imedi /  11 ივნისი 2021, 17:58 / სანდო წყარო

მაია ბითაძე: ამნისტიის მიღება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ექსპლუატაციაში არ მიღებული ყველა შენობა შევა ექსპლუატაციაში

მაია ბითაძე

მაია ბითაძე

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, სამშენებლო ამნისტიის მიღება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ექსპლუატაციაში არ მიღებული ყველა შენობა შევა ექსპლუატაციაში.

„მთავარია, გათვალისწინებული იყოს შენობის კონსტრუქციული მდგრადობა და უსაფრთხოება, რათა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. შესაბამისად, დაახლოებით 6-24-თვიანი ვადაა გამოყოფილი იმისთვის, რომ მთლიანად იყოს გამოკვლეული ასეთი ობიექტები და იქ, სადაც გამოსწორებადია გარკვეული პირობები, ასეთი ობიექტები შევა ექსპლუატაციაში. იქ, სადაც გამოვლინდება, რომ ობიექტი არის ავარიული ან კონსტრუქციული მდგრადობა ობიექტის ფუნქციონირებას ვერ უზრუნველყოფს, მუნიციპალიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ ასეთი ობიექტების რიცხვი იქნება მინიმალური, ვინაიდან ყველაზე ხშირი დარღვევები უკავშირდება პანდუსის გაბარიტების დარღვევას, სახურავის გაბარიტების დარღვევას, აივნებისა და მოპირკეთების პრობლემებს, ავტოფარეხებთან და მიშენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ კონსტრუქციულ მდგრადობასთან დაკავშირებული პრობლემები იქნება მინიმალური რაოდენობის. მთავარია, რომ პროცესი დაიძრა და ეს პრობლემა გადაიჭრება. თუმცა, ეს ჰუმანური აქტი არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში ასეთი რამ გაგრძელდება. შემოდის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ დეველოპერებისთვის, რომლებიც მეორეჯერ არ დაიცავენ ნებართვებს“, - განაცხადა ბითაძემ.

პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომელიც სამშენებლო ამნისტიას ითვალისწინებს. კანონში დაგეგმილი ცვლილება რამდენიმე საკითხს ითვალისწინებს. მათ შორისაა წესი, რომელიც ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.