imedi /  11 სექტემბერი 2017, 21:44 / სანდო წყარო

დონალდ და მელანია ტრამპებმა 9/11-ის ტერაქტის მსხვერპლებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

თეთრი სახლის ეზოში დონალდ და მელანია ტრამპებმა 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ გააგრძელებს ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც მათ ერსა და ღირებულებებს ებრძვიან.

„ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით ამ სასტიკ მკვლელებს - არ არსებობს ბნელი კუთხე, რომელსაც ჩვენ ვერ მივწვდებით. არ არსებობს თავშესაფარი, რომელსაც ვერ მივაღწევთ. ისინი ამ დიდ დედამიწაზე ვერსად დაიმალებიან.
ჩვენი ღირებულებები გადარჩება, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდება, ჩვენი ერი გაიმარჯვებს და ჩვენი საყვარელი ადამიანების ხსოვნა არასდროს მოკვდება“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

დღეს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 16 წელი გავიდა. ამ დღეს, ალქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე - დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.

კომენტარები ()