12 ოქტომბერი 2017

საქართველოს საგარეო უწყების პასუხი მოსკოვს

ჟენევის მოლაპარაკებებიდან ბათუმის კონფერენციამდე

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი დასრულდა. განხილვების დროს მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები იყო. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. იმავდროულად, საქართველო ნატოს მომავალი სამიტისთვის ემზადება და ბათუმში თავდაცვისა და უასაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებას მოსკოვი უკვე გამოეხმაურა. ამ საკითხებზე "მაესტროს" კითხვებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი პასუხობს.
 

პირველ რიგში, გთხოვთ, შეაფასოთ ბათუმში მიმდინარე კონფერენცია, ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა უმაღლეს დონეზე და ასევე გაგვაცანით  ის მთავარი გზავნილები, რომლითაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოგვმართავენ.

თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციული კონფერენცია იმართება ბათუმში, რომელიც უაღრესად წარმომადგენლობითია. მასში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, ასევე მაღალი დონის სტუმრები სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნებიდან - როგორც თავდაცვის მინისტრები, ისე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები. კონფერენციას ესწრებიან ასევე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრშია და ბუნებრივია, ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც ამ კონფერენციაზე განიხილება, ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

განიხილება საკითხები, როგორიცაა ნატო-ს ვარშავის სამიტის შემდეგ შექმნილი სიტუაცია, ასევე ის მოლოდინები, რაც ჩვენ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გვაქვს; რეგიონში შექმნილი გამოწვევები და ამ გამოწვევებზე ჩვენი პასუხები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, ასევე როგორც ჰიბრიდული საფრთხეები, მდგრადობა და ჩვენი თვადაცვისუნარიანობის გაძლიერება. ეს არის ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომელზეც დეტალურად ვსაუბრობთ და ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ მაღალი დონის სტუმრების პოზიციის მოსმენა, ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა პოზიცია გვაქვს ჩვენც - როგორ ვხედავთ ამ გამოწვევებს უშუალოდ რეგიონიდან. ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი იმისა, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციაა. აქიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონფერენციაზე შეთანხმებული პოზიციების შეჯერება, რომ მომავალში ჰარმონიულად ვიმოქმედოთ.

არის თუ არა განხილვის თემა, მომავალი წლის ნატო-ს ბრიუსელის სამიტი? როგორი დღის წესრიგით ემზადება საქართველო ამ სამიტისთვის და თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამომავლო გეგმებზე?

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხია ვარშავის შემდეგ გავლილი პერიოდი და ის, თუ როგორ ვემზადებით მომავალი სამიტისთვის. გარკვეული დრო კიდევ არის. ვმუშაობთ მომავალი სამიტის მოდალობებზე და ბუნებრივია ამ ადრეულ ეტაპზე მზადების დაწყება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პარტნიორებთან, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან თავსებადი პოზიციები გვქონდეს. ნატო-ს მომავალი სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაცია, ისე როგორც ღია კარის პოლიტიკა, რომელიც ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში. ასევე მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელსაც საქართველო ატარებს თავდაცვის მიმართულებით, ასევე დემოკრატიული რეფორმები და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ამ თემაზე გვაქვს საუბარი ნატოელ პარტნიორებთან, რომ უფრო მომზადებული შევხვდეთ სამიტს.

შეიძლება თუ არა გარკვეულ პროგრამა მინიმუმზე ვისაუბროთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამიტისთვის აქვს?

ჩვენ გვაქვს მონახაზი და ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ვმუშაობთ. მთავარი მიმართულებები იქნება სწორედ ის საკითხები, რაზეც ვისაუბრე, ანუ ღია კარის პოლიტიკა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება და გამოწვევები, რომელიც ჩვენს წინაშეა. რა თქმა უნდა, სხვა საკითხებიც და ამაზე დარჩენილ პერიოდში აქტიურად ვიმუშავებთ.

გავრცელდა ინფორმაცია ჟენევის მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის დასრულებაზე. ბუნებრივია, მიმდინარე ოკუპაცია მთავარი გამოწვევაა. ჟენევაში საქართველოს წარმომადგენლებმა ჰუმანიტარული კუთხით ურთულეს პრობლემებზე ილაპარაკეს, მაგრამ ტრადიციულად ამ მოლაპარაკებებს არავითარი შედეგი არ აქვს.  ჟენევის ფორმატი უკვე ფორმალობად იქცა და რაიმე ახალი მიდგომების ძიებაზე არის ლაპარაკი? დღის წესრიგში ამ ფორმატის გადახედვის საკითხი ხომ არ დგას?

ჟენევის ფორმატი უაღრესად მნიშვნელოვანი ფორმატია თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე ვისაუბროთ. თუნდაც იმ ფაქტზე, რაც მოხდა ერედვში, რაც ფაქტობრივად ეთნიკური წმენდის გაგრძელებაა. ეს ფორმატი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ჩართული მთავარი მოთამაშეების, ეუთოს, ევროკავშირის, გაეროს, აშშ-ის ჩართულობით ვესაუბროთ რუსებს იმ დარღვევებზე, უკანონო ქმედებებსა და აგრესიულ პოლიტიკაზე, რომელსაც ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ახორციელებენ; ვესაუბროთ შეუსრულებელ ვალდებულებებზე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების არშესრულებაზე, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზე. ამ თვალსაზრისით ჟენევის ფორმატი და მისი შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

ზემოქმედების ბერკეტი სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობაა. ჩვენმა დელეგაციამ გუშინდელ რაუნდზე ისაუბრა იმ დარღვევებზე, იმ უმძიმეს სიტუაციაზე, რომელიც არის შექმნილი. თანათავმჯდომარეებმა განსაკუთრებით მწვავე შეფასებები მისცეს შექმნილ სიტუაციას. ასევე საუბარი იყო, რომ ჩავიდნენ და ნახონ რა მდგომარეობაა შექმნილი სწორედ ერედვის კონტექსტში. და ეს მართლაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელი სიტუაციაა, როდესაც ქართველების ეთნიკური წმენდა გრძელდება. აღმაშფოთებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ გალის რაიონში დაბრუნებულ ეთნიკურ ქართველებს არ აქვთ შესაძლებლობა განახორციელონ  თავიანთი ფუნდამენტური უფლებები, მარ არ აქვთ წვდომა საკუთარ ენაზე მიიღონ განათლება, არ აქვთ წვდომა დაამუშაონ მიწა. ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ხდება დისკუსია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვით.

რა პრობლემებზეც ლაპარაკობთ, მათი გადაწყვეტა ამ ფორმატში შეუძლებელია. ჩვენ ამ ინფორმაციას მხოლოდ ვამცნობთ ჩვენს პარტნიორებს და ოკუპანტ ქვეყანას. ასეთია რეალობა, რომელსაც ჩვენ დღეს ვეგუებით?

ეს არ ნიშნავს, რომ ვეგუებით. სწორედ ის, რომ ძალიან მწვავედ ვაყენებთ ამ საკითხებს და საერთაშორისო თანამეგობრობის მთავარ მოთამაშეებს, ევროკავშირს, ეუთოს და გაეროს მოვუწოდებთ, რომ მათი ქმედება, მათი კონტრქმედება იყოს უფრო მკაფიო, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი და რუსეთის ფედერაციას, რომელიც ამ  ფორმატის მინაწილეა, მათ კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრად მიუთითონ შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებები. ამ თვალსაზრისით ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია. სხვა ფორმატი არ არსებობს. რა ფორმატიც და რა ჩარჩოებიც გაქვს, ამის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებაზეა საუბარი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხედ კიდევ ერთხელ შეაფასა ნატო-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში ჩვენთან ჩატარებული წვრთნები. გამოდის, რომ ჩვენ ვილტვით ნატოსკენ, რომ გავაძლიეროთ ქვეყნის  უსაფრთხოება, მაგრამ რეალურად ამით ძლიერდება საფრთხე, რომელიც რუსული პოლიტიკისგან მოდის. ამ დილემაში როგორ მოქმედებს საქართველოს მთავრობა, რა გეგმა აქვს?

საქართველოს მთავრობა უაღრესად თანმიმდევრულია და ეს თანმიმდევრულობა ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ძალიან ნათლად ვაჩვენეთ საერთშორისო თანამეგობრობას და ჩვენს პარტნიორებს. გარდა იმისა, რომ ერთი წამით არ დაგვიხევია უკან იმ მთავარი საგარეო პრიორიტეტიდან, რაც არის ჩვენი მისწრაფება ევროკავშირსა და ნატო-ში, ჩვენთვის მთავარი ხაზი გადის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და სუვერენიტეტზე და ამის ხარჯზე არ ხდება იმ რაციონალური პოლიტიკის განხორციელება, რასაც ვახორციელებთ რუსეთის ფედერაციის მიმართ. სამწუხაროდ, ამ რაციონალურ პოლიტიკას ჯერჯერობით გავლენა არ აქვს იმ მართლაც უაღრესად მწვავე პრობლემებზე, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა განვახორციელოთ რაციონალური პოლიტიკა და ამავე დროს, ძალიან თანმიმდევრულად უნდა ვიაროთ იმ საბოლოო მიზნისკენ, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებაა. ასევე, ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებული ხაზის მეორე მხარს ცხოვრობენ, უნდა დავანახოთ ჩვენი მიმზიდველობა, უნდა დავანახოთ, რომ ქვეყანა ვითარდება სწორად.
ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება არის ნაბიჯი ქვეყნის მოდერნიზაციისკენ, რომ საქართველო სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით უფრო ძლიერი იყოს და რომ მათი უფლებებიც აქ უფრო დაცული იყოს. შეიძლება დღეს ამას მყისიერი გავლენა არ აქვს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ამას უაღრესად დადებითი შედეგი ექნება.

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები