imedi /  06 სექტემბერი 2017, 13:55 / სანდო წყარო

უმრავლესობა კონსტიტუციის მიღებამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაეცნობა

თამარ ჩუგოშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებამდე, პარლამენტი ვენეციის კომისიისგან კონსტიტუციის პროექტზე შუალედურ ანგარიშს გაეცნობა. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

"ვენეციის კომისიისთვის ცნობილია, რომ ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება სექტემბრის ბოლოს იგეგმება.

"ჩვენ შეთანხმება გვაქვს, კერძოდ, ვენეციის კომისიას მიღებული აქვს ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებული ტექსტი და მესამე მოსმენამდე ჩვენ მივიღებთ ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას. ეს ვერსია საჯარო იქნება და კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით განხილვამდე, საჯარო დისკუსიები და განხილვები გვექნება. რეგლამენტი რის შესაძლებლობასაც მოგვცემს, ანუ მესამე მოსმენით რა ცვლილებების შეტანაც შეიძლება დოკუმენტში, ამ ტიპის რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

6 სექტემბერს 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდონ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დისკუსია საშემოდგომო სესიაზე გაიმართება. 

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა მხარეებს 6 სექტემბერს სტრასბურგში შეხვედრა შესთავაზა.

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით 1 სექტემბერს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა სტრასბურგში ვიზიტზე, ამასთან, ტექსტში წერია, რომ უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტს შემოდგომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებს.

5 სექტემბერს ოპოზიციამ ვენეციის კომისიას ერთობლივი წერილი გაუგზავნა, რომელშიც პარტიები საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ჩაშლაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ.

რაც შეეხება კონსტიტუციის პროექტში ჩასწორებების შეტანას, პარლამენტის თავმჯდომარემ 5 სექტემბერს ეს ინფორმაცია უარყო

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 23 ივნისს მიიღო.

კომენტარები ()