08 ნოემბერი 2022 - 23:55

BBC: გაიმარჯვებენ თუ არა აშშ-ის არჩევნებში რესპუბლიკელები და მათი წარმატების შემთხვევაში, შემცირდება თუ არა უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა?

ფოტო: Facebook

8 ნოემბერს ამერიკელები წარმომადგენელთა პალატის წევრებს, სენატის მესამედსა და საკმაოდ ბევრი შტატის გუბერნატორებს ირჩევენ. მიღებული შედეგები კი აუცილებლად სერიოზულ გავლენას იქონიებს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის მომდევნო ორ წელსა და მის პოლიტიკაზე, მათ შორის - უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაზე.

როგორც წესი, ამ არჩევნებს შუალედურს უწოდებენ. თუმცა მისი ინგლისური დასახელებაა midterm elections, რადგან ეს არჩევნები პრეზიდენტობის ვადის სწორედ შუა პერიოდში ინიშნება. ამ დროს პრეზიდენტს არ ირჩევენ, რაც ამომრჩეველთა აქტივობის შემცირებას იწვევს.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში ყველაფერი პრეზიდენტზე არ არის დამოკიდებული. ამიტომაც ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ, სხვა არჩევით თანამდებობებს ვინ დაიკავებს. ეს ეხებათ კონგრესის წევრებს, სენატორებს, გუბერნატორებსა და შტატის საკანონმდებლო კრებების წარმომადგენლებს. 

წარმომადგენელთა პალატა

წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ირჩევენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში აქ უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ და ეს ბუნებრივიც არის. როდესაც ახალ პრეზიდენტს ირჩევენ, ხშირ შემთხვევაში, მისი პარტია კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებს. ეს იმით არის გამოწვეული, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტივობა გაცილებით მაღალია, ამერიკელი ამომრჩევლების უმრავლესობა კი ყველა თანამდებობაზე ერთი და იმავე პარტიის კანდიდატებს აძლევს ხმას. თუმცა, მომავალ არჩევნებში დემოკრატიულ პარტიას აშკარად ნაკლები შანსი აქვს, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა შეინარჩუნოს (გამოკითხვის თანახმად, ამის შანსი100-დან 15-ია). 

სენატი 

გაცილებით ნაკლები მტკიცებით შეიძლება საუბარი სენატისთვის ბრძოლის შედეგზე, სადაც ხელახლა 35 სენატორი უნდა აირჩიონ. გამოკითხვის თანახმად, ამის თაბარი შანსი აქვთ როგორც დემოკრატებს, ისე - რესპუბლიკელებს.

პალატის ამჟამინდელ შემადგენლობაში ორივე პარტიას 50-50 მანდატი აქვს. დემოკრატები უმრავლესობაში არიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ხმები მკაცრად ნახევრდება (არცერთი დემოკრატი არ არის ამა თუ იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგი). სწორედ ამ დროს გადამწყვეტია ვიცე-პრეზიდენტის, დემოკრატი კამალა ჰარისის ხმა. 

ყველაზე მძიმე ბრძოლა ოთხ შტატში გაიმართება. ესენია: პენსილვანია, ჯორჯია, ნევადა და არიზონა. სულ ცოტა, 50 ადგილის შესანარჩუნებლად, დემოკრატებს ამ ოთხი შტატიდან სამის მოგება სჭირდებათ. თუმცა ეს შეუძლებელი სულაც არ არის:  პენსილვანიასა და არიზონაში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, დემოკრატი კანდიდატები მცირე სხვაობით ლიდერობენ.


რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ზემოთ ხსენებული გამოკითხვები მცდარი იყოს, როგორც ეს მოხდა 2016 წელს და რაღაც დოზით, 2020- შიც. როგორც New York Times-ის კორესპონდენტი ნეიტ კონი წერს, ჯერ კიდევ არსებობს მრავალი ნიშანი იმისა, რომ კონსერვატორი ამერიკელები საერთოდ უარს ამბობენ პასუხის გაცემაზე ან მათი პასუხი გულწრფელი არ არის.

შემცირდება თუ არა უკრაინისადმი ამერიკის დახმარება თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ?

4 ნოემბერს, ჯორჯიის კონგრესმენმა, მარჯორი ტეილორ გრინმა, რომელიც არის რესპუბლიკელი, ტრამპისტი და QAnon-ის მიმდევარი, განაცხადა, რომ უკრაინა რესპუბლიკური კონგრესისგან "ერთი გროშსაც" არ მიიღებს. მისი შეხედულებები რესპუბლიკურ პარტიაში მარგინალურად სულაც არ აღიქმება. ჯერ კიდევ ოქტომბერში, წარმომადგენელთა პალატის (ჯერჯერობით) უმცირესობის ლიდერმა და მისმა სავარაუდო მომავალმა სპიკერმა, კევინ მაკკარტიმ განაცხადა, რომ "თანხის მითითების გარეშე ჩეკებს" კონგრესის ადმინისტრაცია აღარ გამოწერს. უკრაინის მხარდაჭერას სკეპტიკურად უყურებენ პარტიის ისეთი პოპულარული ფიგურები, როგორიცაა დონალდ ტრამპი, მისი ვაჟები ან Fox News-ის წამყვანი ტაკერ კარლსონი.

თუმცა ამ პოზიციას ყველა რესპუბლიკელი არ იზიარებს. სენატში რესპუბლიკური ფრაქციის ლიდერი მიჩ მაკკონელი უკრაინას მხარს  უჭერს. ის მაისში კიევშიც კი გაემგზავრა. ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება ველოდოთ, რომ რესპუბლიკური უმრავლესობა უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური დახმარებისთვის განკუთვნილ ახალ საბიუჯეტო ასიგნებებს უფრო ფრთხილად მიუდგება. 

კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ რესპუბლიკელებს?

გავიხსენოთ რა მოხდა წინა შუალედური არჩევნების შემდეგ - 2018-დან 2020 წლამდე პერიოდში. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს სიტუაცია განმეორდეს. ამის მოლოდინი ბევრ ლიბერალს აქვს. რესპუბლიკელებს შორისაც არიან ზოგიერთები, რომლებიც მომავალ ვითარებას აღიქვამენ როგორც შესაძლებლობას, რათა დემოკრატებს იმ დროინდელი წყენებისთვის სამაგიერო გადაუხადონ. 2018 წელს პრეზიდენტი იყო რესპუბლიკელი ტრამპი, წარმომადგენელთა პალატაში კი უმრავლესობა დემოკრატებს გადაეცათ (სხვათა შორის, მაშინ რესპუბლიკელებმა სენატში პოზიციების გამყარება შეძლეს). ამ ყველაფრის შედეგად კი მოხდა ე.წ. შათდაუნი და იმპიჩმენტი. 

გარდა ამისა, რესპუბლიკურ უმრავლესობას ორივე პალატაში ადმინისტრაციის შევიწროება სხვადასხვა სახის გამოძიებით  შეუძლია. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ზემოთ ხსენებულმა მარჯორი ტეილორ გრინმაც ისაუბრა. დაბოლოს, რაღაც მომენტში, ადმინისტრაციას მოუწევს კონგრესს სთხოვოს სახელმწიფო ვალის ზღვრის ხელახლა აწევა, რაც ყოველ ჯერზე კანონმდებლებს შესაძლებლობას აძლევს, დათმობებზე წამოსაყვანად მოლაპარაკებები აწარმოონ. 

თუ რესპუბლიკელები უმრავლესობას სენატშიც მოიპოვებენ, ადმინისტრაციაში თანამდებობის პირებისა და განსაკუთრებით, ფედერალური მოსამართლეების დანიშვნების დაბლოკვას შეძლებენ. მიჩ მაკკონელს ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ცხადყოფს, თუ როგორ შეუძლიათ რესპუბლიკელებს დემოკრატების ადმინისტრაციას ხელი შეუშალონ. თუმცა შეძლებენ თუ არა ისინი თავად მიიღონ კანონი, რომელიც მათ პრეფერენციებს ასახავს? ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია და საამისოდ ორი მიზეზი არსებობს. პირველს ჰქვია სენატი, მეორეს - საპრეზიდენტო ვეტო. 

წარმომადგენელთა პალატას, რა თქმა უნდა, შეუძლია ხმა მისცეს ნებისმიერ კანონს. თუმცა სენატში არის ისეთი რამ, როგორიცაა ფილიბასტერი. თუ რომელიმე პარტია დიდ უმრავლესობას არ ფლობს, ფილიბასტერი სენატში უვადოდ გაჭიანურებული დებატების უფლებას იძლევა და მისი მიზანი სესიაზე, როგორც წესი, საკითხის ჩაგდებაა. დებატების დასრულების გადაწყვეტილება კი 100-დან 60 ხმის უმრავლესობით  მიიღება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რესპუბლიკელებს ახალ სენატში ამდენი ხმა ჰქონდეთ. 

სენატში უმცირესობისთვის ფილიბასტერი უმრავლესობაზე ზეწოლის მძლავრი ბერკეტია. ის საშუალებას იძლევა ნებისმიერი კანონმდებლობა დაიბლოკოს. გამონაკლისია ბიუჯეტი, ამასთანავე - აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში პერსონალის დანიშვნა. ბაიდენის ყველა სოციალური პაკეტი სწორედ ბიუჯეტის რუბრიკის ფარგლებში დამტკიცდა. რაც ამ აღწერილობას არ შეეფერებოდა, ამოიღეს. თუ რომელიმე კანონი სენატში მაინც გადის, მაგრამ პრეზიდენტი არ ეთანხმება, მას ვეტოს გამოყენება შეუძლია. თეორიულად, ვეტოს გაუქმება კონგრესსაც შეუძლია, მაგრამ ამისათვის ორივე პალატის ხმების ორი მესამედია საჭირო.

რა მოხდება 2024 წლის არჩევნებში?

სავარაუდოდ, 2024 წელს დონალდ ტრამპი კენჭს იყრის. მას შეიძლება გამოუჩნდნენ კონკურენტები თავად რესპუბლიკურ პარტიაში. მათ შორის მეტ-ნაკლებად პერსპექტიულად ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი ითვლება. აქვე სახელდება ყოფილი ვიცე- პრეზიდენტი (ტრამპის პერიოდში) მაიკ პენსი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. თუმცა თუ ტრამპი თავის კანდიდატურას წამოაყენებს, მათ შეიძლება მისი კონკურენტობა ვერ გაბედონ.

რაც შეეხება ჯო ბაიდენს, მან ასევე არაერთხელ განაცხადა, რომ მეორე ვადით კენჭისყრას  აპირებს. თუმცა ამისი ყველას არ სჯეროდა. ბევრისთვის უხერხულია ის ფაქტი, რომ 2024 წელს, არჩევნებიდან მალევე, პოლიტიკოსს 82 წელი შეუსრულდება. თუ ამ არჩევნების შედეგები დემოკრატებისთვის სასურველი არ იქნება და ბაიდენის რეიტინგი უახლოეს თვეებში არ აღდგება, ის ძლიერი შიდაპარტიული ზეწოლის ქვეშ მოექცევა, რათა გზა უფრო პერსპექტიულ კანდიდატებს დაუთმოს. 

სხვა თემები