imedi /  13 სექტემბერი 2017, 13:06 / სანდო წყარო

22 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნება

22 სექტემბერიდან 8 ოქტომბრამდე თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. თბილისში გერმანიის, ირლანდის, იტალიის, რუსეთის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის თეატრალური დასები იქნება წარმოდგენილი. მაყურებელს შეუძლია ასევე იხილოს სახელგანთქმული კშიშტოფ ვარლიკოვსკის სპექტაკლი „ფრანგები“ და დედ-ცენტრის „ჩეხოვის ბოლო პიესა“, ლევან წულაძის და დავით დოიაშვილის იტალიასა და რუმინეთში დადგმული სპექტაკლები; ბერლინის ოქროს ეპოქის მუსიკის პერფორმანს.

თბილისის თეატრალური ფესტივალი უკვე მე-9 წელია ტარდება, ეს ღონისძიება წელს გამორჩეული იქნება იმით, რომ ადგილობრივთან ერთად ძალიან ბევრი უცხოური დასი მიიღებს მონაწილეობას. ტრადიციულად, წელს ღია ცის ქვეშ მაყურებელი როკ-ბენდის და საჰაერო შოუს სინთეზს „მუარე“ -ს იხილავს. 2-6 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ქართული სპექტაკლების პროგრამა Georgian ShowCase.

ქართული სპექტაკლების პროგრამა გასული სეზონის (2016-2017) შეჯამებაა. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე 90-მდე საერთაშორისო სტუმარს ელოდებიან. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები ()