტემაში არსებობს ასეთი დაწესებულება, უფრო სწორად იმ დროისათვის არსებობდა, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, სადაც კვირაში 5 დღე პატიმრები არიან შესაბამის დაწესებულებაში, ხოლო შაბათი და კვირა მათ აქვთ უფლება გავიდნენ ოჯახის წევრებთან. ჩვენ ამ მოთხოვნაზეც კი უარი ვუთხარით, იმიტომ რომ, ჩავთვალეთ, დანაშაულის ხასიათი და განმეორებით ჩადენის რისკი იმდენად მაღალი იყო, რომ ამ შაბათ-კვირის პერიოდშიც კი არსებობდა რისკი რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას ჰქონოდა ადგილი. სწორედ ამის შემდეგ, უკვე ოქტომბერში მოხდა შეწყალება პრეზიდენტის მხრიდან. შესაბამისად, პრეზიდენტმა დარჩენილი სასჯელი მას გაუნახევრა. ამიტომ მან ნაცვლად იმისა, რომ თუკი არ შეიწყალებდა პრეზიდენტი პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის განსაზღვრულ ვადას მოიხდიდა დეკემბერში, შესაბამისად ჩვენ პირობით ვადამდე გათავისუფლებას ვერ განვიხილავდით ფიზიკურად, იმიტომ რომ, მას შესაბამისი ვადა არ ჰქონდა მოხდილი, მაგრამ უფლება გვქონდა განგვეხილა უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხი. ხოლო როგორც კი მან ეს ვადა მოიხადა, მოგვმართა, განვიხილეთ და ვუთხარით უარი. ამის შემდეგ განიხილა პრეზიდენტმა, შეუმცირა დარჩენილი სასჯელი და შემდგომში ავტომატურ რეჟიმში 6-ჯერ პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე და დამატებით კიდევ 2-ჯერ უფრო მსუბუქი სახის სასჯელზე მოგვმართა და ყველა შემთხვევაში იყო უარყოფითი გადაწყვეტილება. მთავარი მოტივატორი ამ გადაწყვეტილების იყო დანაშაულის ის ხასიათი, რომელიც განაჩენში ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუკი, ვთქვათ დაინტერესდებოდა შეწყალების კომისია და გადახედავდა განაჩენს, რა ქმედებები უძღოდა ამ დანაშაულის ჩადენას და შემდგომში რა ფორმით მოხდა ამ დანაშაულის ჩადენა, რა წინაპირობები ჰქონდა, დარწმუნებული ვარ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს ამ მომენტზე ძალიან დიდ ყურადღებას გაამახვილებდა. ჩვენ პირადად, ადგილობრივი საბჭოს შემთხვევაში ამ დანაშაულის ხასიათი, აი ის წინარე ქმედებები, რაც დანაშაულის ჩადენას უძღოდა, იყო მთავარი მოტივატორი იმისა, რომ უარი ვუთხარით და ვფიქრობდით, რომ შესაძლებელი იყო აქ განმეორებით დანაშაულის რისკი.

გამოდის, რომ არასაკმარისი ინფორმაცია ჰქონდა შეწყალების კომისიას და რისკები ვერ გათვალა საკმარისად?

ჩემი პირადი მოსაზრებაა, მე ამ შემთხვევაში არ ვაჟღერებ სამინისტროს პოზიციას, მათ რომ დეტალურად შეესწავლათ, ისინი რომ დეტალურად დაინტერესებულიყვნენ და გამოეკვლიათ საქმის გარემოებები, ვფიქრობ, რომ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

შესაბამისი უწყებები უკვე მსჯელობენ, პრეზიდენტმა მორატორიუმი გამოაცხადა ძალადობრივ დანაშაულებებზე მსჯავრდებულთა შეწყალებაზე და მსჯელობს როგორ დაიხვეწოს შეწყალების მექანიზმი.

ვფქრობ, რომ დასახვეწია. ნამდვილად ვეთანხმები ამ მოსაზრებას და მინისტრმაც ისაუბრა გუშინ ამაზე.

მინისტრთანაც არის ჩანიშნული შეხვედრა. როგორ ფიქრობთ, რა ფორმით შეიძლება ჩაერთოთ, რა ტიპის კომუნიკაცია შეიძლება შედგეს, რის უფრო დახვეწას ისურვებდით?

ჩვენი მხრივ, რაც სამინისტრომ აქამდე განახორციელა იყო ის, რომ დაიხვეწა დახასიათებების მომენტი და  2014 წლის შემდეგ არის ეს ცვლილებები, რომ იდენტურია ეს დახასიათებები და არავინ იფიქროს, რომ რაღაც ინფორმაციას პენიტენციური დაწესებულება უმალავს შეწყალების კომისიას. პირიქით, როცა მათი მხრიდან ხდება მომართვა, იმ დროისათვის არსებული მონაცემების გადატანა ხდება შესაბამის საინფორმაციო ბარათში და ხდება ამ ყველაფრის ასახვა. ზუსტად ანალოგიური დახასიათება, ანალოგიური ინფორმაცია იგზავნება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოში (უდოს კომისიაში). შესაბამისად, ადგილობრივი საბჭო ყოველ თვეში ერთხელ განიხილავს ამ საკითხს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამას რამდენიმე თვე ანდომებს ხოლმე. ამიტომ, რაღაც გარკვეული მომენტები იცვლება. მე მინდა გითხრათ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც გარკვეულ მსჯავრდებულებს ჯერ დაკისრებული ჰქონდათ სახდელი, მას შემდეგ რაც მათ გააგზავნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების მოთხოვნა, იმის შემდეგ მათ მიმართ დისციპლინური სახდელების დაკისრება მოხდა, იმიტომ რომ, დაარღვიეს რეჟიმის მოთხოვნები. ჩვენ ეს ინფორმაციაც მივაწოდეთ შეწყალების კომისიას, თუმცა ეს ინფორმაცია არ იქნა მათი მხრიდან გაზიარებული. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჭიროა უფრო აქტიური და დეტალური მუშაობა იმაზე, რომ მათ უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ ეს საკითხები. ჩვენი მხრივ, თუ რამე დამატებითი ინფორმაცია კიდევ საჭიროა, კი ბატონო, მზად ვართ მივაწოდოთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იდენტური ინფორმაცია იგზავნება ორივე მიმართულებით, ამიტომ სამინისტრო ფიქრობს ამ მიმართულებით, რომ უფრო აქტიური კომუნიკაციაა საჭირო იმისათვის, რომ უფრო დასაბუთებული, უფრო დახვეწილი და ასე ვთქვათ ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ მოხდეს შეწყალება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ძალადობრივ დანაშაულს აქვს ადგილი. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო და ეს ყველაფერი პრაქტიკამაც აჩვენა, რომ სერიოზული სიფრთხილე სჭირდება თითოეულ შემთხვევას. მხოლოდ ის, რომ მსჯავრდებულმა განაცხადა ვთქვათ ფსიქოლოგთან ინტერვიუებისას რაღაც კონკრეტული ფაქტ, ამას არ უნდა ეყრდნობოდეს მთლიანად ასეთი სერიოზული გადაწყვეტილებები.

ვიდეო

სხვა ინტერვიუები