25 აპრილი 2018

როგორ შეაფასა გაერომ კვირიკაშვილის სამშვიდობო ინიციატივა

ინტერვიუ საქართველოს ელჩთან

გაეროში საქართველოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც რუსულ ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას მიეძღვნა, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა. მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმის პირობებში თვითნებური დაკავებები, ადამიანების გატაცება და მკვლელობა საგანგაშო ტენდენციად იქცა. ის, რომ რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებას არ ასრულებს და ოკუპირებული რეგიონები სამშვიდობო მისიებისთვის იზოლირებულია, გაეროს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ითქვა. მინისტრმა უცხოელ დიპლომატებს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაც გააცნო, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებელთათვის სხვადასხვა სერვისების მიწოდებას გულისხმობს. პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან იდეის მხარდამჭერი განცხადებებიც გაკეთდა. დელეგატებმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დადებული ე.წ. შეთანხმებები დაგმეს. მწვავე შეფასებები მოჰყვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვას. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს გაეროში საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემ უპასუხა.
 

კახა იმნაძე
ფოტო: Facebook

პირველ რიგში, ძალიან საინტერესო იქნებოდა მოკლედ რომ შეგეფასებინათ, როგორი იყო ქართული დელეგაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გაეროში და რამდენად შედეგიანად შეიძლება შეფასდეს ეს შეხვედრები?

ვიზიტი გრძელდება ახლაც. როდესაც თქვენ გესაუბრებით, გვერდზე საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს შეხვედრა ერთი და პირდაპირ მინისტრის პირველ მოადგილეს აქვს მეორე შეხვედრა. შემიძლია გითხრათ, რომ ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს. გვაქვს საკმაოდ ინტენსიური პროგრამა, როგორც ორმხრივი შეხვედრების,  ასევე მრავალმხრივი შეხვედრების. რაც შეეხება თავად მინისტრის გამოსვლას, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა, გაეროს ძალიან მაღალი ტრიბუნიდან მინისტრის მხრიდან საუბარი იყო როგორც საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ოკუპირებულ  ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებათა იმ დარღვევაზე, რომელსაც ადგილი აქვს, სამწუხარო ინციდენტზე, ტატუნაშვილის ძალადობრივ მოკვდინებაზე, ეს კიდევ ერთხელ იქნა გაჟღერებული და რა თქმა უნდა, იმ სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელიც ახლახან გაჟღერდა საქართველოს მთავრობის მხრიდან და რასაც ძალიან დიდი ინტერესი მოჰყვა გაეროში.

რამდენადაც ცნობილია ბრიტანეთის და საფრანგეთის წარმომადგენლებმა გააკეთეს ქართულ სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებები, მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად ძლიერი იქნება მხარდაჭერა და როგორი იქნება დასავლეთის და ამ სახელმწიფოთა წარმომადგენლების შემდგომი ნაბიჯები იმისათვის, რომ ქართულ ინიციატივას ამ რეგიონებში ხელი შეეწყოს?

მე ვერ გეტყვით დეტალურად შემდგომი ნაბიჯები რა იქნება, იმიტომ რომ, ეს არის პროცესი და ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მხარდაჭერა არის ძალიან დიდი. ეს მხარდაჭერა იყო არა მხოლოდ საფრანგეთის და ბრიტანეთის წარმომადგენლების მხრიდან. გუშინ სპეციალურ ღონისძიებაზეც, საქართველოს მიერ დადგმულ ღონისძიებაზე დასწრება იყო საკმაოდ დიდი და ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ასეთი ფორუმების დროს, რომელიც ახლა არის ნიუ-იორკში, გაეროს ფარგლებში ძალიან ბევრი მსგავსი ღონისძიება ტარდება და როდესაც შენს ღონისძიებაზე ასეთი დიდი დასწრებაა, ესეც გარკვეულწილად მიუთითებს იმ ინტერესს, რომელიც არსებობს ქვეყნების მხრიდან. მონაწილეები, რომლებმაც განცხადებები გააკეთეს, რა თქმა უნდა, ძირითადი ნაწილი იყო ჩვენი რეგიონიდან, ევროპიდან და ეს ბუნებრივია, მაგრამ არა მხოლოდ ევროპიდან, ის სხვა სახელმწიფოებიც იყვნენ და მათაც გააკეთეს განცხადებები. განცხადებების გარდა ორმხრივ შეხვედრებში ძალიან ბევრი მხარდაჭერა დაფიქსირდა. ინგლისი და საფრანგეთი, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ასევე იყო ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადება, სხვაც - რუმინელების, ბერძნების მხრიდან. საბერძნეთთან ცალკე საუბრები გვქონდა. იქ იყო ლატვია, ლიტვა, აზერბაიჯანი და ძალიან ბევრი სხვა სახელმწიფო, ვისთანაც მიდის ორმხრივი შეხვედრები. თვითონ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის მხრიდან იყო გაკეთებული სპეციალური მოხსენება ამ ღონისძიების დროს. მხარდაჭერა არის მართლაც ძალიან დიდი, ინტერესიც ძალიან დიდია და ახლა დანარჩენი სამუშაოა. ეს არ არის მარტივი პროცესი. მთავარი არის ის, რომ საქართველოს მხრიდან გაჟღერებულმა სამშვიდობო ინიციატივამ უკვე ძალიან დიდი ინტერესი დაიმსახურა, რაც მოწმობს იმაზე, რომ ამ ინიციატივას აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი.

თქვენ ახსენეთ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, რამდენადაც ცნობილია ოფისმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ოფისის წარმომადგენლის დაშვება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ადგილზე არსებული  ვითარება იყოს შესწავლილი, ასევე დაცული იყოს ადამიანის უფლებები ამ რეგიონებში. ამ მიმართულებით რა განცხადებები გაკეთდა და რა პერსპექტივა გამოჩნდა საქართველოსათვის და ამ რეგიონებისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეძლონ ადამიანის უფლებების დაცვა?

რა თქმა უნდა, ეს იყო მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც გააკეთა ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა. რა კეთდება ამ მიმართულებით. ის, რომ მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებენ, ეს ფაქტია. საქართველოს მხრიდან უკვე მეორეჯერ გავიდა რეზოლუცია ჟენევაში, რომელიც სწორედ ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნას ითვალისწინებს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რასაც, ბუნებრივია, ეწინააღმდეგება მეორე მხარე. ასევე, როდესაც გენერალურ ასამბლეაზე გადის ჩვენი რეზოლუცია ადგილნაცვალ პირებთან დაკავშირებით, ყოველთვის ყურადღებას ვამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ უშვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის ის გზავნილი, რომელიც მუდმივად ჩნდება როგორც საქართველოს მხრიდან, ასევე მოწოდების და მოთხოვნის სახით სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან. თუმცა პრობლემა დგას რეალურად სწორედ დეოკუპაციის და ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. ესეც კიდევ ერთი ნაწილია ამ პრობლემაზე მუშაობისას.

ჩვენ ვსაუბრობთ უკვე შემდგარ შეხვედრებზე, უკვე გაკეთებულ განცხადებებზე, თუმცა ვიზიტი გრძელდება. როგორც თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ შეხვედრები გრძელდება. საინტერესოა რა შეხვედრებია დაგეგმილი კიდევ ამ ვიზიტის ფარგლებში?

როგორც წესი, გაეროში მაღალი დონის ვიზიტების დროს, საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე პრემიერის, ასევე როდესაც გვაქვს ხოლმე გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრა, ყოველთვის ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ ვესაუბროთ იმ ქვეყნებს, რომლებთანაც ჩვენ ტერიტორიულად, გეოგრაფიულად ახლოს არ ვართ. ჩვენი რეგიონის, ევროპულ ქვეყნებს ჩვენ ხშირად ვხვდებით, უამრავი ფორმატია, სადაც ერთად ვმონაწილეობთ, მაგრამ არის ლათინური ამერიკის, აფრიკის, აზიის რეგიონის სახელმწიფოები, რომლებთანაც შეხვედრა რთულია, იმიტომ რომ, გეოგრაფიულად სხვადასხვა რეგიონებში ვართ და სპეციალური ვიზიტი უნდა განხორციელდეს ან მათთან, ან ჩვენთან. აქ, ასეთ დროს, როდესაც წარმოდგენილია ძალიან ბევრი ქვეყანა, კარგი საშუალებაა, რომ ასეთ ქვეყნებთან გვქონდეს საუბარი. ახლახანს შედგა ორმხრივი შეხვედრა კოტდ-ივუართან, გვექნება შეხვედრა ბანგლადეშთან, დანიასთან, შვედეთთან. ხედავთ ხო, არის როგორც ევროპული სახელმწიფოებიც, ასევე ის სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან ჩვენს რეგიონში წარმოდგენილები. გვაქვს ჯგუფური შეხვედრები ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, აფრიკის სახელმწიფოებთან. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ამ შეხვედრების დროს ჩვენ გაქვს საუბარი როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე იმ თანამშრომლობაზე, რომელიც ჩვენ შეიძლება გვქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში. ბევრ თემაში საქართველო არის წამყვანი სახელმწიფო და ჩვენ მათთვისაც საინტერესო ვართ. ამიტომ მთელი რიგი შეხვედრები სწორედ მათი მხრიდან არის მოთხოვნილი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინიციატივა, რომ ჩვენ გვინდა შეხვედრა, მათაც აქვთ შეხვედრის სურვილი და რასაც ვახერხებთ ამ დატვირთული კალენდარით, ამ 8 საათის განმავლობაში ვცდილობთ ნახევარი საათით, 40 წუთით  იყოს შეხვედრა.

ვიდეო 

სხვა ინტერვიუები