imedi /  12 აგვისტო 2017, 08:04 / სანდო წყარო

ტრამპი ვენესუელაში სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვენესუელაში სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს.

"ვენესუელასთან დაკავშირებით ბევრი არჩევანი გვაქვს, მათ შორის - სამხედრო ინტერვენცია, საჭირო თუ გახდა. საჯარისო შენაერთები მთელს მსოფლიოში გვყავს, ისეთ ადგილებშიც კი, რომლებიც შტატებისგან შორს არის. ვენესუელა არცისე შორსაა. იქ ხალხი იტანჯება, ნაწილი იხოცება. ეს ჩვენს მეზობლად ხდება",  - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ, საგარეო უწყებას მისი ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის ორგანიზება დაავალა.

ვენესუელაში აღმასრულებელი ხელისუფლება ეროვნულ დამფუძნებელ საბჭოს დაექვემდებარება. ინიციატივა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ეკუთვნის, რომელსაც სახელმწიფო წყობის შეცვლა, ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის დაშლა და საკონსტიტუციო ასამბლეის შექმნა სურდა. ოპოზიცია ეროვნული დამფუძნებელი საბჭოს ჩამოყალიბებისთვის არჩევნებს არ ცნობს და არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

ვენესუელაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები 2017 წლის აპრილში დაიწყო. არეულობას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვაშინგტონმა კარაკასს სანქციები დაუწესა, ნიკოლას მადუროს აშშ-ში ყველა საბანკო ანგარიში გაუყინა და აშშ-ს მოქალაქეებს მასთან საქმიანი ურთიერთობა აუკრძალა.

 

კომენტარები ()