imedi /  12 სექტემბერი 2017, 15:49 / სანდო წყარო

პრემიერი: ჩვენთვის მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია

გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო ქაოსში“ სიტყვით გამოვიდა. პრემიერის თქმით, საქართველოში მედიის თავისუფლება კარგ მდგომარეობაშია და ამაზე ის მეტყველებს, რომ ხუთი წლის წინ სამი ეროვნული არხი იყო, რომელთაც ხელისუფლება აკონტროლებდა, ახლა კი "სამჯერ მეტია და თან თავისუფალი".

რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საკითხს, პრემიერი ამბობს, რომ ტელევიზიას დავალიანება აქვს, რომლის მიუხედავადაც ხელისუფლებამ მას მუშაობის საშუალება მისცა, ", იმიტომ, რომ მედიის თავისუფლება ჩვენთვის მნიშვნელოვანია".

კონფერენციაზე სიტყვით უკვე გამოვიდა პრეზიდენტი მარგველაშვილი. მისი თქმით,  საქართველო იმსახურებს უფრო მეტ მხარდაჭერას და დახმარებას აშშ-სგან, ნატოსგან და ევროკავშირისგან. 

სასტუმრო „რუმსში“ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით იმართება. მისი სახელწოდებაა: ,,მსოფლიო ქაოსში: დემოკრატიის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის მომავალი"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს. "რუსთავი 2"-ის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და არხის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ცდილობენ. ისინი აცხადებენ, რომ მათ ტელეკომპანია ნაციონალების ხელისუფლებამ ძალით დაათმობინა. სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა.

2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, 7 მარტს კი - განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

კომენტარები ()