18 ნოემბერი 2018

„საქართველოს მთავარი ამოცანა ჰააგაში ოკუპანტის დანაშაულების დადგენაა“

ინტერვიუ თავდაცვის მინისტრთან

ჰააგაში მიმდინარე გამოძიების საკითხი კვირის ერთ-ერთი მთავარი თემა და პოლიტიკური ბრალდებების საფუძველი გახდა. თეა წულუკიანმა „იმედი live”-ს ეთერში განაცხადა, რომ „ფატუ ბენსუდას მიჰყავს გამოძიება დანაშაულებზე, რომლებიც შეიძლება იყოს მომხდარი აგვისტოს ომის დროს. თუკი ის მივა დასკვნამდე, რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება კონკრეტული ადამიანების დაკავების მოთხოვნით მიმართოს იმავე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს. აქ საქართველოს სახელმწიფო ვერ იქნება ვერასოდეს მხარე ან რამეში დადანაშაულებული“. ამ განცხადების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ უსტიციის მინისტრმა ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები კერძო პირებად გამოაცხადა, რომლებსაც დამოუკიდებლად მოუწევთ რუსული არასამთავრობოების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ ბრძოლა ჰააგის სასამართლოში. წულუკიანმა განმარტა, რომ გამოძიება საიდუმლოებითაა დაცული და ვიცით მხოლოდ ერთი, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი არის და იქნება ის, რომ რუსი გენერლების და კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის პირთა გვარი და სახელები დადგინდეს მტკიცებულებებით და განსასჯელის სკამზე დაჯდეს ის, ვინც ჩაიდინა რუსის მითითებით ცხინვალის რეგიონში ჩვენი ტყვეების წამება, მკვლელობა და ქართველების ეთნიკური წმენდა. ჰააგის სასამართლოზე, ქართველ ჯარისკაცებსა და ზოგადად, ჯარის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის შესახებ „ქრონიკის“ წამყვანის, თეა სიჭინავას კითხვებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უპასუხა.
 

ლევან იზორია

ლევან იზორია
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

რამდენიმე საკითხზე მოგვიწევს საუბარი, მაგრამ მოდით, ლაპარაკი უშუალოდ ჯართან დაკავშირებით დავიწყოთ და იმ აჟიოტაჟს შევეხოთ, რომელსაც მიმდინარე კვირას ვაკვირდებით. ყოფილმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა, ჯარის ატრიბუტიკით მიმართვა ჩაწერეს, რასაც მკვეთრი რეაქცია მოჰყვა, რადგან ჯარი საკმაოდ სენსიტიური საკითხია. რამდენად დაცულია დღეს ჯარი პოლიტიზებისაგან და რა მექანიზმს მიმართავს და იყენებს თავდაცვის სამინისტრო ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად?

რაც შეეხება შეიარაღებული ძალების დაცულობის ხარისხს, მინდა ვთქვა, რომ ის არის სახელმწიფოს საფუძველთა საფუძველი, აქიდან გამომდინარე მისი პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი და მიუკერძოებლობა არის სასიცოცხლო ინტერესში სახელმწიფოსთვის, თითოეული მოქალაქისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, ჩვენი პოლიტიკური გუნდი შესაბამისად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯარი აპოლიტიკური იყოს და ეს ამ წლების განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა. ამას პრინციპულად ვაგრძელებთ, რომ შეიარაღებული ძალები იყოს ქვეყნის ინსტიტუციური საფუძველი, პოლიტიკისგან რაც შეიძლება მიუკერძოებელი. რაც შეეხება ცალკეული სამხედრო მოსამსახურის, ყოფილი გენერლების, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ბატონი ჭანკოტაძის განცხადებას, მინდა ჯერ პირადი განწყობა დავაფიქსირო, მხოლოდ პატივისცემა ყველა სამხედრო მოსამსახურის მიმართ, რომელიც შეიძლება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სამწუხაროდ ის გამოყენებულია ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, როგორც ინსტრუმენტი. ამას მოწმობს მისი განცხადება, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგის ტრიბუნალი, როგორც მან ბრძანა, ეცდება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გასამართლებას, რაც აბსოლუტური ტყუილია. თანაც, როდესაც ჩვენ ვწუხვართ მის აქტიურობაზე, ის ბრძანებს, რომ ის არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ აქტიურობს როგორც სამხედრო მოსამსახურე, თუ გინდ ყოფილი...

მას აქვს პრეტენზია, რომ როგორც ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია დააფიქსიროს თავისი აზრი. ანუ, ის ხომ გარდა იმისა, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, საქართველოს მოქალაქეცაა?

მოდით გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პოლიტიკური პროცესი, შეიარაღებული ძალები. პოლიტიკურ პროცესში ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს დისკუსიები, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პოლიტიკური ინტერესები წარმოვადგინოთ ორგანიზებული სახით, პარტიული სახით, მაგრამ როდესაც მიუკერძოებლობაზე ვსაუბრობ, ვსაუბრობ სახელმწიფო ინტერესისა და პარტიული ინტერესის გამიჯვნაზე. როდესაც ეს განცხადება ხდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის რეკლამის საფუძველი, ცხადია, რომ ეს ზღვარი დარღვეულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის შეცდომაშია შეყვანილი.

მას ასეთი განცდა არ ჰქონია, მე რამდენადაც ვიცი, არც გაუკეთებია ასეთი კომენტარი.

როდესაც ამბობს, რომ მე არ ვაკეთებ პოლიტიკური განცხადებას, მაგრამ როდესაც პოლიტიკური პარტია იყენებს მის განცხადებას რეკლამისთვის, მე მგონი ბავშვიც დარწმუნდება, რომ ეს უკვე არის მისი განცხადების ინსტრუმენტალიზება. შესაბამისად, მიუხედავად ჩემი პატივისცემისა ყველა სამხედრო მოსამსახურის მიმართ, კიდევ ერთხელ, ქვეყნის ინტერესებიდან, სახელმწიფო ინტერესებიდან და პოლიტიკური ნეიტრალობის ინტერესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით სახელმწიფოებრიობის საფუძველთა საფუძველი, როგორიცაა ჯარი, მათ შორის ყოფილმა სამხედრო მოსამსახურეებმა, რა თქმა უნდა სამხედრო ატრიბუტიკის და შეიარაღებული ძალების სახელით საუბრისგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავონ, სწორედ ამ მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე. თუმცა მათ, როგორც მოქალაქეებს, პოლიტიკურ დისკუსში მონაწილეობის უფლება აქვთ, განსაკუთრებით სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სწორედ ამ მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარე კონსტიტუციურადაც შეზღუდულები არიან პოლიტიკურად იაქტიურონ, აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი შეხედულება ცალკეული პარტიის მიმართ არჩევნებში მონაწილეობის მიღებით. ასე, რომ ეს არის სასიცოცხლო პრინციპი, რომელიც თითოეულმა უნდა დაიცვას, განსაკუთრებით სამხედრო მოსამსახურეებმა, მათ შორის ღვაწლმოსილმა გენერლებმაც, რომლებსაც განსაკუთრებული ამბიცია აქვთ სამხედროების სახელით ისაუბრონ.

თქვენ თქვით, რომ თითოეულმა უნდა დაიცვას ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრინციპი, მაგრამ მცირედი პრეტენზიები თქვენი მისამართითაც ისმოდა, როდესაც გენშტაბის მოქმედი უფროსის მხრიდან საპასუხო განცხადება გაკეთდა. აქ გაჩნდა მოსაზრება, რომ თუ ჯარის აპოლიტიკურობაზე ვსაუბრობთ და მისი დისტანცირება გვინდა პოლიტიკური პროცესებისგან, რატომ არ გააკეთა ამ საკითხზე განცხადება თავდაცვის მინისტრმა, რომელიც პოლიტიკური ფიგურაა და გააკეთა გენშტაბის უფროსმა, რომელიც უშუალოდ ჯარის ხელმძღვანელია?

არ ფლობთ სწორ ინფორმაციას. მე იმავე დღეს გავაკეთე განცხადება.

კი ბატონო, მაგრამ გენშტაბის უფროსის ჩართვა რატომ იყო საჭირო?

არავინ არ ჩართულა, გეტყვით აქ როგორ არის. პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას არ დავარქმევ იმ განცხადებას. რაც შეხება თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, ეს განცხადება იმავე დღეს გაცხადდა და შეგიძლიათ ნახოთ. როდესაც ბატონმა გენერალმა განცხადება გააკეთა, იმავე დღეს თავდაცვის სამინისტრომ განცხადებითვე უპასუხა, რომ არ არის მიზანშეწონილი სწორედ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისგან პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობა და განსაკუთრებით, შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის მცდელობა, რაც ჩვენ განცხადებით დავაფიქსირეთ, ამიტომ ამ კრიტიკას ვერ მივიღებ. რაც შეეხება გენშტაბის პოზიციას, ის იყო აბსოლუტურად აპოლიტიკური და ამიტომ მინდა პოლიტიკისგან გავმიჯნო. პოლიტიკაა, როდესაც გარკვეულ სპეკულაციებს, გარკვეულ ვარაუდებს, ან გარკვეულ შეფასებებს აკეთებ, გარკვეული მოვლენის მიზანშეწონილობასაც აფასებ, ანუ პოლიტიკურ დისკურსში შედიხარ. ხოლო გენშტაბის ხელმძღვანელის და გენშტაბის წარმომადგენლების განცხადება ეხებოდა ისევ და ისევ სასიცოცხლო პრინციპების დაცვის აუცილებლობას და მოწოდებას, რაც არა მხოლოდ შეიარაღებული ძალებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენი სახელმწიფოსთვის არის გადამწყვეტი. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც ზოგადად ჯარი გახადა მიმდინარე კვირის განცხადებებისა და ბრალდებების ერთგვარ სამიზნე შეეხებოდა ჰააგაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს. „იმედი live“-ს ეთერში იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა საკმაოდ მწვავე განცხადებები ოპოზიციის მხრიდან, მინისტრის გადადგომაც მოითხოვეს და მათ დაასკვნეს, რომ შეიძლება ჰააგაში კონკრეტული სამხედრო მოსამსახურეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და ამაში დაინტერესებულია საქართველოს ხელისუფლება. იურიდიულად აგვიხსენით, არის თუ არა შესაძლებელი თუნდაც აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტული სამხედრო პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა ჰააგაში?

ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. პირველი, ვინც ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი გმირების, ამ ქვეყნის საამაყო შვილების ინტერესებს იცავს, ეს არის სახელმწიფო და განსაკუთრებით თითოეული, ვინც პასუხისმგებელია მათი ინტერესები დაიცვას, მათ შორის ხელისუფლება. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამოცანა და მთავარი მიზანი, რისთვისაც მტკიცებულებებია წარდგენილი ჰააგის სასამართლოში, გახლავთ ის, რომ დადგინდეს ოკუპანტის დანაშაულები და დადგინდეს მისი პასუხისმგებლობა. ამას მე განვამტკიცებ ახლა გარკვეული გადაწყვეტილებებით. კერძოდ, რომელიც მიიღო ჰააგის სასამართლომ, როდესაც გადაწყდა, რომ აღნიშნულ სასამართლოს ეწარმოებინა გამოძიება, წინასასამართლო პალატამ მიიღო რა ეს გადაწყვეტილება, სამართლებრივად ასევე მოახდინა გარკვეული გადაწყვეტილებების დეკლარირება. განსაკუთრებით 4 პუნქტს შევეხები. პირველი იმას, რომ საგამოძიებო უფლებამოსილებები გავრცელდეს 2008 წლის 1-ლი ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით. ანუ, არა მხოლოდ საომარი მოქმედებებით შემოიფარგლოს საგამოძიებო მოქმედებები, არამედ 1-ლი ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, რაც საფუძველს აძლევს სასამართლოს, ერთი - გამოავლინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებები, გამოავლინოს განსაკუთრებით ფაქტები, რომელიც ადასტურებს ტყვედ ჩავარდნილი ქართველი სამხედროების წამების, ასევე სიკვდილის ფაქტებს, რომელიც ამ საბრძოლო მოქმედებების შემდეგ პერიოდს ემთხვევა. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ პრინციპულად ხდება ხაზგასმა იმის, რომ ცხინვალის რეგიონი არ არის ცალკე სახელმწიფო, არამედ არის საქართველოს ნაწილი, რომ საერთაშორისო კონფლიქტი სწორედ ამ პერიოდს მოიცავს, რომელიც საგამოძიებო უფლებამოსილებების ფარგლებში გავრცელდება რუსეთსა და საქართველოს შორის და რომ განსაკუთრებით ადგილი ჰქონდა სისტემურ შესაძლო დანაშაულებებს ეთნიკური ნიშნით ქართველების წინააღმდეგ. ეს არ იყო ერთი დღის გადაწყვეტილება. თქვენ იცით, რომ 2008 წლის 14 აგვისტოს ჰააგის სასამართლომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო წინა საგამოძიებო მოკვლევა, შემდგომ  2012 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს მოთხოვნით, ეწარმოებინა გამოძიება, რადგან აქ წინა ხელისუფლების პირობებში ეფექტიანად არ მიდიოდა გამოძიება. ხოლო 2012 წლის შემდეგ, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში გამოკითხვის შედეგად მოძიებული იქნა 7 000-მდე ჩვენება, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტები იქნა დადგენილი, რაც წარედგინა სასამართლოს და სასამართლომ სწორედ ამ წინა სასამართლო ეტაპის საფუძველზე 2016 წელს მიიღო ის გადაწყვეტილებები, რაზეც ახლა მოგახსენეთ.

ისევ ჩემს კითხვას დავუბრუნდეთ. თქვენ მოყევით ვრცელი ისტორია, როგორ მივედით ამ საგამოძიებო მოქმედებებამდე, მაგრამ ბრალდების პასუხი, რომ კონკრეტული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება თუ არა, ამაზე ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამორიცხულია?

ეს ლოგიკურად და სამართლებრივად შეუძლებელია, წინა სასამართლო პალატის  გადაწყვეტილებაც დავიმოწმე ამისთვის, რომ საუბარია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაზე, საუბარია ეთნიკური წმენდის ფაქტებზე, საუბარია ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წამების და მკვლელობის ფაქტებზე, რაც უნდა დადგინდეს და რაც შედეგად გვაძლევს სწორედ ოკუპანტის მიერ ჩადენილი დანაშაულებების დადგენას.

თქვენ რამდენჯერმე გაუსვით ხაზი, ასევე საქართველოს ხელისუფლების მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებმა, მათ შორის იუსტიციის მინისტრმაც რამდენჯერმე აღნიშნეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანია ჰააგაში კონკრეტული რუსი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის და დანაშაულებრივი ქმედებების დამამტკიცებელი ფაქტები დაიდოს, მაგრამ აქ არის მეორე „მაგრამ“. რუსეთი არ არის რომის სტატუტის ხელმომწერი და რატომ გვაქვს განცდა, რომ ჰააგაში მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც ჩვენთვის არის სასურველი?

ეს არ არის რუსეთისთვის იმუნიტეტი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინეს. შესაბამისად, სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სტატუტის წევრი არ არის, აბსოლუტურად შესაძლებელია დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ის, რომ რუსეთი რომის სტატუტის წევრი არ არის, ეს არ ნიშნავს იმუნიტეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ მათ პასუხი აგონ კონკრეტული დანაშაულებებისთვის.

რა ფორმით არის ჩართული თავდაცვის სამინისტრო მტკიცებულებების მიწოდებაში იუსტიციის სამინისტროსთვის, რომელიც შემდეგ მტკიცებულებებს აწვდის ჰააგის პროკურორს?

მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მათ შორის თავდაცვის უწყება ამ წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული იმ მტკიცებულებების შეგროვებაში, რომელიც გაამყარებს ოკუპანტის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტებს. საუბარია ისეთ მტკიცებულებებზე, როგორიც არის ინფორმაცია განაღმვით სამუშაოებზე, სადაც დანაღმული იყო ტერიტორიები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარადარო მონაცემებით ასევე დგინდება ცალკეული ავია დარტყმების განხორციელება, ასევე ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ თვალსაზრისით, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია სატელიტური სურათებით, თუ რა მდგომარეობა იყო ომამდე და ომის შემდეგ. სწორედ ამ ეფექტიანი მუშაობის შედეგად და განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული, ძალიან წარმატებული მუშაობის შედეგად შეგროვდა ძალიან მყარი მტკიცებულებები. ჩვენ ამ მუშაობის შედეგად მათგან წერილობით მადლობაც კი დავიმსახურეთ. ასე, რომ ყველა უწყება ჩართულია იმისთვის, რომ სწორედ ამ მთავარ ამოცანას ადეკვატურად ვუპასუხოთ, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ დადგეს აგრესორის და დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

მე ეს კითხვა იმიტომ დაგისვით, რომ ოპოზიციას ამ დღეების განმავლობაში მუდმივად აქვს პრეტენზია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების მისამართით, რომ არათანმიმდევრული, არასაკმარისი ნაბიჯები იდგმება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.  

პირდაპირ ვიტყვი, ეს არის რუსული პროპაგანდის და რუსული თანამედროვე მეთოდებით ბრძოლის ერთ-ერთი სახეობა. თქვენ იცით, რომ დღეს რუსეთი ცდილობს არა მხოლოდ კონვენციური ...

ქართულ ოპოზიციაზე ვსაუბრობთ.

მე მესმის, რომ გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებში არიან რუსეთის მოქალაქეები, პოლიტტექნოლოგები. მათგან რომელი იტყვის, რომ არ წარმოადგენს რუსულ ინტერესებს, ბავშვიც ვერ დაიჯერებს ამას.

ვაშაძის საარჩევნო შტაბს გულისხმობთ, ალბათ.

ვგულისხმობ. აქიდან გამომდინარე, რუსეთის ეს რბილი ძალა მიმართულია ერთადერთი იმისკენ, რომ სწორედ იქ დაარტყას, რომელიც, როგორც თავშივე ვთქვი, საფუძველთა საფუძველია - შეიარაღებულ ძალებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ჩვენს საამაყო გმირ ჯარისკაცებს უთხრან, რომ თითქოსდა მათ ასამართლებენ ჰააგის სასამართლოში და ეს არის თითქოსდა ამ ხელისუფლების ინიციატივა და სურვილი. რუსული პროპაგანდის ნაწილი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოწყვლადი გახადოს ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ჩრდილო ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით და აქ მედროშე სწორედ საქართველოა, შეიარაღებული ძალებით. ეს მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ მოწყვლადი გახადონ სწორედ დემორალიზებით, დემოტივაციით. ეს არის მთავარი მიზანი რუსული რბილი ძალის, რომელსაც სამწუხაროდ, შეგნებულად, თუ შეუგნებლად, მინდა იმედი დავიტოვო, რომ ბევრი მათგანი შეუგნებლად, მათ შორის  სამწუხაროდ საპატივცემულო სამხედრო მოსამსახურეები, როგორც მსხვერპლნი, ისე არიან ამ პროცესში გამოყენებულები.          

საპირისპიროს ამბობს ის პოლიტიკური ძალა, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ და ამის არგუმენტად მოჰყავს კონკრეტული პოლიტიკოსის მოსაზრებები ან წიგნიდან ამონარიდები, რომ ეს ჰააგაში სწორედ საქართველოს წინაღმდეგ იქნება გამოყენებული რუსეთის მხრიდან. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზეა საუბარი. მაშინ თქვენ აგვიხსენით, კონკრეტული იმ პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელსაც არ ჰქონია შემხებლობა 2008 წლის გადაწყვეტილებებთან, ან არ შეეძლო გავლენა მოეხდინა საომარ მოქმედებებში გადაწყვეტილებებზე, ზოგადად იმ პერიოდში პოლიტიკაზე და არა მარტო სამხედრო გადაწყვეტილებების პოლიტიკაზე, შეიძლება თუ არა მანამდე და მას შემდეგ გაკეთებული განცხადებები ჰააგის სასამართლო პროცესში მართლაც იყოს გამოყენებული მტკიცებულებების სახით?          

ზოგადად ვთქვათ, ეს ყველა იურისტმა იცის, რომ ცალკეული განცხადებები გამოძიების პროცესში მტკიცებულების სახით არ იქნება გამოყენებული.

ვსაუბრობთ პრეზიდენტობის კანდიდატზე, რომელიც შეიძლება გახდეს პრეზიდენტი.

თქვენ აბსოლუტურად სწორად გაუსვით ხაზი, მით უფრო, რომელსაც შემხებლობა არ ჰქონდა ამ პროცესებთან. შეიძლება სასამართლოს პრაქტიკა არსებობს ცალკეული პრეზიდენტის გამონათქვამებთან დაკავშირებით, ცალკეულ საპასუხისმგებლო პოლიტიკურ ფიგურებთან დაკავშირებით, რომლებსაც გარკვეული წვდომა ჰქონდათ ინფორმაციასთან, პროცესებთან, მოვლენებთან. მით უფრო, თქვენც თქვენივე კითხვაში ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსს, რომლის განცხადებაზეც ვსაუბრობთ, არავითარი შემხებლობა, არავითარი კონკრეტული ფაქტი იმასთან დაკავშირებით, თუ არ ხდებოდა ამ პერიოდში, მისი მტკიცებულებები, ზოგადი განცხადებები გამოძიებისთვის მტკიცებულებად გამოყენებული ვერ იქნება.

მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსაც შევეხოთ. სხვათა შორის, როდესაც ბოლო დროს ჯარზე და ჰააგაში მიმდინარე პროცესებზე ვსაუბრობთ, ალბათ თქვენც დამეთანხმებით, ქვეყნის შიგნით არსებული ეს დისკუსია საერთაშორისო დონეზე აზიანებს მაინც აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

მე ვფიქრობ, რომ აქ ყველა უნდა იყოს კონსოლიდირებული. ყველა უნდა იყოს კონსოლიდირებული იმ მიზნის გარშემო, რასაც ჰქვია ოკუპანტის დასჯა და კონკრეტული დამნაშავეების ძალიან ავტორიტეტული სასამართლოს მიერ, როგორიცაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში, გამოვლენა კონკრეტული დანაშაულების, რაც რასაკვირველია არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, არამედ საერთაშორისო საზოგადოების ფარგლებში აზრის კონსოლიდირებას შეუწყობს ხელს, რომ მართლაც რუსეთი იყო აგრესორი და რომ მან განახორციელა კაცობრიობის წინააღმდეგ და ქართული ეთნოსის წინააღმდეგ დანაშაულები.

მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსაც შევეხოთ-მეთქი და შევეხოთ. პირველი ტურის დასრულების შემდეგ მმართველმა გუნდმა ასეთი განცხადება გააკეთა, რომ ხალხისგან მიიღო გზავნილი და გზავნილი გასაგებია. ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ პირველი ტურის შედეგებთან დაკავშირებით იღებენ პასუხისმგებლობას. თავდაცვის სამინისტროს და მინისტრის პასუხიმგებლობის წილი როგორია და რაში გამოიხატება?

თავდაცვის მინისტრის, თავდაცვის უწყების, მთლიანად პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით არის ის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ ინსტიტუტის მიუკერძოებლობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს მაქსიმალურად ჰქონდეს განცდა, რომ სახელმწიფო პრაქტიკული ნაბიჯებით ყველაფერს აკეთებს ერთი - საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და ამას მოწმობს პრაქტიკული შედეგები, რომელიც გვაქვს და ეს არ არის თვითშეფასება, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეფასება. თქვენ იცით, რომ სულ რაღაც 2 კვირის წინ მივიღეთ ბატონი მატისისგან წერილი პრემიერმინისტრის სახელზე, სადაც ის სამაგალითოს უწოდებს იმ რეფორმებს, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით და ნატოში ინტეგრაციის კუთხით გადაიდგა. და მეორე  - ჩვენი პასუხისმგებლობა თითოეული სამხედრო მოსამსახურის და ოჯახის წინაშე გამოიხატება ასევე იმ პირობების გაუმჯობესებაში, რაც მათ სოციალურ პირობებს უკავშირდება.

აუცილებლად გკითხავთ ამაზე, მაგრამ მანამდე, როცა პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ, გასაგებია უწყების მუშაობა, მაგრამ უწყებაში არიან ადამიანები, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე, მათ შორის მინისტრიც, რომლის მისამართითაც იყო ბრალდება კორუფციასთან დაკავშირებითაც. თქვენ ამას შავი პიარი უწოდეთ. დრო ამ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, ყველა ამ საკითხს დეტალურად ჩავუღრმავდეთ, მაგრამ ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ: შეგიძლიათ დარწმუნებით თქვათ, დაამტკიცოთ, რომ ეს შავი პიარია და ამ ბრალდებას რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს?

ერთადერთი, როდესაც საჯაროდ გავაკეთე განცხადებები, ვთვლი, რომ ვალდებული ვარ საზოგადოებას და განსაკუთრებით, როგორც თავდაცვის მინისტრმა, ჩემს სამხედროებს ავუხსნა, თუ რაში მდგომარეობს სიმართლე. ეს სიმართლე ყველას შეუძლია იხილოს ჩემს ქონებრივ დეკლარაციაში. თუ რამეა დაუსაბუთებელი, მზად ვარ დღესვე გადავდგე. დამისაბუთოს ვინმემ რა არის იქ დაუსაბუთებელი. ზოგიერთისგან მოვისმინე და მიდის მსჯელობა იმაზე, რადგან იქ ყველაფერი წესრიგშია და ყველაფერი დასაბუთებულია, როგორ დაზოგა მანამდე გარკვეულ დანაზოგები. მე ვთქვი, რომ აკადემიური საქმიანობიდან მაქვს. შეუძლიათ ესეც გამოიკვლიონ, ჩემი ბიოგრაფია ამის საფუძველს მაძლევს. თანაც, ის, რაც შევიძინე, შევიძინე სანამ საჯარო სამსახურში მუშაობას დავიწყებდი, ესეც შეუძლიათ ქრონოლოგიურად ნახონ. ასე, რომ არავის წინაშე თავის მართლებას არ ვაპირებ, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ქონებრივი დეკლარაცია ნახოს, სადაც კონკრეტულად არის გაწერილი დასაბუთებულად, თუ საიდან გამაჩნია ქონება.

თქვენ სოციალური მდგომარეობა ახსენეთ და თუ შეგიძლიათ მომიყვანოთ სტატისტიკა, როგორ ზრუნავს თავდაცვის უწყება ჯარის სოციალური, ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე?

სოციალურ მდგომარეობას რაც შეეხება, ჩვენ თავიდანვე ვკითხეთ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული. რამდენიმე მიმართულებაზე გავაკეთეთ აქცენტი.   

ესეც იყო თქვენი მისამართით პრეტენზია, ჯარის სოციალური პოლიტიკის შესახებ.

მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების თანახმად, ჩვენ პირველი რაც გავაკეთეთ, გუშინწინ გავხსენით სამედიცინო ცენტრი ქუთაისში. თქვენ იცით, რომ არსებობს სამხედრო ჰოსპიტალი აღმოსავლეთ საქართველოში და დღეიდან ჩვენ უკვე გვაქვს ახალი ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოშიც, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. შემდგომი პრიორიტეტი გახლავთ იმ ვალდებულებების შესრულება, რასაც ჰქვია ბინებით საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების დაკმაყოფილება, რომელთა წინაშეც სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება. ჩვენ, თავდაცვის სამინისტრო, ამ ვალდებულებას 2013 წლიდან ყოველ წელს ვასრულებთ და ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ. ყოველ წელს გარკვეულ კატეგორიას ვაძლევთ ბინებს. მომავალ წელს 180-ს, წელს - 100-ს, ხოლო 2020 წელს, ვიწყებთ რა ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას, 728 სამხედრო მოსამსახურეს დავაკმაყოფილებთ ბინით. ასევე ჩვენთან ამ წლების განმავლობაში სახელფასო მატება იყო, პირველი ეტაპი 2013 წელს. ასევე ამ ხელისუფლების პირობებში პირველად განისაზღვრა მაღალი კომპენსაცია საერთაშორისო მისიებში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად, რომელიც 100 000 ლარს შეადგენს. ახლა ვიწყებთ ახალ სახელფასო ეტაპს, სადაც 100-დან 500 ლარის ფარგლებში, იმის გათვალისწინებით თუ რა წოდებრივი მდგომარეობა აქვს სამხედრო მოსამსახურეს, მოვუმატებთ ხელფასებს.

ვიდეო

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები