imedi /  13 სექტემბერი 2017, 19:02 / სანდო წყარო

სტუდია "მემატიანეში" დაცულ 25000-მდე უნიკალურ ფირს გააციფრულებენ

"მემატიანეში" არსებული
ფირები

დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიანეში", სადაც 25 000-მდე ნეგატივისა და პოზიტივის ფირი ინახება, აღწერის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

საზოგადოებრივის ცნობით, "მემატიანეს" არქივში ყველაზე ძველი ნეგატივი 1902 წლით არის დათარიღებული და მასზე საქართველოში რომანოვების სტუმრობაა აღბეჭდილი, კერძოდ კი გადაღებულია მდინარე იორის ტერიტორია, სადაც იმპერატორი ტახზე ნადირობდა. ვარაუდობენ, რომ ეს კადრები იმპერატორის პირადმა ოპერატორმა დააფიქსირა, თუმცა უცნობია სტუდიის არქივში ფირის მოხვედრის ისტორია.

არქივში ინახება რაჭა-ლეჩხუმში აკაკი წერეთლის მოგზაურობის კადრები, ისინი 1912 წლით თარიღდება და ვასილ ამაშუკელმა გადაიღო; ასევე შემონახულია დავით სარაჯიშვილის დაკრძალვის კადრებიც, რომელშიც 40 წლის წინ ნიკო ფიროსმანის ვიზუალური გამოსახულება აღმოაჩინეს.

საზოგადოებრივის ცნობით, სტუდიის არქივიდან, სხვადასხვა პერიოდში, რამდენიმე ათასი ფირი დაიკარგა.

არქივში ფირების აღწერის შემდეგ, მათზე აღბეჭდილ ამბებს ელექტრონულად მატარებლებზე გადაიტანენ, რადგან ფირები რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლოა სრულად განადგურდეს.

პროექტს კულტურის სამინისტრო აფინანსებს.

კომენტარები ()