19 ოქტომბერი 2022 - 13:46

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა: რუსული ოფიციოზის გარეშე, მაგრამ - უკრაინასა და პუტინის ოპოზიციასთან ერთად

ფოტო: Facebook

2022 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროგრამა უმეტესწილად პოლიტიკურმა მოვლენებმა განაპირობა. უკრაინასთან ომის გამო მონაწილეთა სიიდან რუსეთის ფედერაცია გაირიცხა, ყურადღების ცენტრში კი უკრაინელი მწერლები და გამომცემლები აღმოჩნდნენ. თუ რით გამოირჩევა წლევანდელი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, Deutsche Welle-მ გაარკვია.

რა ხდება?

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ათასობით გამომცემლის, წიგნის გამყიდველისა და ლიტერატურული აგენტისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ უდიდესი ფორუმისთვის, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებში, ფრანკფურტში (მაინზე) ტარდება, ევროპისა და შეერთებული შტატების ყველა ძირითადი საგამომცემლო ჯგუფი წინასწარ ემზადება. გამოფენაზე წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა კი სამნიშნა ციფრებით აღინიშნება. 

პანდემიის გამო, 2020 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, 2021 წლის ფორუმი კი „ჰიბრიდულ“ ფორმატში გაიმართა. შესაბამისად, წიგნის გამომცემელთა და მწერალთა დიდი ნაწილი იძულებული იყო, ცოცხალი კომუნიკაციისა და ხალხმრავლობის ნაცვლად, ვირტუალური შეხვედრებით დაკმაყოფილებულიყო. 2022 წელს კი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ წიგნისა და გამომცემლობის საერთაშორისო ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმის რეპუტაციას დაიბრუნებენ.  

ამჯერად, 172 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მქონე საგამოფენო სივრცეში  85 ქვეყნიდან 4000-მდე ექსპონენტია წარმოდგენილი. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში მონაწილეობას ათასამდე მწერალი, პოეტი და დრამატურგი მიიღებს. მათ შორის არიან მსოფლიო ბესტსელერების ავტორები და დებიუტანტები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ მათი წიგნები მკითხველამდე გზას გაიკვლევენ. 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა - ესპანეთი

ტრადიციულად, ამ ფორუმს ყოველწლიურად ერთ-ერთი ქვეყანა საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება (2018 წელს ეს სტატუსი საქართველოს ჰქონდა). 2022 წელს ამ ამპლუაში ესპანეთია. ფრანკფურტის წიგნის 74-ე ბაზრობაზე თანამედროვე ესპანურ ლიტერატურას 200-მდე მწერალი წარადგენს. მათ შორის არიან მსოფლიოში ცნობილი ისეთი ავტორები, როგორიცაა არტურო პერეს-რევერტე, ანტონიო მუნიოს მოლინა, ხავიერ სერკასი, ფერნანდო არამბურუ. ესპანეთის დელეგაციას მეფე ფელიპე VI და დედოფალი ლეტიცია ხელმძღვანელობენ. სამეფო წყვილი ფორუმის საზეიმო გახსნაში მონაწილეობდა. 18 ოქტომბერს, გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისა და ესპანეთის მეფის ერთობლივი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 

ყურადღების ცენტრში - უკრაინა 

როგორც წესი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსის მქონე ქვეყანა აყალიბებს უმეტესწილად ლიტერატურული ღონისძიებების პროგრამას. თუმცა ამჯერად, უკრაინის ომმა ეს მიდგომა შეცვალა. უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ განსაკუთრებული ყურადღება უკრაინელ წიგნის გამომცემლებსა და ავტორებს დაუთმო. შესაბამისად, 30-ზე მეტი უკრაინული გამომცემლობა და ავტორი წარადგენს თავის წიგნებს ცალკეულ სტენდებზე, რომლებიც 100 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე პოდიუმზეა განთავსებული.

ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წიგნისა და გამომცემლობის საერთაშორისო ინდუსტრიის წარმომადგენლებს ვიდეოზარით მიმართავს. მისი მეუღლე ოლენა ზელენსკა კი შაბათს, 22 ოქტომბერს, გერმანული ჟურნალის - "Brigitte" კორესპონდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს და ეს დიალოგი გამოცემის ვებგვერდზე ლაივ-რეჟიმში გადაიცემა. გამოფენის ბოლო დღეს, 23 ოქტომბერს, გაიმართება გერმანელ წიგნის გამყიდველთა მშვიდობის პრიზის ლაურეატის, უკრაინელი მწერლის - სერჰი ჟადანის დაჯილდოების ცერემონია. 

„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას უკრაინულ წიგნის ინდუსტრიასთან მრავაწლიანი ახლო ურთიერთობა აკავშირებს. სწორედ ამიტომ გვსურს, დავაფიქსიროთ ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა უკრაინელი კოლეგებისადმი, სანამ ისინი რუსეთის თავდასხმებს იგერიებენ. ჩვენ განსაკუთრებით ვართ დაინტერესებული, რომ უკრაინული წიგნის ინდუსტრია მთელ მსოფლიოში გახდეს ცნობილი“, - განაცხადა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორმა, იურგენ ბოოსმა.  

რუსული სტენდების გარეშე, მაგრამ - რუსული ოპოზიციით

წლევანდელ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე არცერთი რუსული გამომცემლობა არ არის წარმოდგენილი. ამის შესახებ ფორუმის დირექციამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული აგრესია დაგმო. „რუსეთის ნაციონალური სტენდის წარმომდგენ სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზე საუბარიც კი გამორიცხულია,"-  ნათქვამია მიმართვაში. თუმცა იმავე განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს ღონისძიება არ არის მიმართული რუსი ავტორებისა და გამომცემლების წინააღმდეგ.  მიუხედავად ამისა, ფორუმზე, ფაქტობრივად, არცერთი მათგანი არ იქნება წარმოდგენილი. 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში მაინც გაიმართება ორი ღონისძიება, რომლებიც რუს მწერლებსა და უფლებადამცველებს (ისინი ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობენ) გააერთიანებს. 20 ოქტომბერს, ერთ-ერთ პავილიონში გაიმართება დისკუსია სახელწოდებით - "რამდენი ვართ? რუსეთის ოპოზიციის მდგომარეობაზე". მასში მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაცია "მემორიალის" წარმომადგენელი ირინა შჩერბაკოვა, რომელმაც ახლახან მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ამავდროულად, ის არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის - ალექსეი ნავალნის ნდობით აღჭურვილი პირი. ზემოთ ხსენებულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ "პუტინლენდის" ავტორი ლეონიდ ვოლკოვი და ცნობილი მწერალი მიხაილ შიშკინი, რომელიც შვეიცარიაში ცხოვრობს. იმავე დღეს, რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული რუსი მწერალი - დიმიტრი გლუხოვსკი წარადგენს თავის წიგნს „ისტორიები სამშობლოდან“, რომელიც მან გერმანიაში გამოსცა. 

ირანმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა. რატომ?

წლევანდელ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე არ არის არა მხოლოდ რუსული, არამედ - ირანული სტენდებიც. თავდაპირველად, ქვეყანამ მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა, მაგრამ ფორუმის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აზრი შეიცვალა და ორგანიზატორები "ირანის შიდა საქმეებში ღიად ჩარევაში" დაადანაშაულა. ამასთანავე, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებმა ირანის დელეგაცია წერილობით გააფრთხილეს, რომ ისინი ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული სტენდის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ. 


წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელობა ბრალდებებს უარყოფს. ფორუმის ოფიციალურმა პრეს-მდივანმა კატრინ გრუნმა DW-ს განუცხადა, რომ ფორუმის დირექციას ირანულ მხარესთან მიმოწერა ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ წიგნის ბაზრობის ყველა მონაწილის უსაფრთხოება გარანტირებული იყო. მისივე განმარტებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურებთან აქტიურად თანამშრომლობს. „ღონისძიების ყველა დღეს პავილიონებში იქნებიან მობილიზებული პოლიციის ქვედანაყოფები, რომელთაც მუქარის ნებისმიერ ნიშანზე მყისიერი რეაქცია ექნებათ,“ - ხაზგასმით განაცხადა გრუნმა. 

სხვა თემები