imedi /  11 აგვისტო 2017, 09:32 / სანდო წყარო

ნიკოლას მადუროს დონალდ ტრამპთან შეხვედრა სურს

ნიკოლას მადურო

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყნის საგარეო უწყებას დაავალა უზრუნველყოს მისი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნაციონალურ ასაბლეაზე გამოსვლისას მადურომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მიზნით შეხვდეს დონალდ ტრამპს.

„საგარეო უწყებამ დაიწყოს სამუშაოები, რათა შესაძლებელი გახდეს სატელეფონო საუბარი ჩემსა და ტრამპს შორის“, - განაცხადა მადურომ.

27 ივლისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 13 ვენესუელელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ ვენესუელის წინააღმდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციების შემოღებას გეგმავდა, რაც სამხრეთამერიკული ქვეყნის ნავთობწარმოებას მნიშვნელოვნად დააზარალებდა.

30 ივლისს ვენესუელაში ნაციონალური დამფუძნებელი კრების არჩევნები გაიმართა. არჩევნების დღეს 11 ადამიანი მოკლეს. დაღუპულებს შორის არის სამი არასრულწლოვანი (13,16 და 17 წლის). გარდა ამისა, საპროტესტო აქციებზე ქვეყანაში 96 ადამიანი დააკავეს.

აპრილის დასაწყისიდან ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ოპოზიციურ ნაციონალურ ასამბლეას უფლებები შეუზღუდა. ეს გადაწყვეტილება მოგვიანებით გაუქმდა, თუმცა ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს სასამართლოს წევრების გადადგომის და ვადამდელი არჩევნების გამართვის მოთხოვნით. ისინი ასევე დამფუძნებელი კრების მოწვევას ეწინააღმდეგებიან და მიაჩნიათ, რომ ეს კონსტიტუციის შეცვლის მცდელობაა.

ქვეყნის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის დაშლა სურს. მისი ინიციატივაა შეცვალოს სახელმწიფო წყობა და შექმნას 500-კაციანი საკონსტიტუციო ასამბლეა.

კომენტარები ()