imedi /  12 სექტემბერი 2017, 08:40 / სანდო წყარო

ესპანეთის პროკურატურაში პლებისციტის გამო კატალონიის ძალოვანი უწყების პირველი პირები დაიბარეს

კატალონიის პროკურატურამ ძალოვანი უწყების პირველი პირები 1 ოქტომბერს დანიშნული პლებისციტის საკითხის გამოსაძიებლად დაიბარა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Vanguardia ავრცელებს.

პროკურატურაში გამოძახებულები არიან კატალონიის პოლიციის უფროსი, რეგიონალური პოლიციის უფროსი და ქვეყნის სამოქალაქო გვარდიის ხელმძღვანელი. სამივე მათგანი პროკურატურაში დღეს უნდა გამოცხადდეს.

ესპანეთის საკონტიტიციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შესახებ კანონის მოქმედება შეაჩერა. ესპანეთის კანონმდებლობის თანახად, ქვეყნის ხელისუფლებას ავტონომიური ოლქების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს.

კატალონიის პარლამენტმა სადაო კანონი 7 სექტემბერს მიიღო,  რომლის თანახმადაც ესპანეთისგან გამოყოფაზე პლებისციტი 1 ოქტომბერს ჩატარდება.

ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულ კატალონიელთა 55% ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა, 39.8% - წინააღმდეგი; 5,3%-ს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

17 აგვისტოს, კატალონიის დედაქალაქში, ბარსელონაში, ტერაქტი მოხდა, რომელსაც 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი.

კომენტარები ()