02 აპრილი 2019

როგორ შეგამოწმებენ ნარკოტესტით და რა შემთხვევაში დაგსჯიან

ახალი რეგულაციის დეტალური განმარტება

1-ლი აპრილიდან მძღოლებს განსაკუთრებული სიფხიზლე მართებთ. თუკი აქამდე პოლიცია სპეციალური საშუალებით ადგილზე მხოლოდ ალკოჰოლზე გამოწმებდათ, ორშაბათიდან სამართალდამცველებს გონივრული ეჭვის საფუძველზე შეეძლებათ ნარკოტიკულ თრობაზე ნარკოტესტის მეშვეობით შეგამოწმონ. თანაც, 1-ლი აპრილიდან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება და ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლს ჯარიმა ან 1-წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაეკისრება. სპეციალისტების თქმით, ტესტერი ნერწყვის მეშვეობით ზემოქმედების ფაქტს 99,9% სიზუსტით ადგენს, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, დადებითი პასუხის შემთხვევაში მძღოლს გადაიყვანენ საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, სადაც მას დამატებით კიდევ 2 ტესტის გავლის შესაძლებლობა ექნება. რა დეტალები უნდა ვოცოდეთ, რომ ინფორმირებულები შევხვდეთ ნარკოტესტირების რეგულაციას, „ქრონიკის“ წამყვანის, თეა სიჭინავას კითხვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა უპასუხა.
 

თბილისი
ფოტო: shutterstock.com

მოდით, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მძღოლებს, რა ელით მათ 1-ლი აპრილიდან? ვიცი, რომ თქვენ სპეციალური ნივთით ხართ მოსული, იმით, რომლითაც შეიარაღებულები მოგვევლინებიან 1-ლი აპრილიდან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. აგვიხსენით, რა პროცედურების გავლა მოუწევს მძღოლს, რომელსაც პოლიციელი გააჩერებს გონივრული ეჭვის საფუძველზე?

ის, თუ რა ელით მძღოლებს 1-ლი აპრილიდან - ამ კითხვაზე პასუხი კიდევ ერთხელ კარგად უნდა განვმარტოთ. 1-ლი აპრილიდან ძალაში შედის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე და 276-ე მუხლების ახალი რედაქცია, რაც გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მიმდინარე ზემოქმედებით მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანუ, პირი, რომელიც „რულთან“ ზის და ამავდროულად ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშაა, მას დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომლის მაქსიმალური სანქცია ითვალისწინებს 1-წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თუ როგორ მოახდენს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ამ ფაქტების დადასტურებას, ამაზე შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ. ეს არის აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება ევროკავშირის 20-მდე ქვეყანაში, არა მხოლოდ როგორც ინსტრუმენტი, არამედ როგორც სამართლებრივი შედეგი, რაც 2 წუთის წინ ვახსენე. მაგალითად, ხორვატიაში, კანადაში, პოლონეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს იგივე ფაქტი, რაზეც ცოტა ხნის წინ გვქონდა საუბარი. ხოლო რაც შეეხება ინსტრუმენტს, თუ როგორ ხდება ამ ფაქტის გამოვლენა, ეს არის მობილური ტექსტი, ისეთივე ტიპის, როგორიცაა ალკოტესტი. თუმცა ეს არის ერთჯერადი, წარმოებულია გერმანიაში და გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო. ანუ, უშუალოდ ის ხელსაწყო, რომელსაც 1-ლი აპრილიდან დანაშაულის გამოვლენისთვის გამოიყენებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, უკვე გამოიყენება ევროპის მოწინავე ქვეყნებში.

მაინცდამაინც გერმანულ აპარატურაზე რატომ შეჩერდა არჩევანი? ანუ, ის რამით სჯობს სხვა ქვეყანაში წარმოებულ აპარატურას?

ჩვენ ამ მოწყობილობის სელექციის პროცესში გავითვალისწინეთ რამდენიმე ძირეული გარემოება. პირველი - ეს უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად მეტი ნარკოტიკული ნივთიერებათა ჯგუფის აღმომჩენი საშუალება, მეორე - უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად ცოტა სინჯის მომთხოვნი, ანუ, ნერწყვის მაქსიმალურად ცოტა რაოდენობა უნდა იყოს საჭირო და მესამე - რა თქმა უნდა, ფასი და ხარისხი. აღნიშნულ მოწყობილობას გავლილი აქვს მრავალი ლაბორატორიული კვლევა, მას მინიჭებული აქვს სხვადასხვა ხარისხის სტანდარტი, მათ შორის მწარმოებელს ISO-ს სტანდარტის სხვადახვა სერტიფიკატები, ხოლო ტექსტი იმგვარადაა კონსტრუირებული, რომ მაქსიმალურად ჰუმანური და ესთეტიკურია ეს პროცესი თვითონ დეტექციის დროს.    

ეს კონკრეტული მოწყობილობა რამდენიმე ჯგუფს გამოავლენსო და რა ჯგუფებზეა საუბარი?

შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს როგორც ექსპერტული, ასევე ინფრასტრუქტურული, ასევე ტექნოლოგიური რესურსები იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალება, რომლის ზემოქმედების ქვეშაც იქნება მძღოლი. მაგალითად, ტესტს აქვს საშუალება გამოავლინოს სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული ჯგუფები, მათ შორის ისეთი, როგორიცაა ამფეტამინის, მეტამფეტამინის ჯგუფი, მარიხუანის, კოკაინის და სხვა. ანუ, ტესტი გვაძლევს საშუალებას, რომ კომბინირებულად მოვახდინოთ იდენტიფიცირება, თუ მძღოლი არის მიმდინარე ზემოქმედების ქვეშ ერთი ან რამოდენიმე ნარკოტიკული ნივთიერებით. რა თქმა უნდა, ტესტს აქვს საშუალება, რომ კონკრეტულად დავინახოთ, თუ რომელი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება მძღოლი.

როცა ეს ინფორმაცია გახმოვანდა, გაჩნდა სადავო საკითხი, რაც დროს ეხება. 8-საათიანი ინტერვალი იქნა არჩეული თქვენს მიერ. რატომ ასეთი ინტერვალი? გაჩნდა მოსაზრება, რომ შეიძლება ავტომანქანის მართვის მომენტში მძღოლი არ იყოს ნარკოტიკული თრობის ქვეშ, მაგრამ 8 საათის წინ ჰქონდეს მიღებული გარკვეული ნარკოტიკული საშუალება. რატომ უნდა დაისაჯოს ის ან დასჯება თუ არა, თუკი იმ მომენტში არ არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ?

როგორც თქვენვე აღნიშნეთ, ტესტის სიზუსტე არის 99% და ის იყენებს სელექციურ მეთოდს. ტესტი ადგენს მიმდინარე ზემოქმედების ფაქტს და დროითი შუალედებისთვის, რაც თითოეული ნარკოტიკული ნივთიერებისთვის და ასევე თითოეული ადამიანისთვის, მისი ფიზიოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, არის საკმაოდ ინდივიდუალური მაჩვენებელი, უნდა დასმულიყო რაღაც სტანდარტი. სწორედ ამ სტანდარტიდან გამომდინარე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი პირველ რიგში ნარკოტესტის საშუალებით გადამოწმებას ახდენს კომბინირებული მეთოდით, რაც გულისხმობს იმას, რომ თუკი მძღოლის მხრიდან არსებობს ვიზუალური გამოვლინება რაიმე ნივთიერების თრობის და ეს არის მაგალითად ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა თვალის გუგის ზომა, ზოგადი მოუსვენრობა, გახშირებული სუნთქვა და ასე შემდეგ, ასევე სპეციფიკური სუნი მაგალითად ალკოჰოლის შემთხვევაში, პირველ რიგში გადაამოწმებს ალკოჰოლური თრობის ფაქტს ალკოტესტით და გამოვრიცხავთ ალკოჰოლურ თრობას, შემდეგ გადავდივართ უკვე ნარკოტიკული ნივთიერების თრობის იდენტიფიკაციაზე. მას შემდეგ, რაც ტესტი გვიჩვენებს კონკრეტულ შედეგს, დავუშვათ პოზიტიურ შედეგს, აუცილებლად ხდება მძღოლისთვის შეთავაზება, რომ მოხდეს ამ მაჩვენებლის გადამოწმება და დადასტურება კლინიკურ-ლაბორატორიული გზით, რაც ხორციელდება უკვე საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში. ანუ, ადგილზე მძღოლის გადაყვანით ლაბორატორიული და კლინიკური კვლევის საფუძველზე დადასტურდება მიმდინარე ზემოქმედების ფაქტი და შესაბამისად დაიწერება შესაბამისი დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

8 საათის ინტერვალით? ანუ, არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად იმ მომენტში ხარ თუ არა ზემოქმედების ქვეშ, თუ 8 საათს წინ გაქვს მიღებული?     

კიდევ ერთხელ ცალსახად უნდა გავმიჯნოთ, რომ საუბარი არის მიმდინარე ზემოქმედებაზე, ანუ მძღოლი უშუალოდ თრობის ქვეშ არის ახლა. თუმცა თუ მან მოიხმარა მაგალითად მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება, პირობითად მარიხუანა, ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს არ არის ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება მოხმარების ნაწილში, თრობის ნაწილში ეს გახდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანი იმ შემთხვევვაში მაგალითად, თუ სატრანსპორტო საშუალებას მართავთ, მაგრამ მძიმე ნარკოტიკების შემთხვევაში, როგორიცაა ჰეროინი, ქმედება, მათ შორის მოხმარების ნაწილში, პირველი შემთხვევა მაგალითად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციულად დასჯადი. ჩვენ რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ეს არის ცალსახად მიმდინარე ზემოქმედება, ანუ, უშუალოდ თრობის ფაქტი. ადამიანი არის თრობის ქვეშ და ამავდროულად მართავს საჭეს, ეს არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება.

კი ბატონო, მაგრამ თუკი ტესტმა გამოავლინა, რომ მის ორგანიზმში არის ნარკოტიკული ნივთიერება, დადებითი შედეგი გვაჩვენა, შემდეგ პოლიციელმა შესთავაზა მძღოლს, დამატებითი კვლევა ჩაიტაროს და ამ ლაბორატორიულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ის იმ მომენტში არ იმყოფებოდა თრობის ქვეშ, არამედ რამდენიმე საათის წინ აქვს მიღებული, ის თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან?

თუ მძიმე ნარკოტიკია...

დავანებოთ თავი მძიმეს...

მარიხუანის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.

მძიმე ნარკოტიკის შემთხვევაში?

მას დაეკისრება, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული სანქცია, თუკი მიმდინარე თრობის ქვეშ არ არის და უბრალოდ მოხმარებული აქვს პირობითად 15 საათის წინ.

კიდევ ერთი საკითხი. მაგალითად, „გირჩს“ ეკუთვნის მოსაზრება, რომ რატომ გამოიყენება ასეთი მიდგმა და არა ისეთი, როგორიც ალკოჰოლის მოხმარების დროს? აქ საუბარია იმაზე, რომ 1-ლი აპრილიდან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობა ნარკოტიკულ თრობის ქვეშ ყოფნის გამო შემოდის.

მოგახსენებთ. პირველ რიგში საზოგადოებას უნდა განვუმარტოთ შემდეგი რამ, რომ ალკოჰოლური თრობისა და ნარკოტიკული თრობის ერთ სამართლებრივ სივრცეში განხილვა არასწორი მიდგომაა. ამისთვის სამი არგუმენტია. პირველი, ალკოჰოლური ნივთიერებები, ანუ ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებები არის სამოქალაქო ბრუნვაში თავისუფლად მოძრავი ნივთიერება, რომელიც თავისუფლად იყიდება და მისი რეალიზაცია არ არის სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება, ნარკოტიკისგან განსხვავებით, რომლის რეალიზაცია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანია. მეორე არგუმენტი არის ის, რომ ალკოჰოლურ თრობას გააჩნია თავისი ფაზები. მაგალითად, ჩვენ ალკოტესტის შემოწმების დროს კანონმდებლობით სანქციას ვაკისრებთ მხოლოდ ისეთი თრობის ფაქტს, რომლის დონე აღემატება 0,3 პრომილეს სისხლის მოცულობაში. შესაბამისად მას აქვს ფაზები, არსებობს ნაკლებად მთვრალი ადამიანი, რომელიც შედარებით ნაკლები რისკის მატარებელია, განსაკუთრებით როცა ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავს და არსებობს ძალიან მთვრალი ადამიანი, რომელიც კიდევ უფრო მაღალი რისკის მატარებელია. მსგავსი რაოდენობრივი ანალიზის განხორციელება ნარკოტიკულ საშუალებაზე არ არსებობს. ანუ, ადამიანი არის ან მიმდინარე ზემოქმედების ქვეშ და მისი რეფლექსური მდგომარეობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადეკვატურად მართოს ავტოსატრანსპორტო საშუალება, ან არ არის ზემოქმედების ქვეშ. მესამე არგუმენტი არის ის, რომ საქართველო მიერთებულია უამრავ საერთაშორისო რეგულაციასთან და კანონმდებლობის სხვადასხვა ტიპებთან, რაც ცალსახად გვავალდებულებს ნარკოტიკული მოხმარების ფაქტების მკაცრად რეგლამენტირებას და საკანონმდებლო დონეზე მათ ადმინისტრირებას და შეზღუდვას და აქ არ არის ასეთი აქცენტი გაკეთებული ალკოჰოლურ თრობაზე.

ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. რამდენად ხშირად არის ხოლმე ნარკოტიკული თრობა ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი, ამის სტატისტიკა თუ არსებობს?

სტატისტიკურ მონაცემებს რაც შეეხება, საკმაოდ ხშირია ისეთი ფაქტები, როცა ნარკოტიკული თრობა არის წამახალისებელი ფაქტორი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის მოხდენის. მაგალითად, თუ მძღოლმა გადაკვეთა ორმაგი ღერძულა ხაზი და დაეჯახა, მოახდინა სატრანსპორტო შემთხვევა, აქ, რა თქმა უნდა, დაჯახების გამომწვევი მიზეზი არის, რომ მან გადაკვეთა ორმაგი ღერძულა ხაზი, თუმცა წამახალისებელი ფაქტორი არის ის, რომ ის იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ. ამიტომ საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ეს ხდება წამახალისელებლი ფაქტორი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის.

ესე იგი, 1-ლი აპრილიდან მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი მისამართით ახალი რეგულაცია ამოქმედდა.

აუცილებლად.     

ვიდეო

სხვა ინტერვიუები