12 მაისი 2018

რა ინფორმაცია მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ შს მინისტრისაგან

კობახიძე კლუბებში სპეცოპერაციასა და ნარკოპოლიტიკაზე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს. ელექტრონული მუსიკის ფონზე ისინი ღამის კლუბებში, 12 მაისის ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციას და ძალადობრივ სისტემას აპროტესტებენ. „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცდანიშნულების რაზმები ღამის 1-ელ საათზე შევიდნენ და ახალგაზრდებს ტერიტორია დაატოვებინეს. ვითარება კლუბების გარეთ დაიძაბა, როცა პოლიციელები და უკმაყოფილო მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაძაბულობა დილამდე გაგრძელდა. დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით 8 ადამიანი დააკავა და რომ არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია ნარკორეალიზატორებსა და კლუბს შორის კავშირის შესახებ. საჭირო იყო თუ არა სპეცოპერაციის ამ ფორმით ჩატარება, გადაამეტეს თუ არა ძალას სამართალდამცველებმა, კითხვები აქვთ სახალხო დამცველსაც და არასამთავრობო სექტორსაც. სპეცოპერაციის მეთოდები არ მოსწონს ღამის ეკონომიკის მენეჯერს. თემაზე „ქრონიკის“ წამყვანის თეა სიჭინავას კითხვებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უპასუხა.
 

აქცია პარლამენტთან
ფოტო: მარიამ ოშხნელი

პირველ რიგში, თქვენი შეფასება გვაინტერსებს წუხელ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით?

მინდა დავიწყო იმით, რომ გამოვხატავ პატივისცემას ყველა იმ ახალგაზრდის მიმართ, რომელიც დღეს რუსთაველზე თავისუფლების დაცვის იდეით დგას და მინდა გამოვხატო პატივისცემა შეკრების თავისუფლების მიმართ. ასევე ვიტყვი, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის თვითრეალიზების საშუალების მინიჭება. ეს ჩვენთვის ნამდვილად არის პრიორიტეტი. რაც შეეხება უშუალოდ იმ საკითხს და მოვლენებს, რომელიც განვითარდა გუშინ და დღეს თბილისში, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ სახელმწიფოს, სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ მინიჭებული ფუნქცია და ამ ფუნქციიდან გამომდინარე არის საჭირო კონკრეტული ღონისძიებების მიღება. გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ საჭირო იყო კონკრეტული ღონისძიების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ინტერესების დაცვას...

ეს როგორ დაგისაბუთათ თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტრომ? ის, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, ამაზე არავინ არ დაობს, მაგრამ დაობენ ფორმაზე, რამდენად იყო აუცილებელი იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შევიდა კლუბში, მაშინ როდესაც იქ ახალგაზრდები იმყოფებოდნენ?

მაგაზეც მოგახსენებთ. პირველ რიგში უნდა განიმარტოს მიზანი. მიზანი იყო ის, რომ იყო კონკრეტული ინფორმაცია ნარკოტიკების რეალიზებასთან დაკავშირებით. ამ კონკრეტული ინფორმაციიდან გამომდინარე იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ეს არის ჩვეულებრივი მიღებულ პრაქტიკა, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა. კლუბებშიც არაერთხელ მომხდარა ასეთი რამ სხვადასხვა ქვეყნებში.

როგორი?

როდესაც არის კონკრეტული ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი გავრცელდეს კონკრეტულ კლუბში, კონკრეტულ დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი საპოლიციო ღონისძიება. კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი. ასევე საჭიროა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის დაცვა. თავისთავად კანონის დაცვა, ბუნებრივია არ არის თვითმიზანი. თქვენ გახსოვთ, რომ იყო არაერთი ფაქტი, ძალიან სამწუხარო, შემაშფოთებელი ფაქტი, ახალგაზრდები დაიღუპნენ ნარკოტიკების მოხმარებით და ზუსტად ამ ყველაფერს უკავშირდებოდა ის საპოლიციო ღონისძიება, რომელიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ეს იყო მიზანი და ამ მიზნიდან გამომდინარე მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. რაც შეეხება პროპორციულობას...

პროპორციულობაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ, უბრალოდ ჯერ შინაარსზე მინდა საუბარი და იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო. ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ, რომ დააკავეს 8 ნარკორეალიზატორი, სახალხო დამცველს აქვს ინფორმაცია, რომ მათი დაკავება მოხდა კლუბების გარეთ. თუ ნარკორეალიზატორები კლუბს გარეთ დააკავეს და ეს იყო ამ სპეცოპერაციის მთავარი მიზანი, მაშინ რა საჭირო იყო კლუბის შიგნით სპეცრაზმის შეჭრა, ეს არის მთავარი, რაზეც გვინდა პასუხი მივიღოთ. ადამიანებს უჩნდებათ მოსაზრება, რომ ამით  ხელისუფლებამ საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ დღეს გვქონდა შეკრება, ჩვენ ინფორმაცია მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან და იყო კონკრეტული ოპერატიული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაწესებულების შიგნით იყო დაგეგმილი ნარკოტიკების რეალიზება და ეს ინფორმაცია გახდა კონკრეტული საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველი. ეს იყო კონკრეტული საფუძველი დაწესებულებაში შიგნით შესვლის და აქიდან გამომდინარე იმოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიზანი იყო აქ ნათელი, მიზანი იყო მკაფიო. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ბოლომდე პროპორციული ის ჩარევა, რომელიც განხორციელდა, ეს დამატებით შესწავლას, რა თქმა უნდა, საჭიროებს. თუმცა, ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია სამინისტროსგან, რაც ჩვენ მოვისმინეთ იქიდან გამომდინარე შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მიზანი შესვლის და ჩარევის იყო ლეგიტიმური და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით ეს ჩარევა იყო ასევე პროპორციული. რაც შეეხება იქ შესული პოლიციელების, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა რაოდენობას, ამაზეც მივიღეთ ინფორმაცია და ითქვა, რომ ესეც იყო პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად განხორციელებული. რაც ხდებოდა გარეთ, რასაც ვუყურებდით, იქაც ჩარევა არსებითად იყო თანაზომიერი. ჩვენ ვუყურებდით საერთო შედეგი რაც იყო, ხელკეტიც კი არ გამოუყენებია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ პროცესებში, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. გუშინ არც ერთი შემთხვევა სხეულის დაზიანების არ ყოფილა. სხეულის დაზიანება არის ხოლმე ჩვეულებრივი მოვლენა ასეთ პროცესებში, თუმცა იმდენად რბილად მოქმედებდა გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც შიგნით, ასევე გარეთ, ამას ბევრი თვითმხილველიც ადასტურებს და ჩვენც ვხედავდით ამას სატელევიზიო ეთერის მეშვეობით, არც ერთი მსუბუქი დაზიანებაც კი არ მოჰყოლია იმ პროცესებს, რომელიც განვითარდა გუშინ და ეს მეტყველებს იმაზე, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა თანაზომიერების, პროპორციულობის სულისკვეთებით. ეს ვიხილეთ ასევე დღესაც, როდესაც წარიმართებოდა შეკრება  რუსთაველის გამზირზე. მანიფესტანტებს ყველანაირი საშუალება ჰქონდათ, რომ განეხორციელებინათ საკუთარი უფლება  - შეკრების თავისუფლება. ყველანაირი საშუალება მისცა მათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პოლიციამ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა 2012 წლის შემდეგ არის ის, რომ ხალხს აქვს თავისუფლების მაღალი ხარისხი, შეკრების თავისუფლება არის უზრუნველყოფილი და ჩვენ საბოლოოდ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როცა ხდებოდა სისასტიკით დაპირისპირება შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ. ეს არის წარსულს ჩაბარებული და დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულიად სხვაგვარად მოქმედებს. კიდევ ერთხელ, აქ საქმე ეხებოდა ადამიანების სიცოცხლის დაცვას და ჩვენ შეგვიძლია მარტივად წარმოვიდგინოთ, რომ გუშინდელი ღონისძიების შედეგად შესაძლოა ერთი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. იყო კონკრეტული ინფორმაცია, როგორც ჩვენ მოგვაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელებმა, ამ კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა კონკრეტული ოპერაცია.

თქვენ კითხები არ დაგრჩათ ამ ოპერაციასთან დაკავშირებით?

რაც შეეხება ჩარევის პროპორციულობას, ბოლომდე პროპორციული იყო თუ არა ჩარევა, ამას, რა თქმა უნდა, დამატებითი შესწავლა სჭირდება და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ყველას ერთად საუბარი გვექნება. თუმცა ის ფაქტები, რაც მე განვმარტე, მეტყველებს იმაზე, რომ არსებითად იყო დაცული თანაზომიერების, პროპორციულობის პრინციპი. თუმცა ჩვენ, როგორც პარლამენტი, მით უმეტეს ჩვენი ფუნქციაა ზედამხედველობა, დამატებით დავინტერესდებით დეტალებით. როდესაც მეტი ინფორმაცია გვექნება დეტალებთან დაკავშირებით, იქ უკვე საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რამდენად იყო ბოლომდე და სრულად დაცული ადამიანის უფლებები, შეკრების უფლება და სხვა უფლებები.

თქვენთან ორი კითხვა მაქვს. ერთი, გუშინ ადგილობრივი ახალგაზრდების გარდა უცხოელი ტურისტები იმყოფებოდნენ და სოციალურ ქსელში შეგვხვდა ამ უცხოელების მიერ დაწერილი რამდენიმე პოსტი, რა ვითარება იყო კლუბებში. ჩვენთვის არაერთხელ არის ნათქვამი და ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ტურიზმის განვითარებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. გუშინ მომხდარ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რა ზიანს ელოდებით ტურიზმის განვითარების მიმართულებით?

არა მარტო ტურიზმი, ახალგაზრდების თვითრეალიზება, საკლუბო ცხოვრების განვითარება, ეს ყველაფერი ჩვენთვის პრიორიტეტებია. პირადად მე ვმონაწილეობდი თბილისის საარჩევნო პროგრამის შემუშავებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი ამ პროგრამაში გაკეთებული იყო ღამის ეკონომიკის განვითარებაზე. ეს ჩვენთვის არის პრიორიტეტი. ღამის ეკონომიკისთვის ძალიან სერიოზული საფრთხეა ის, რაც მოხდა წინა პერიოდის განმავლობაში, სამწუხაროდ არაერთი მსხვერპლი მოჰყვა ნარკოტიკების მოხმარებას ღამის კლუბებში. არაფერი ისე არ ვნებს ღამის ეკონომიკას, საკლუბო ცხოვრებას, ახალგაზრდების თვითრეალიზებას, როგორც ასეთი ფაქტები, როცა საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას. აქიდან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტია საკლუბო ცხოვრების, მათ შორის განვითარება, პრიორიტეტია ღამის ეკონომიკის განვითარება, პრიორიტეტია ის,რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ თვითრეალიზების სხვადასხვაგვარი საშუალება, მათ შორის საკლუბო ცხოვრების ფორმით, თუმცა ამავდროულად უნდა იყოს დაცული ადამიანის სიცოცხლე. ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქცია. საბოლოო ჯამში, ადამიანის სიცოცხლის დაცვა ბოლოს ისევ და ისევ იმას ემსახურება, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ თვითრეალიზების საშუალება და ყველა მათი უფლება იყოს დაცული. ეს არის საბოლოო ლოგიკური დასკვნა და ამ ლოგიკური დასკვნიდან გამომდინარე მოქმედებს ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო.

სულ ცოტა ხნის წინ ქალაქის მერმა გააკეთა განცხადება, მან რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს და ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. თუმცა იქ შეკრებილ ადამიანებს აქვთ თავიანთი მოთხოვნები და ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში არ აპირებენ დაშლას. კარვების დადგმაზეც ითქვა. თქვენ რა მოწოდებას გააკეთებთ და როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განიმუხტოს ახლა ეს სიტუაცია?

არ მგონია სხვაობა იყოს ინტერესებს შორის. მე მგონია, რომ ყველას გვაქვს ერთი საერთო ინტერესი და ჩემი აზრით, ეს არის ის, რომ ნარკოტიკების რეალიზაცია მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული. საერთო ინტერესი არის ის, რომ გატარებული უნდა იყოს ჰუმანური პოლიტიკა, მათ შორის ნარკოტიკების მომხარებლებთან მიმართებით. საერთო ინტერესი არის ის, რომ გადაიხედოს კანონმდებლობა და ამასთან დაკავშირებით წარიმართება ძალიან აქტიური მუშაობა. გასულ ორშაბათს პარლამენტში გვქონდა საგანგებო შეხვედრა ზუსტად ამ შესაბამის კანონპროექტთან დაკავშირებით და იქ შევთანხმდით, რომ უპირობოდ ივნისის ბოლომდე, ივნისში მთავრდება საპარლამენტო სესია და ივნისის ბოლომდე უპირობოდ უნდა გადაისინჯოს კანონი, რომელიც უკავშირდება ნარკოტიკების მოხმარებას, ნარკოტიკების რეალიზებას. მე მგონია, რომ ჩვენ ყველას გვაქვს საერთო ინტერესები. ჩვენ, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს დგანან რუსთაველის გამზირზე, ყველას საერთო ინტერესი ხომ ეს არის - საერთო ინტერესი არის ის, რომ შეიზღუდოს ნარკოტიკების მოხმარება, საერთო ინტერესი არის ის, რომ ყველა ცხოვრობდეს ჯანმრთელი ცხოვრების წესით, რომ ყველას ჰქონდეს თვითრეალიზების უფლება, რომ პოლიტიკა იყოს ჰუმანური. ამ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ მგონი საერთო ენის გამონახვა არ გაგვიჭირდება და არ უნდა გაგვიჭირდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა მზად ვართ დიალოგისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მიზნები იყოს მიღწეული და ამისთვის ყველა უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ დიალოგისთვის.

ვიდეო 

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები