imedi /  06 სექტემბერი 2017, 13:23 / სანდო წყარო

თბილისის მერია: მილიონი ხიდან ამ დროისთვის 700 000-მდე ძირია დარგული

თბილისის მერიის ინფორმაციით, მილიონი ხიდან ამ დროისთვის 700 000-მდე ძირია დარგული. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

"თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა ზეთისხილის ბაღები, დიდ დიღომში - ნუშის ბაღები. თბილისსა და მის შემოგარენში დაირგო სხვადასხვა სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეები. აქციის ”დავუბრუნოთ ჭადრები თბილისს” ფარგლებში, დაირგო 200 ძირი ჭადარი, შემოდგომაზე დაირგვება კიდევ 1200 ძირი ჭადარი", - აცხადებენ თბილისის მერიაში. 

რაც შეეხება დარგული ხეების გახარებასთან დაკავშირებულ მონაცემებს, მერიის ინფორმაციით, გახარების მაჩვენებელი სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვაა. მაგალითად, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღებმა 100%-ით გაიხარა, ხოლო ამ საერთო რაოდენობის გახარების მაჩვენებელი 70%-დან 80%-მდეა. 

თბილისში მილიონი ხის დარგვა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირება იყო.
 

კომენტარები ()