imedi /  13 სექტემბერი 2017, 18:09 / სანდო წყარო

რეგიონული პოლიტიკის კომიტეტმა გენდერულ კვოტებზე ინიციატივა მოიწონა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივა მოიწონა. ინფორმაციას პარლამენტის ვებგვერდი ავრცელებს.

30 000 ამომრჩევლის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, პარტიულ სიაში ყველა მეორე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ქალებს მიეცეთ შანსი უკეთესად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.

"ჩვენ უკვე მეორე მოსმენით მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც 2024 წლიდან განსაზღვრულია მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ის პროცენტული მაჩვენებელი, რაც დღეს პარლამენტში ქალთა რაოდენობას ასახავს, გაიზრდება, მით უფრო, თუ დაკომპლექტება იმ ტენდენციით გაგრძელდება, რაც უკვე დღეისათვის არსებობს. შესაბამისად, ქალთა მონაწილეობა ზოგადად, არჩევით ორგანოებში იქნება გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე არის დღეს", - განაცხადა ლილუაშვილმა.

უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, კვოტირების საკითხს გენდერულ საბჭოს წევრთა სრული უმრავლესობის და შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა აქვს. „ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ გვქონდეს გარკვეული გარღვევა და დავდოთ გარანტია, რომ ქალები პოლიტიკაში არიან და მათი პოლიტიკაში ყოფნა კაცების კეთილ ნებაზე დამოკიდებული არ არის", -განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრის, დეპუტატ ემზარ კვიციანის თქმით, საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების თაობაზე ვალდებულება არ უნდა იყოს. "პარტიულ სიაში 150 ადამიანიდან ნახევარი თუ ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის?",- იკითხა ემზარ კვიციანმა.

რამდენიმე დღის წინ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციამ (საია) თავის ვებგვერდზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის განცხადება გამოქვეყნა

კომენტარები ()