14 ნოემბერი 2017

"ჩემთვის სპორტი უცხო სფერო არ არის"

რას გეგმავს კულტურის მინისტრი უწყების გაფართოების შემდეგ

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან სპორტის კომპონენტი უერთდება და მინისტრის თანამდებობაზე რჩება მიხეილ გიორგაძე. სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი კი ბიზნესში ბრუნდება. როგორ გადაანაწილებს რესურსს, დროსა და ფინანსებს კულტურასა და სპორტს შორის, ამის შესახებ „მაესტროს“ კითხვებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე პასუხობს.



გქონდათ თუ არა უკვე კომუნიკაცია სპორტის სამინისტროსთან? დაიწყეთ თუ არა სამუშაო შეხვედრა და პრობლემების, გამოწვევების გაცნობა?

სწორედ ამ სამუშაო შეხვედრიდან მოვედი თქვენს გადაცემაში. პირველი სამუშაო შეხვედრა საკმაოდ ხანგრძლივი გამოგვივიდა. ვისაუბრეთ როგორც სტრუქტურულ ცვლილებებზე, ისე იმ თემებზე, რომლებიც პირველ რიგშია განსახილველი. აქ არის სპორტის მიმართულებით წმინდა დარგობრივი თემები, ასევე ინფრასტრუქტურული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, მომავალ წელს სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების თვალსაზრისით საერთაშორისო ვალდებულებები. ასე, რომ საქმე ნამდვილად ბევრია.

კადრების ოპტიმიზაცია რამდენად მასშტაბურად მოგიწევთ? ფაქტია, რომ ეს საკითხი გადასახედი იქნება. უკვე გაქვთ ეს გათვლილი?

ეს სამუშაო შეხვედრები, ბუნებრივია, გაგრძელდება. ერთი შეხვედრის ფარგლებში ყველა საკითხი ვერ ამოიწურებოდა. მთავარი მიზანი გახლავთ სწორი, მაქსიმალურად ეფექტიანი სტრუქტურის ჩამოყალიბება და ფუნქციების გადანაწილება უკვე ერთიანი სამინისტროს ლოგიკაში. წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ დარგობრივ ნაწილში არ ვაპირებთ არც ფუნქციების შეკვეცას და არც კადრების დაკარგვას, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში.

პირველადი შეფასებით, რა სურათიც ამ დროისათვის გაქვთ, რა არის მთავარი გამოწვევა სპორტის მიმართულებით, რაზეც უფრო დიდი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ?

ბოლო 2 წლის განმავლობაში სპორტის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს, ძალიან ამბიციური ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების პროგრამაა მიღებული. ეს მინისტრის, ჩემი ძალიან კარგი მეგობრის, ბატონი ტარიელის და მთავრობის მხარდაჭერის დამსახურებაა და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მას. ასე, რომ მთავარი იქნება ამ აღებული ძალიან მაღალი ტემპის შენარჩუნება, როგორც მასობრივი სპორტის გაფართოების თვალსაზრისით, ისე მაღალი მიღწევების ტემპის არდაგდების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის კიდევ უფრო მეტად განვითარების, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას გულისხმობს.

ფედერაციების აღიარების და დაფინანსების თემა სპორტის სამინისტროში ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი იყო, დაახლოებით 70-მდე ფედერაციაა, რომლებსაც მუდმივად პრეტენზია ჰქონდათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება სჭირდებოდათ. შემდეგ გარკვეული კრიტერიუმები შემუშავდა და თუ მას აკმაყოფილებდა ფედერაცია, მხოლოდ ამ შემთხვევაში სარგებლობდა დაფინანსებით. ამ მიმართულებით თუ გაქვთ უკვე ხედვა, ეს ასე დარჩება თუ შეიცვლება რამე?

დღეს ამ თემაზე ძალიან დეტალური საუბარი გვქონდა. სწორედ იმისთვის, რომ ამა თუ იმ ფედერაციის დაფინანსება-არდაფინანსების, ან აღიარების გადაწყვეტილება მინისტრის ან სამინისტროს შიგნით ერთპიროვნულად მიღებული არ ყოფილიყო ამისთვის შეიქმნა აღიარებისა და დაფინანსების საბჭო, რომელშიც სამინისტროს გარდა სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები შედიან, ასევე შედიან საპარლამენტო ჩართულობის თვალსაზრისით შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლებიც. დღეს რა ინფორმაციაც მივიღე, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად არის გაწერილი ეს მიმართულება, გნებავთ პროცედურულად, გნებავთ შინაარსობრივად. ბუნებრივია, მუშაობის პროცესში კიდევ უფრო ახლო შეხება მექნება და საბოლოო აზრს ალბათ მაშინ ჩამოვაყალიბებ, თუმცა დღეს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მივიღე, პრობლემა არ უნდა არსებობდეს. ალბათ, ყოველთვის იარსებებს რომელიღაც გაერთიანება, რომელიც უკმაყოფილო იქნება იმის გამო, რომ გარკვეულ დაფინანსებას, ან საკმარისს, ან საერთოდ არ იღებს, რადგან საბჭოს შეხედულებით შეიძლება არ აკმაყოფილებდეს ამა თუ იმ კრიტერიუმებს. თუმცა ასეთი შესაძლო უკმაყოფილება ნებისმიერი შერჩევის პროცესს ახლავს. მთავარია ჩვენ მაქსიმალურად ობიექტურები ვიყოთ და ჩვენი გადაწყვეტილებები, საბჭოს გადაწყვეტილებები მაქსიმალურად მკაფიოდ არგუმენტირებული იყოს.

ფეხბურთის ფედერაციასაც აქვს განვითარების სტრატეგია. იქნება თუ არა ეს სტრატეგია მსჯელობის საგანი და ცვლილება აქაც შესაძლებელია თუ არა?

პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჩემგან ცოტა არასერიოზული იქნება სიღრმისეულად ვეცადო და ვისაუბრო ამ თემატიკაზე. ერთ-ერთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა ფეხბურთი. ფეხბურთი ერთ-ერთი ტრადიციული, უაღრესად პოპულარული სპორტის სახეობაა. შესაბამისად, იცით, რომ მთავრობის მხარდაჭერით და გადაწყვეტილებით ფეხბურთის განვითარების ფონდი შეიქნა, რომელშიც დამატებითი სახსრები იყო გათვალისწინებული. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა, რომლის შესახებ ჩვენ ძალიან დეტალურად ვიმსჯელებთ და ყველანაირ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ეს მიმართულება კიდევ უფრო გამოვასწოროთ, კიდევ უფრო განვავითაროთ. თუმცა უფრო დეტალურად და სიღრმისეულად ახლა ამაზე ვერ ვილაპარაკებ.  

ასევე პირველადი შეფასებით რა შეგიძლიათ თქვათ საერთაშორისო ტურნირებზე. გაერთიანების შემდეგ სამინისტროსთვის ეს იქნება თუ არა ერთ-ერთი პრიორიტეტი? საუბარი იყო, რომ ასეთი ტურნირები ძალიან სასარგებლოა ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.

ერთმნიშვნელოვნად. აქ მნიშვნელოვანი სამი კომპონენტია. საერთაშორისო არენაზე ცნობადობის, პოზიტიურ იმიჯის განმტკიცების თვალსაზრისით, ასევე, რა თქმა უნდა, თავად სპორტის ამა თუ იმ სახეობის განვითარების და პოპულარიზაციის ნაწილში და ასევე ფინანსური სარგებელი, როდესაც შესაბამის ტურნირებს, შესაბამის ეროვნულ გუნდებს თავისი მაყურებელი, გულშემატკივარი მოჰყვება და ამას ერთმნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელიც მოაქვს. შეიძლება ეს გარკვეული ქოლგის ქვეშ გავაერთიანოთ და სპორტული პროფესიული განვითარების გარდა, დავარქვათ სპორტული ტურიზმის მიმართულებაც, რაც კულტურულ ტურიზმთან ძალიან ახლო კვეთაშია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ზოგადად ამ ორი სფეროს გაერთიანება აბსოლუტურად უმტკივნეულოდ და ძალიან ორგანულად შეიძლება მოხდეს და ორივე სფეროს, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ორ სფეროს  - კულტურას და სპორტს - ერთნაირი განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს სწორედ ერთი უწყების ფარგლებში. მით უმეტეს, რომ თუ ჩემ წარსულსაც გავითვალისწინებ, ჩემთვის სპორტი უცხო სფერო არ არის. ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს, ყოფილი კოლეგა, უფროს თაობის, ახალგაზრდა თაობის მეგობრები, ასე რომ სპორტი ახალი სფეროა.

ბოლოს, დღევანდელი დღის საინფორმაციო სივრცეში არ შემიძლია არ გამოვყო ის სიახლე, რომ დღეს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა ის ფაქტი, რომ უძველესი მეღვინეობის კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს როგორც დარგის განვითარებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესის კიდევ უფრო გაზრდისათვის. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ქართველ მკვლევრებს, საერთაშორისო მკვლევრებს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა. ასევე, ამან აჩვენა, რომ ჩვენ საქართველოში დღეს როგორც ადამიანური რესურსის, ისე პროფესიული რესურსის თვალსაზრისით გვყავს და გვაქვს ის პოტენციალი, რომელთაც ამ დონის და მასშტაბის კვლევის, პროექტების შესაძლებლობა აქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ვიდეო

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები