13 ივლისი 2018

რა გეგმები აქვს განათლების მომავალ მინისტრს

ინტერვიუ ბახტაძის ახალი გუნდის წევრთან

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მცირე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი სახეა, მათგან ორი ეკონომიკური გუდის მინისტრია - ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია. გარდა ამისა ახალი მინისტრი ეყოლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეერთებულ კულტურისა და სპორტის სამინისტროსაც. ორი გაერთიანებული უწყების მინისტრობის კანდიდატად მიხეილ ბატიაშვილი დასახელდა. მისი სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო სფეროს უკავშირდება. ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი იყო, ახლა უკვე მინისტრობის კანდიდატის რანგში ამბობს, რომ გარდამტეხი ცვლილებებისთვის რეფორმების გატარება უმოკლეს დროში დაიწყება. თავისი გეგმების შესახებ მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ბატიაშვილი „მაესტროს“ ესაუბრა.
 

კაბინეტის ახალი სახეების წარდგენა 
ფოტო: საქართველოს მთავრობა

თქვენ უნდა ჩაიბაროთ საკმაოდ მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომლის გაერთიანებასაც დიდი ვნებათაღელვა ახლდა თან. კულტურა, სპორტი, განათლება, მეცნიერება - გაქვთ უკვე გეგმა როგორ შეიძლება გაერთიანდეს ერთ სტრუქტურაში ეს ყველაფერი? საინტერესოა ამ მიმართულებით თქვენი ხედვა, ასევე რა ცვლილებები შეიძლება გატარდეს ინტეგრირების შემდეგ სამინისტროში?

პირველ რიგში, თქვენ ახსენეთ, რომ იყო გარკვეული მოსაზრებები ამ სფეროების გაერთიანებასთან დაკავშირებით და ეს მართლაც ჯანსაღი პროცესია. ერთი რაც შეგვიძლია აღვნიშნოთ, ეს არის ჩვენი ხედვა, რომელიც გულისხმობს სწორედ ადამიანური კაპიტალის განვითარებას და თვითონ ეს ტერმინიც მოიცავს ყველა ამ  სფეროს - ეს იქნება  განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი. ანუ, ყველა ამ მიმართულების ბალანსირებულ და დინამიური განვითარებას. თავისთავად ერთი კოორდინაციის ქვეშ, რაც თავისთავად გულისხმობს კოორდინირებულ მუშაობას ყველა ამ მიმართულებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევძლებთ ყველა ამ მიმართულებით მივიღოთ გარკვეული გაუმჯობესება და ეს იქნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რომელიც აისახება კონკრეტულად როგორც თითოეულ სფეროზე, ასევე როგორც აღვნიშნეთ, მთლიანობაში მოგვცემს ადამიანური კაპიტალის მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას.

მეორე საკითხი, რაც თქვენ დაასახელეთ, რას გამოიწვევს ეს, აქაც მინდა აღვნიშნო, რომ მუშავდება სტრატეგია, რომელიც ასევე იქნება ერთიანი სტრატეგია ამ მიმართულების, რომელიც, ალბათ, მალე იქნება წარმოდგენილი თუ რა კონკრეტულ მიმართულებებს მოიცავს. თავისთავად ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს ამ შემთხვევაში, ეს სწორედ ამ სტრატეგიაზე იქნება დამოკიდებული. იმიტომ რომ, ჩვენი ხედვით სტრუქტურა, ფუნქციები, ადამიანები ორიენტირებულები უნდა იყვნენ სტრატეგიის შესრულებაზე და არ უნდა იყოს პირიქით, როდესაც ვთქვათ კონკრეტულად რაღაც სტრუქტურას ვუსადაგებთ რაღაც სტრატეგიას. ამიტომ სტრატეგიულ ხედვასთან ერთად უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდება როგორ უნდა მოხდეს. ეს თავისთავად არ ნიშნავს ადამიანური რესურსების შემცირებას, პირიქით, შეიძლება გარკვეული მიმართულებით ვიფიქროთ რაღაც მიმართულების გაძლიერებაზეც, თუმცა შეიძლება გარკვეული მიმართულებით კორექტირებებიც მოხდეს.  

პრემიერმა ბახტაძემაც დაადასტურა, რომ განათლება ეს არის გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი. თქვენ „ქართული ოცნების“ მეხუთე განათლების მინისტრი ხართ, ვინც ამ უწყებას ჩაიბარებს სხვა მიმართულებებთან ერთად. თქვენი მოსაზრებით, რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდა ამ სფეროს განსავითარებლად?

ალბათ, დადგა ის ეტაპი, როდესაც მნიშვნელოვან რეფორმებზე საუბარი უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ, ძალიან ბევრი სამუშაო რეალურად უკვე შესრულებულია. ეს ეხება იგივე ინფრასტრუქტურას, სხვადასხვა სახელმძღვანელოების პრობლემის გადაჭრას და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა ვფიქრობთ, რომ ხარისხობრივად შემდეგ ეტაპზე უნდა ავიდეთ, როდესაც უნდა ვიფიქროთ კიდევ უფრო განვითარებაზე. ვფიქრობთ, რომ რეფორმების ეს მეორე ეტაპი, რომელიც ჩვენი მოსაზრებით, ალბათ, ბევრი სტრატეგიული პრობლემის გადამჭრელი იქნება, უნდა იყოს მყარი საფუძველი, რომელმაც გრძელვადიან პერიოდში სწორი განვითარება უნდა მოგვცეს. იგივე, როდესაც ჩვენ განათლებაზე ვსაუბრობთ, წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, მყარი განვითარება, მყარი ხარისხობრივი განათლების სისტემის გარეშე. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი სისტემა, რომელშიც შეიძლება იცვლებოდეს ადამიანი, მაგრამ სისტემა რჩებოდეს, სისტემა ვითარდებოდეს. ამიტომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ერთჯერადი რაღაც გარკვეული კოსმეტიკური ცვლილებები, არამედ შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც სწორედ ადამიანებზე არ იქნება დამოკიდებული და თვითონ სისტემა იზრუნებს ამ სფეროების განვითარებაზე.

თქვენ წარდგენის დროს ბრძანეთ, რომ უსწრაფესი ნაბიჯების უმოკლეს ვადებში გადადგმა არის მნიშვნელოვანი. საწყის ეტაპზე სად უფრო ხედავთ ჩარევის აუცილებლობას, რა მიმართულებით, რა სფეროში?

რა თქმა უნდა, განათლება არ არის ისეთი მოკლევადიანი ამოცანა, მით უმეტეს, სტრატეგიულ განვითარებაზე ვსაუბრობთ. იქნება გრძელვადიანი ამოცანები, რომელიც მიგვიყვანს გარკვეულ მნიშვნელოვან შედეგამდე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც მოკლე პერიოდში ჩვენ არ უნდა ავიღოთ ორიენტირები, რომელიც ორიენტირებული იქნება სწრაფ გადამზადებაზე, დასაქმებაზე, სამუშაოზე, ორიენტირებულ მოსამზადებელ პროგრამებზე. ამიტომ ხვალ ჩვენ პარლამენტში წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას, სადაც დეტალურად იქნება საუბარი როგორც გრძელვადიან იმ მიზნებზე, რომელზეც ვფიქრობთ, რომ უნდა განვახორციელოთ, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, უმოკლეს პერიოდებშიც უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც თვალსაჩინო გახდება ნებისმიერი მოქალაქისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ჩართულია განათლების, კულტურის, სპორტის აღნიშნულ სფეროებში.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ბოლო დროს სასკოლო უსაფრთხოება. ჩვენ ტრაგედია გვქონდა, რომლის გამოძიება ამ დრომდე გრძელდება, ხორავას ქუჩის ამბავს ვგულისხმობ. თქვენ რა ხედვა გაქვთ ამ მიმართულებით? იყო საკანონმდებლო ცვლილებებიც, ინიციატივებიც. თქვენ როგორ ხედავთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს?

მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ვფიქრობ, ყველა მშობელს სჭირდება ის შეგრძნება, რომ როდესაც ბავშვი მიდის სკოლაში, ის უსაფრთხოდ გრძნობს თავს. თავისთავად, ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, რაშიც იგულისხმება იგივე მანდატურების ფუნქციების გაფართოება, მანდატურების კვალიფიკაციის ამაღლება, სკოლების ტექნოლოგიური აღჭურვის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით კანონპროექტი უკვე შემუშავებულია, რომელიც ვფიქრობთ, რომ უკვე დაიწყება მისი განხორციელების ეტაპი, რომელიც ერთ ნაბიჯია და გეთანხმებით, რომ ეს არ ნიშნავს არაფერს, ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომ ნებისმიერმა მშობელმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, როდესაც საკუთარ შვილს სკოლაში უშვებს.

განათლების შესახებ საუბარი დიდად გაგვიგრძელდა და კულტურას და სპორტსაც რომ შევეხოთ. პირველ რიგში, კულტურის შესახებ რომ ვისაუბროთ, აქ რა პრიორიტეტებია განსასაზღვრი და სად ხედავთ პრობლემურ საკითხებს?

როგორც ვახსენე, ერთიანი სტრატეგია შემუშავდება. შეიძლება თქვენს კითხვებში იგრძნობოდა, მაგრამ ჩვენს სტრატეგიაში გვინდა, რომ განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი იყოს ერთ ხედვაში წარმოდგენილი, რომელიც მოიცავს ერთიან სტრატეგიას, ერთიან დინამიურ განვითარებას. ამიტომ ვფიქრობთ, რომ როგორც კულტურის, ისე სპორტის მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. დაგეგმილია ბევრი როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ვფიქრობთ, რომ ამ ერთიან სტრატეგიაში მოცემული იყოს უფრო გრძელვადიანი ხედვა თავისი კონკრეტული შედეგებით, რომელიც, როგორც ვთქვი, ბევრი პროექტი წარმატებით უკვე დაწყებულია. აქ საუბარია იგივე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც უმნიშვნელოვანესი ღონისძიება გველოდება წინ. ასევე შეგვიძლია ვახსენოთ სპორტული ღონისძიება, იგივე ჭადრაკის ოლიმპიადა, რომელიც ბათუმში შემოდგომაზე გველოდება. ამან შეიძლება მიიღოს ისეთი სისტემატური ხასიათი, რომელიც თავისთავად როგორც გრძელვადიან სტრატეგიაში აისახება, ისევე ამ პერიოდში თავისთავად მოგვიტანს ამ სფეროების განვითარების საკმაოდ მყარ პრინციპებს.

ვიდეო

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები