16 მარტი 2019

„ნატოს წევრობა ჩვენი სუვერენული არჩევანია“

ინტერვიუ თავდაცვის მინისტრთან

მარტის ბოლოს საქართველოში ნატოს გენერალურ მდივანი, იენს სტოლტენბერგი ჩამოდის, ორშაბათს კი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნა დაიწყება, რომელშიც 24 ქვეყნის სამხედრო კონტიგენტი იქნება ჩართული. მიმდინარე კვირას იენს სტოლტენბერგმა 2018 წლის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში საქართველო „კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად“ არის დასახელებული. ჩვენი მიღწევებისა და გამოწვევების აღნიშვნის გარდა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ამოცანებიც დაგვისახა და სამოკავშირეო ოფისის გაფართოების შესახებ გვამცნო. რა გეგმები აქვს ნატოს საქართველოსთან დაკავშირებით 2019 წელს და რა გამოწვევებსა თუ რისკებს შეიცავს ის ჩვენთვის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით? „ქრონიკის“ წამყვანის, თეა სიჭინავას კითხვებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უპასუხა.
 

ლევან იზორია

ლევან იზორია
ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

კრიტიულად მნიშვნელოვანი პარტნიორი - ალბათ, ყველას ყურში ხვდება ეს ფრაზა. ხომ არ შეგიძლიათ განგვიმარტოთ, კონკეტულად რას გულისხმობს ის?

სიამოვნებით. სულ რაღაც 2-3 დღის წინ ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ გამოცემულ წლიურ ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი. ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველო არის მართლაც კრიტიკული პარტნიორი და ეს იმ მიღწევებით, რაც ჩვენ გვაქვს ნატო-სთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით გამოვყოფდი პრაქტიკული თანამშრომლობის ისეთ მექანიზმს, როგორიც არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. ეს პაკეტი 15 ინიციატივას ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით და მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ 3 დღის წინ გამოცემულ ანგარიშში უკვე დასახელებულია ინიციატივების საკმაოდ ფართო სპექტრი, რომელიც წარმატებით ხორციელდება და თუ უწინ მხოლოდ 2 ინიციატივა იყო ხაზგასმით აღნიშნული, როგორიც არის ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის განვითარება, ასევე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, წელს უკვე ვხვდებით დამატებით 6 ინიციატივას.

რა ინიციატივებია ეს, შეგიძლიათ გვითხრათ?

ეს არის სტრატეგიული კომუნიკაცია, ლოგისტიკის განვითარება, ანტისაჰაერო სივრცე, ასევე საუბარია ისეთ შესაძლებლობებზე, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება. ასე, რომ ეს არის ავიაციის მიმართულება. ეს არის მართლაც საამაყო, როცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ 2 ინიციატივას ემატება კიდევ 6 დამატებითი ინიციატივა, რომელზეც ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ წლის განმავლობაში ამ ინიციატივის ფარგლებში დასახული ამოცანები შესრულდება. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ დარჩენილი სხვა ინიციატივებიც ამ ტემპში განხორციელდება. რაც შეეხება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, ის ითვალისწინებს ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, ნატო-ში თავსებადობის ამაღლებას და ასევე, მისი ერთ-ერთი ამოცანაა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მომზადება.

ანუ, შესრულების შედეგი იქნება წინაპირობა იმისთვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას ალიანსისკენ?

რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე ამბიციური, პრაქტიკული მექანიზმი ნატო-სთან თანამშრომლობის და როგორც თავში ვთქვი, ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ საქართველოს მომზადება იმისთვის, რომ გახდეს ნატო-ს  წევრი ქვეყანა. როგორც ვთქვი, უმრავლესი ინიციატივებისა ხორციელდება ძალიან კარგი ტემპით და დინამიკით. აღიარებულია მნიშვნელოვანი პროგრესი, რასაც საქართველომ მიაღწია, მათ შორის, ერთ-ერთი ინიციატივის ფარგლებში, როგორიც არის ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი. ერთობლივი სწავლების ჩატარება ახლა, მარტის თვეში, ჯერ კიდევ გაცხადდა 2018 წლის სამიტის ფარგლებში, ნატოს მიერ გამოცემულ დეკლარაციაში, სადაც საუბარია საქართველოსთან სწავლებებისა და წვრთნების ინტენსიფიკაციაზე. სწორედ ამის ფარგლებში დაისახა მიმდინარე წლის განმავლობაში ერთ-ერთი ამბიციური სწავლება, როგორიცაა ნატო-საქართველოს სწავლება და განსაკუთრებული სიამაყით მინდა ასევე აღვნიშნო ის ფაქტი, რომ 2016 წლის ერთობლივი სწავლებისგან განსხვავებით, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდა, 2019 წლის აღნიშნული სწავლება გულისხმობს იმას, რომ პასუხისმგებლობა, როგორც მის დაგეგმვაზე, ისე აღსრულებაზე, უშუალოდ ქართულ მხარეს ეკისრება.

ამით იქნება ეს წვრთნა განსხვავებული? ის ორშაბათს იწყება ხომ?

დიახ, ორშაბათს იწყება. მე გეტყვით კიდევ დამატებით სხვა მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც მას განასხვავებს ჩატარებული ნატო-საქართველოს სხვა სწავლებისგან. კერძოდ, პირველია, როდესაც ჩვენ უშუალოდ ვართ როგორც ორგანიზატორები, ისე აღმსრულებლები, მეორე, ეს გახლავთ მონაწილე ალიანსის ქვეყნების და მათ შორის, პარტნიორი ქვეყნების რაოდენობის ზრდა. თუ უწინ 14 ქვეყანა მონაწილეობდა, ორშაბათიდან ამ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 24 ქვეყანა. ასევე მნიშვნელოვანი სიახლე გახლავთ ის, რომ სწავლებაში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიც არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, გაერო-ს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია. ანუ სამოქალაქო თავდაცვითი თანამშრომლობის ასპექტიც არის გამოყოფილი და რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სწავლებას ესტუმრება მაღალი დონის დელეგაცია. განსაკუთრებით აღვნიშნავდი ნატო-ს გენერალური მდივნის, სწორედ ამ სწავლების ფარგლებში, ვიზიტს. ასევე, სწორედ ამ სწავლების ფარგლებში ჩატარდება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომა, სადაც  ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება შესაძლებლობა, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში, ანუ ბოლო სამხედრო კომიტეტის სხდომიდან, გავლილი პერიოდის მიღწეული შედეგები გავაცნოთ ჩვენს პარტნიორებს. თუმცა, თავიდანვე  მინდა გაუწყოთ, რომ ეს შედეგები ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული, მათ შორის უკვე ხსენებული სამიტის ფარგლებში 2018 წელს და მისი დეკლარაციის ფარგლებში საქართველოს პროგრესზე იყო საუბარი. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო მნიშვნელოვან სტანდარტებს აკმაყოფილებს, რომელსაც ალიანსის წევრი და პარტნიორი ბევრი ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს, მათ შორის ფინანსურ სტანდარტებს, რომელიც ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის თავდაცვაზე 2%-ის მობილიზებას და განსაკუთრებით აქიდან 20%-ის შეიარაღებაზე მობილიზებას გულისხმობს. ასევე საუბარია ყოვლისმომცველ რეფორმებზე თავდაცვის მოდერნიზაციის თვალსაზრისით.

კი ბატონო, მაგრამ მხოლოდ თავდაცვისა და სამხედრო კომპონენტი არ არის საკმარისი ალიანსის წევრობისთვის და იმისთვის, რომ სრულფასოვანი შექება დავიმსახუროთ, ეს სტოლტენბერგმა თავის ბრიფინგზე განაცხადა კიდეც. მიუხედავად დადებითი გზავნილებისა მოვისმინეთ გარკვეული რეკომენდაცია, რჩევა, რომელიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რაც ეხებოდა რეფორმებს, კანონის უზენაესობას, თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზებას. ეს იყო ერთგვარი მინიშნება ქართული მხარისთვის და როგორ მიიღო ქართულმა მხარემ ეს?

ეს არ არის ქართული მხარისთვის მინიშნება, ეს არის ზოგადად ის, რაც აერთიანებს ალიანსის წევრ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, რომელსაც აქვს ამბიცია გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა. განცხადება ეხება იმას, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია, არამედ მათ შორის პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც გარკვეულ ღირებულებებს ეფუძნება. რაც თქვენ ბრძანეთ, ეს არის კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება. ის, რომ ნატო აღიარებს საქართველოს, როგორც კრიტიკულ პარტნიორს, სწორედ ამ ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების ხაზგასმა ხდება. იმის აღიარება ხდება, რომ სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, კანონის უზენაესობის გამყარებისა და მათ შორის, თავდაცვის უნარიანობის რეფორმირების კუთხით გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და სწორედ ამ ღირებულებებისადმი ერთგულება აძლევს ნატო-ს საფუძველს, რომ საქართველო სწორედ ასეთ პარტნიორად შეაფასოს. აქიდან გამომდინარე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენ, როგორც პოლიტიკურ ჭრილში და პოლიტიკურ ასპექტში, ქვეყნის გლობალური განვითარების თვალსაზრისით, როგორც ქვეყნისა, რომელსაც სურს გახდეს ღირსეული წევრი დასავლური ცივილიზაციისა, ისე სამხედრო კუთხით და ტრანსფორმაციის კუთხით და განსაკუთრებით მსოფლიოში გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში გაწეული წვლილისთვის და ამ წვლილის აღიარებისთვის, ნატო-ს აძლევს საფუძველს, რომ საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან, კრიტიკულ პარტნიორად აღიაროს.

ერთის მხრივ, ძალიან კარგია, როცა ამაზე ვსაუბრობთ და ასეთ გზავნილებს ვიღებთ, მაგრამ ამას მეორე მხრივ ახლავს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ნატო-სთან საუბრის დროს ჩვენ მოცემულობაში არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს. რუსეთის ფაქტორს ვგულისხმობ. ის, რომ ჩვენი ასეთი დაახლოება ხდება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ სამიზნესთან, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან, სულაც არ ახარებს და მოდუნების საშუალებას არ აძლევს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. ეს წვრთნები, პლუს სტოლტენბერგის ვიზიტი, პლუს განცხადებები, ჩვენ კარასინის ერთგვარი მუქარანარევი განცხადებაც გვახსოვს ცოტა ხნის წინ, მართალია, შემდეგ ცოტა შეარბილა, მაგრამ გარკვეულ უსიამოვნო მოულოდნელობებზე თქვა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაც იყო, რომ ნატო-ს სამხედრო პოტენციალის ზრდა უსაფრთხოების არსებულ სისტემას ანგრევს და რუსეთი იძულებული გახდება გარკვეული საპასუხო ზომები მიიღოს. ეს როგორ პერსპექტივას გვისახავს ჩვენ?

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებაა იყოს ნატო-ს წევრი ქვეყანა და არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება ჩვენს ნაცვლად გადაწყვიტოს, თუ რომელ პოლიტიკურ თუ სამხედრო ორგანიზაციაში გვსურს გაწევრიანება. ეს ერთი. ეს არის ქართველი ხალხის ურყევი ნება და მე მახარებს ის ფაქტი, რომ ეს განწყობა ურყევია დღემდე. პირიქით, მატულობს ადამიანების რაოდენობა, ვისაც ნატო-ში გაწევრიანება სურს და აქიდან გამომდინარე ჩვენთვის ნატო არის გარანტია სწორედ იმისა, რასაც ჰქვია თითოეული ადამიანის უსაფრთხო გარემოში განვითარება და ამით ქვეყნის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ჩვენი თავდაცვითი პოლიტიკა და თავისთავად არც ნატო, არ არის ორიენტირებული სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, ის არის თავდაცვითი ორგანიზაცია. მისი პოლიტიკაც სწორედ საფრთხეების შეკავებას ეფუძნება, რათა ის მილიარდიანი მოსახლეობა, რომელიც ნატო-ს ფარგლებში არსებობს სწორედ იმ ღირებულებებით დაიცვას, რა ღირებულებებისთვისაც ნატო 70 წლის წინ შეიქმნა. აქიდან გამომდინარე, ქართველ ხალხსაც აქვს ისტორიული არჩევანი გაკეთებული, რომ იყოს იმ სამყაროს წევრი, სადაც თითოეულის უფლებას პატივს სცემენ, დემოკრატიულ ინსტიტუტებს პატივს სცემენ და ასევე, მისი ტერიტორიის მთლიანობა არის უზრუნველყოფილი...

ეს არის ჩვენი პასუხი, მაგრამ რუსეთის გაღიზიანებას თუ გამორიცხავთ?

რაც შეეხება კონკრეტულ სწავლებას, ეს არამც და არამც არ არის საფრთხის შემცველი, მით უფრო რუსეთის წინააღმდეგ. იმიტომ რომ, ჯერ ერთი თავად ნატო-ს ამოცანაც წმინდა თავდაცვითია, ამ სწავლების სცენარიც არამც და არამც არ არის რუსული საფრთხის წინააღმდეგ მიმართული. ის უფრო არის გარკვეული კრიზისის მენეჯმენტის ფარგლებში საერთო მოქმედებაზე, როგრც ალიანსის, ისე პარტნიორი ქვეყნების. იმისკენაა ორიენტირებული, რომ მოხდეს მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების დახვეწა, არის უფრო სამეთაურო, საშტაბო სწავლება, რომ მოხდეს კოორდინაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და ნატო-ს თავსებადობის ამაღლება, როგორც ალიანსის, ისე პარტნიორ ქვეყნებს შორის. აქიდან გამომდინარე თვითონ სწავლების სპეციფიკა, რაც მთავარია ნატო-ს ბუნება და ასევე მისი პოლიტიკა, არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული. ის არის თავდაცვითი ორგანიზაცია. ასე, რომ რუსეთის მხრიდან გაჟღერებული ეს ეგრეთ წოდებული საფრთხეები და ეგრეთ წოდებული რისკები არის უსაფუძვლო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ ჩვენ, როგორც ნატო-ს, და ამას ყოველთვის ამბობს ნატო-ს გენერალური მდივანი, არამც და არამც არ გვაქვს ზრახვები, რომელიც გარკვეულ აგრესიულ ელემენტებს შეიცავს. ნატო ჩვენთვის სამხედრო თვალსაზრისით მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი ორგანიზაციაა, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით იმ ინსტიტუტების გამყარების გარანტი, რომელ ინსტიტუტებსაც ეფუძნება ჩრდილოატლანტიკური სივრცე.

სწავლება იწყება ორშაბათს. რა სახის იქნება ის, რამდენ ხანს გაგრძელდება და რამდენი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მასში მონაწილეობას?

ეს სწავლება იწყება ორშაბათს, როგორც აღვნიშნე სწავლებაში მონაწილეობს 24, როგორც ალიანსი წევრი, ასევე პარტნიორი ქვეყანა. სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობას რაც შეეხება, ეს არის დაახლოებით 350. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ასევე როგორც ჩვენი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების  ერთობლივი ცენტრი, ისე ნატო-ს გაერთიანებული სწავლების ცენტრი, ასევე სხვადასხვა სარდლობები აქტიურად არიან ჩართულები და პარტნიორობენ ამ სწავლებას წარმატებით განხორციელებით თვალსაზრისით. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი და განსაკუთრებით, ეს კიდევ ერთხელ არის ჩვენთვის აღიარება, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი ჩამობრძანდება. თავად ექნება შესაძლებლობა ესტუმროს მათ შორის აღნიშნულ ცენტრს. არა მხოლოდ ის, არამედ ასევე სხვა ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლებიც იქნებიან, ჩატარდება სამხედრო კომიტეტის პლენარული სხდომაც. ასე, რომ გვექნება მასშტაბური ღონისძიებები და სწორედ ასეთი სახის აქტიურობა უზრუნველყოფს განსაკუთრებით იმ პრინციპს, რასაც ჰქვია „მეტი ნატო საქართველოში“ და უფრო მეტად ზრდის ნატო-ს ხილვადობას საქართველოში, რაც ჩვენი დაცულობის და განვითარების მნიშვნელოვანი გარანტიაა.

ვიდეო

სხვა ინტერვიუები