imedi /  13 სექტემბერი 2017, 12:12 / სანდო წყარო

მიანმარის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი გაეროს გენერალურ ასამბლეას არ დაესწრება

აუნ სან სუ ჩი

მიანმარის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი შემდეგ კვირაში გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებში მონაწილეობას არ მიღებს. ამის მიზეზად მიანმარის დეფაქტო ლიდერის პრესსამსახური აუნ სან სუ ჩის მიმართ გაზრდილ კრიტიკას ასახელებს, რომლის მიხედვითაც მას რაქჰაინის კრიზისის გამწვავებას აბრალებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გაერომ მიანმარის ხელისუფლება ეთნიკურ წმენდაში დაადანაშაუალა. მიანმარის დეფაქტო თავდაცვის უწყებაში კი აცხადებენ, რომ ისინი რაქჰაინის მებრძოლებს ებრძვიან და არა სამოქალაქო პირებს.

აუნ სან სუ ჩი მიანმარის საგარეო საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო მრჩეველია. ცნობილ უფლებადამცველს და ნობელის პრემიის ლაურეატს უმოქმედობის გამო აკრიტიკებენ. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ 2016 წელს, ხელისუფლებაში მისი პარტიის მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში ბევრი არაფერი შეცვლილა.

მიანმარში სიტუაცია 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ გამწვავდა. ამ დღეს "როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის” დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყვეს მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის 30-ზე მეტ საგუშაგოზე, მოკლეს ქვეყნის სპეცსამსახურების, სულ ცოტა, 12 წარმომდგენელი. 

ამის შემდეგ დაახლოებით 290 000 როჰინჯა მუსლიმი ძალადობისგან თავის დასაცავად იძულებული გახდა ბანგლადეშში გადასულიყო. 

როჰინჯა - ეთნიკური ჯგუფი, რომელიც მიანმარის შტატ რაკჰაინში ცხოვრობს და ტერიტორიის მკვიდრად მიაჩნია თავი, თუმცა ისტორიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ როჰინჯები ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში ბანგლადეშიდან მიანმარში ჩაასახლეს. 

კომენტარები ()