imedi /  31 ივლისი 2017, 11:13 / სანდო წყარო

ვენესუელაში არჩევნების დღეს 11 ადამიანი მოკლეს

ვენესუელაში ნაციონალური დამფუძნებელი კრების არჩევნების დღეს, 11 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ ვენესუელის "უშიშრობის ფორუმის" დირექტორმა ალფრედო რომერომ განაცხადა. 

დაღუპულებს შორის არის სამი არასრულწლოვანი (13,16 და 17 წლის). გარდა ამისა, საპროტესტო აქციებზე ქვეყანაში 96 ადამიანი დააკავეს. 

როგორც გამოცემა AFP წერს, არჩევნებზე საერთო მოსახლეობის მხოლოდ 41,5% მივიდა. 

მართველმა პარტიამ არჩევნებში გამარჯვების შესახებ განაცხადა. ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ აღიარებს და გაყალბებაში სდებს ბრალს. 

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევნების დღეს დაფუძნებელი კრების წევრობის კანდიდატი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერიც მოკლეს.ძალოვნების ინფორმაციით, ადამიანთა ჯგუფი დამფუძნებელი კრების წევრობის კანდიდატის ხოსე ფელიქსის სახლში შეიჭრა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

ასევე ცნობილი გახდა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის „დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერის მკვლელობის შესახებ. როკარდო კამპოსი ქალაქ კუმანაში საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს. 

ვენესუელაში ნაციონალური დამფუძნებელი კრების არჩევნები მიმდინარეობს, რომელმაც ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა მოამზადოს. ვენესუელაში არჩევნებში მონაწილეობის უფლება 19,4 მილიონ ადამიანს აქვს. არჩევნების დღეს უსაფრთხოებას 380 ათასი ძალოვანი იცავს. მოსახლეობამ დამფუძნებელი კრების 545 წევრი უნდა აირჩიოს.

კომენტარები ()