23 სექტემბერი 2017

ფეხბურთი და არჩევნები

ვინ ითამაშებს ვარსკვლავების მატჩზე ქართველი ვეტერანებიდან

29 სექტემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება საქველმოქმედო მატჩი - "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ტოტი, მალდინი, ძანეტი, შევჩენკო, ბაჯო, კრესპო, კოსტაკურტა, პუიოლი, რივალდო, დიდა და მსოფლიო დონის სხვა ვარსკვლავები. მათი სიმბოლური მეტოქე საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრები იქნება, რომლის შემადგენლობაშიც „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც ითამაშებს. ამ ფაქტმა გამოიწვია დავა იმის შესახებ, არღვევს თუ არა მმართველი ძალის კანდიდატი საარჩევნო კანონს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ბილეთებიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება. რომელ ვარსკვლავებს უნდა ველოდოთ საქართველოში და არღვევს თუ არა კალაძე კანონს? ამ საკითხებზე ჟურნალისტი თეა სიჭინავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატს ლევან კობიაშვილს ესაუბრა.

მსოფლიო ვარსკვლავების სავარაუდო შემადგენლობა თითქმის ცნობილია, თუმცა ითქვა ისიც, რომ რამდენიმე ვარსკვლავთან კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკება. რაიმე სიურპრიზს უნდა ველოდოთ თუ არა, გარდა იმისა, რაც ვიცით და რა გვარებიც გავიგეთ?

ის გვარები, რაც დასახელდა, ვიცით, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

ვეტერანებს გულისხმობთ?

თავისთავად, ყოფილ ფეხბურთელებს. აქტუალური რაც არის, 90%-ით ვიცით, რომ კაფუც დაემატა.

კიდევ ვისთან გაქვთ მოლაპარაკება?

მოლაპარაკება ძალიან ბევრთან გვაქვს. ბევრი სხვაც გვინდოდა, მაგრამ ფიზიკურად არ ეცალათ. იგივე დელ პიერო, ბალაკი. ძალიან გვინდოდა, მაგრამ არ არის ასე მარტივი. ამ ადამიანებიდან ყველას, კარიერის შემდეგ თავისი საქმე აქვს. ზოგი კლუბში მუშაობს, ზოგი - ფედერაციაში, ზოგი - ტელევიზიაში ექსპერტად და ერთ კონკრეტულ დღეს ყველა შეკრიბო, ძალიან ძნელია. მიუხედავად იმისა, რომ სურვილი ჰქონდათ, ვერ მოახერხეს. თუმცა დამეთანხმებით, რომ იმ ფეხბურთელების ჩამოსვლის ფაქტი, რომლებზეც ითქვა, ძალიან შთამბეჭდავია.

მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტოტიმ სულ რამდენიმე თვის წინ დაასრულა საფეხბურთო კარიერა, ეს პირველი მატჩი იქნება, რომელშიც ის მონაწილეობას მიიღებს. ბრაზილიელი კაფუ 90%-იანი ალბათობით იქნება ვარსკვლავურ შემადგენლობაში?

კი ბატონო. ეს დადასტურებულია, თუ რაღაც არ შეიცვალა. ვიცით, რომ მზად არის ჩამოვიდეს.

თავადაც აღნიშნეთ, რომ ძალიან რთული საქმეა; რომ ყველას თავისი დღის წესრიგი აქვს, მაგრამ თქვენ ორ კვირაში შეძელით ასეთი ვარსკვლავური შემადგენლობის მობილიზება. როგორ დაითანხმეთ ეს ადამიანები, რომ ასეთ მატჩში მიეღოთ მონაწილეობა? ვაღიაროთ, რომ მათგან ბევრმა საქართველოზე ბევრი არაფერი იცის. კალაძეს და კობიაშვილს შეიძლება იცნობდნენ, მაგრამ საქართველოს?

ორი კვირა ნამდვილად არა. ასე არ ვიტყოდი. ზაფხულის პერიოდში, ბორჯომში რაც ხდებოდა, იმ პრობლემის შემდეგ გადავწყვიტეთ. პირველი ასეთი ღონისძიება გვქონდა სექტემბრის დასაწყისში, ჩვენი ეროვნული ნაკრები როდესაც ირლანდიას ეთამაშებოდა და ვთქვით, რომ ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაირიცხებოდა დახმარებისთვის. მაშინვე გაჩნდა ეს იდეა.

ვისი იდეა იყო?

ჩვენი, ფეხბურთის ფედერაციის. მივყვები, რომ მაყურებელმა ზუსტად იცოდეს. იმ თამაშზე ვიცოდით, დაახლოებით რა თანხაზე გავდიოდით, იმიტომ, რომ ბილეთები გაყიდული იყო ირლანდიაზე და დაახლოებით 100 000 ლარი იყო. გვინდოდა, უფრო მეტი გაგვეკეთებინა ამ კუთხით და იმ პერიოდში გაჩნდა იდეა, რომ ასეთი თამაში დაგვეგეგმა. ერთი მხრივ, დამეთანხმებით, კარგი საქმე კეთდება და მეორე მხრივ,  ყველა ადამიანს აქვს საშუალება თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში და მესამე მხრივ, საყვარელი ფეხბურთელები და კარგი მატჩი ნახონ.

ეს ჩემთვისაც, ფეხბურთის მოყვარულისთვისაც ძალიან დიდი საჩუქარია, მაგრამ არის მეორე საკითხიც, რომელიც ასევე გასათვალისწინებელია. თქვენ თანხებზე გააკეთეთ აქცენტი. რა დაუჯდება ფეხბურთის ფედერაციას ასეთი ვარსკვლავების ჩამოყვანა საქართველოში და იმაზე მეტ შემოსავალს ელით, ვიდრე ამ ღონისძიების ორგანიზებაში დაიხარჯება?

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, შეუძლებელია მსგავსი ღონისძიებები სპონსორების გარეშე ჩატარდეს. არამარტო ჩვენთან, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ასეთი საქველმოქმედო ღონისძიებებია, იქ სპონსორებს ძალიან დიდი როლი აქვთ. ჩვენთანაც, რომ არა ის პარტნიორები, ვინც არიან, იგივე „ვი-თი-ბი“, ლუდი „აისი“, სხვადასხვა კომპანიები: „ევექსი“, „თეგეტა მოტორსი“, რომლებიც გვერდში გვიდგანან და გვეხმარებიან, მათ გარეშე  შეუძლებელი გახდებოდა ამ ღონისძიების ორგანიზება. ასეთ ღონისძიებას დადებითი მხარე აქვს - ერთი, რომ ყველა ადამიანს თავისი წვლილი შეაქვს და მეორეც - არაჩვეულებრივ თამაშს ნახავენ. აბსოლუტურად ვხვდები თქვენს დასმულ კითხვას...

ანუ დისბალანსი არ გექნებათ ხარჯსა და შემოსავალს შორის?

ამიტომ აღვნიშნე, რომ გასაგებია თქვენი კითხვა, როგორც დამისვით. აქ ორი რამ არის. ერთი, რაც შემოვა და იმედი მაქვს სტადიონი იქნება სავსე. თითოეული ადამიანის დასწრება მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ ძალიან სოლიდური თანხა შეგროვდება. და ხაზს ისევ გავუსვამ, რომ ეს იქნება ყველა ადამიანის თანამონაწილეობა ამ პროექტში.

გეტყვით, რატომ დავსვი კითხვა ხარჯებთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რამდენად უღირს ფედერაციას ასეთი მატჩის ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრებს გაახარებს. აქ მეორე საკითხიც არის. ვიცით, რომ თამაშში მონაწილეობს კახა კალაძეც. წარმოუდგენელიც იქნებოდა კალაძეს არ მიეღო მონაწილეობა. ისე, საქართველოს ნაკრებში მიიღებს მონაწილეობას, თუ ვარსკვლავურ შემადგენლობაში?

საქართველოს შემადგენლობაში.

კალაძეს გარეშე გასაკვირიც იქნებოდა ეს მატჩი, მაგრამ  საქმეს ართულებს ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაა და ის მმართველი ძალის კანდიდატია. ფეხბურთის ფედერაციამ რაც უნდა თქვას, ეს კალაძის აქტივად ჩაითვლება. მოახდენს თუ არა ამომრჩეველზე გავლენას, არ ვიცი. არღვევს თუ არა კანონს, როგორც კალაძე ამბობს, არ არღვევს, მაგრამ უქმნის თუ არა ეს გარკვეულ უხერხულობას ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც დამოუკიდებელი ორგანოა?

ნამდვილად ვერ გავიზიარებ ამ ამ აზრს და ნამდვილად გულდასაწყვეტია, რაც ბოლო პერიოდში კონკრეტული ადამიანებისგან, კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან ისმოდა, თუნდაც არასამთავრობი სექტორიდან. ნამდვილად ვერ დავეთანხმები და ვერ მივიღებ ამას. ძალიან მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, რომლებიც ყოველთვის სხვა კუთხით ცდილობენ ამ თემის წარმოჩენას, მათ რა მხარდამჭერებიც ჰყავთ, მარტო მაგდენი თასი აქვს კალაძეს მოგებული და სახლში უდევს.

ჩემთვის წარმოუდგენელია ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს ფეხბურთის მატჩი და იქ კახამ მონაწილეობა არ მიიღოს. სხვადასხვა ქვეყანაში როდესაც თამაშები ტარდებოდა, იქ ეპატიჟებოდნენ, იქ ჩადიოდა და თამაშობდა. და თავის ქვეყანაში, როდესაც აქ ჩამოდიან ასეთი დონის ვარსკვლავები, კახიმ არ ითამაშოს, იმიტომ რომ რომელიღაც გაუგებარი წარმოშობის პოლიტიკოსებმა არ ილაპარაკონ იმაზე, რომ თურმე კახის უფლება არ აქვს... ეს აბსოლუტურად მიუღებელი და არაადეკვატურია. ვერცერთ კანონში ვერ ვნახავთ ჩვენ, რომ სადღაც მერობის კანდიდატს არ აქვს უფლება საქველმოქმედო მატჩში მიიღოს მონაწილეობა.

თუნდაც, არასამთავრობოები იყო, ხომ, რომლებმაც თქვეს? ესეც აბსოლუტურად მიუღებელია. მათ უნდა თქვან, ეს არის კანონის დარღვევა თუ არ არის. ასეთი საუბარი, რომ „შესაძლებელია“ და „სავარაუდოა“, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და ვურჩევდი, ყოველთვის პირდაპირ თქვან, არის დარღვევა თუ  - არა.

გამოქვეყნდა საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა და დასახელდა ვინ მიიღებს მონაწილეობას ქართველი ვეტერანებიდან, ერთ-ერთ გამოცემაში წავიკითხე და ვერ ამოვიკითხე ისეთი გვარები, როგორებიც არიან: ძმები არველაძეები, ქეცბაია, კახა ცხადაძე. რატომ? არ დაპატიჟეთ ეს ადამიანები, თუ თავად თქვეს უარი?

ვიცი, საიდანაც გაქვთ ეს ინფორმაცია. აბსოლუტურად არასწორია და სამწუხაროა, როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება. თქვენ ლაპარაკობთ ძველ შემადგენლობაზე, როდესაც რამდენიმე თვის წინ ჩვენს ნაკრებს უკრაინაში ჰქონდა კერძო თამაში, უკრაინის ვეტერანებს ეთამაშებოდა და ეს არის იმ თამაშის შემადგენლობა და ძალიან ცუდია, ასეთი არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება. ხაზი მინდა გავუსვა, რომ იქაც მიიღო კახამ მონაწილეობა, ის ყოველთვის აქტიურია. მისი აქტიურობა ძალიან მახარებს. ყოველთვის თამაშობს ფეხბურთს ვეტერანებთან. მაშინაც არ გამოგვიტოვებია როგორც შოთი [არველაძე], ისე თქვენი დასახელებული ფეხბურთელები, ჩემი მეგობრები.

ამ კონკრეტულ თამაშთან მიმართებით მინდა ყველამ გაიგოს და ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ გვყავს ფეხბურთელების რაღაც რაოდენობა, რომლებიც ჩამოდიან, დღევანდელი მოცემულობით 32-24 ფეხბურთელი. თითო გუნდში, სავარაუდოდ, უნდა იყოს 18-20 ფეხბურთელი. შეიძლება დღეს გვიან ან ხვალ ეს ციფრი კიდევ გაიზარდოს. შესაბამისად, რის საშუალებაც რჩება, იმდენი ფეხბურთელი დაემატება. ვისაუბრე, რომ კახი ითამაშებს, ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი ითამაშებენ, მაგრამ მეორე მხარეც არის. ეს არ არის ვეტერანების ტიპური თამაში.

მაგრამ ჩვენ ვარსკვლავებიც არ გვყავს იმდენი, რომ მაგალითად ძმები არველაძეები გამორჩნენ ასეთ თამაშს? მათ მიიღეს მოწვევა?

ჩვენ საბოლოოდ დღეს გვიან ან ხვალ გვეცოდინება ზუსტი ციფრი და შესაბამისად შემდეგ გვექნება კომუნიკაცია ყველასთან, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ არცერთ სხვა ღონისძიებაზე, რომელიც აქამდე გვქონია ვეტერანების თამაშში, არ გამოგვიტოვებია არც შოთი, არც აჩი, არც ქეცბაია და არც სხვა ფეხბურთელები. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ისინი ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ. სამწუხაროდ, მათ იმ თამაშებში მონაწილება არ მიიღეს.

ნაკრებზეც მინდოდა მეკითხა, მაგრამ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და ამაზე სასაუბროდ სხვა დროს დაგპატიჟებთ. ძალიან საინტერესო ტენდენციას ვაკვირდებით ნაკრებზე. მიუხედავად იმისა, რომ სიმბოლური თამაში იქნება, რა ანგარიშს ელოდებით?

ჩვენთვის მთავარია, რომ, პირველ რიგში, გულშემატკივარმა ისიამოვნოს და ფეხბურთში ყველაზე დიდი სიამოვნება გოლების ნახვაა. შესაბამისად, ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი სანახაობა იყოს, მეტი გოლი გავიდეს.

თქვენც მიიღებთ მონაწილეობას მატჩში?

კი, ბატონო.

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები