16 ნოემბერი 2022 - 13:18

რატომ იჯერებენ ადამიანები ყალბ ახალ ამბებს? 

ფოტო: shutterstock.com

ყალბი ახალი ამბები განსაკუთრებით აქტუალური კოვიდ-პანდემიის დროს იყო, ახლა კი ხშირია უკრაინის ომთან დაკავშირებით. თუმცა, ვინ იჯერებს მათ და რატომ? მკვლევრებმა შეთქმულების თეორიასა და „პიროვნების ბნელ ტრიადას“ შორის კავშირი იპოვეს. რას ნიშნავს ეს, Deutsche Welle-მ გაარკვია. 

რა ხდება?

"COVID-19-ის პანდემია მხოლოდ პოლიტიკური ელიტების გამონაგონია, რათა შეიზღუდოს ძირითადი უფლებები და დაიმონონ ადამიანები. ნიღბები კი არ გიცავთ, პირიქით, ცუდად გხდით. აცრა კი კლავს" - ასეთი განცხადებები პანდემიის დროს სოკოსავით იყო მომრავლებული და მათ თავიანთი მხარდამჭერები ჰყავდათ. თანამედროვე ფსიქოლოგები აქტიურად სწავლობენ, თუ ვის სჯერა ყალბი ახალი ამბების? 

დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ბევრი სპეციალისტი სწავლობს. ერთ-ერთი მათგანია იან ფილიპ რუდლოფი, რომელიც არის ფსიქოლოგი და ვიურცბურგის იულიუსისა და მაქსიმილიანის უნივერსიტეტის კომუნიკაციისა და ახალი მედიის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის მკვლევარი. "შეთქმულების თეორიის კლასიკური მიმდევრის დახასიათება რთულია", - ამბობს ის. თუმცა მაინც არის რაღაც, რაც შეთქმულებისა და ყალბი ამბების მოყვარულებს აერთიანებს. "ეს არის გარკვეული გაგება იმისა, თუ რა არის "ცოდნა" და რა არის "ფაქტი". მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ე.წ. ეპისტემურ მიდგომას შეუძლია შეთქმულების თეორიებისადმი ნდობის ფაქტორი ახსნას. 

ეპისტემური მიდგომა არის ადამიანის ინდივიდუალური რწმენა ცოდნასა და მის მიღებასთან მიმართებით. ზოგიერთი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, თავის ინტუიციას ენდობა. ეს თავისთავად პრობლემა სულაც არ არის, მაგრამ მათ ნაკლებად აქვთ ინტერესი, თავიანთი ინტუიცია მყარი არგუმენტებით განამტკიცონ. მათ მიაჩნიათ, რომ მოსაზრებები ფუნდამენტურად თანაბარია, მიუხედავად იმ მეცნიერული მტკიცებულებებისა, რომელთაც შეიძლება უფრო მეტად გაამყარონ ერთი თეზისი, ვიდრე - მეორე. 

თავის პირველ კვლევაში რუდლოფსა და მის კოლეგებს სურდათ გაეგოთ იმ ადამიანების მიდგომები, რომელთაც კორონავირუსის შესახებ შეთქმულების თეორიების სჯეროდათ. საამისოდ კი მათ გერმანიასა და შეერთებულ შტატებში 2000-ზე მეტი ადამიანი გამოჰკითხეს. „ისინი, ვინც თავიანთ ინტუიციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, მყარ მტკიცებულებებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და თვლიან, რომ „სიმართლეს“ „ძლიერნი ამა სოფლისანი“ ქმნიან. ეს ჯგუფი განსაკუთრებით მოწყლვადია ყალბი ამბებისა და შეთქმულების თეორიების მიმართ“, - აჯამებს თავის კვლევას რუდლოფი. 

მეცნიერებმა სხვა თეორიაც განიხილეს. სჯერათ თუ არა დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების იმ ადამიანებს, რომელთაც ძლიერი პიროვნული თვისებები აქვთ და როგორც წესი, მათ ფსიქოლოგიაში "ბნელ ტრიადას" უწოდებენ? 

რას ნიშნავს „ბნელი ტრიადა“?

„ნარცისიზმი, მაკიაველიზმი და ფსიქოპათია  ბნელი პიროვნული თვისებების სამი ყველაზე ცნობილი მაგალითია“, - განმარტავს რუდლოფი. ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც ამა თუ იმ ხარისხით ყველა ადამიანს აქვს თანდაყოლილი. მაშინ, როდესაც ძლიერი ნარცისული თვისებების მქონე ადამიანებს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ, გამოხატული მაკიაველიზმის მქონე პირებს განსაკუთრებით სტატუსი და ძალაუფლება აწუხებთ. ფსიქოპათებს კი რისკის შემცველი და იმპულსური ქცევა  ახასიათებთ.  

რაც უნდა განსხვავებული და თავისებური იყოს ბნელი ტრიადის „სამი მოთამაშის“ მახასიათებლები, მათ აქვთ საერთო ბირთვი. „ეს იწვევს ქცევას, რომელიც საკუთარი თავისთვის მაქსიმალური სარგებლის მოპოვებისკენ არის მიმართული“, - ხაზს უსვამს ექსპერტი.

„შევეცადეთ გაგვერკვია, განაპირობებს თუ არა ამგვარი ქცევა ინფორმაციის აღქმის გარკვეულ გზასა და მის შემდგომ დამუშავებას“, - ამბობს ფსიქოლოგი. არის თუ არა მნიშვნელოვანი, რა არის სიმართლე და რა - არა იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც პირადი ინტერესებია პრიორიტეტული? მკვლევრებმა გამოიყენეს სპეციალური ტესტი, რათა გამოკითხულ ადამიანებში ბნელი პიროვნული თვისებების პროპორცია გაერკვიათ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ "რაც უფრო მაღალია ბნელი პიროვნული თვისებების ფაქტორი, მით უფრო სავარაუდოა, რომ ესა თუ ის კონკრეტული ადამიანი შეთქმულების თეორიას დაიჯერებს", - ამბობს რუდლოფი ტესტის შედეგებზე დაყრდნობით.

მიღებული შედეგები მას არც გაჰკვირვებია, რადგან ყველაფერი ისედაც აშკარა იყო. რუდლოფის განმარტებით, როგორც წესი, ეს ადამიანები არ არიან მიდრეკილი პროსოციალური ქცევისკენ, რომელიც სხვა ადამიანებისთვის სასარგებლო ქმედებებით ხასიათდება. პირიქით, მათი უპირველესი მიზანია პირადი სარგებელი. დისტანციის დაცვა, ნიღბის ტარება ან რესპირატორული სიმპტომების შემთხვევაში სახლში დარჩენა მსგავსი ტიპის ადამიანებისთვის აუცილებელი სულაც არ არის. თუ მათ ინტუიცია ეუბნება, რომ ვირუსი საშიში სულაც არ არის და პანდემია ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური იარაღია, მაშინ მათთვის პანდემიის შემაკავებელი ზომებიც ზედმეტია. 

ფსიქოლოგების განმარტებით, ეპისტემური მიდგომები ბავშვობაში ყალიბდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია მათი ანალიზი და შესწავლა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში. ასე რომ, შეხედულებებსა და ფაქტებს შორის არსებული განსხვავება შეიძლება სასკოლო გაკვეთილებზე, ბავშვებისთვის გასაგები ენითაც აიხსნას. იან ფილიპ რუდლოფს მაგალითად მოჰყავს კლიმატის კრიზისი: კლიმატის მკვლევართა 97%-ი ამბობს, რომ აღნიშნული კრიზისი ადამიანის აქტივობით არის გამოწვეული. მათ დააგროვეს ამ თეზისის გამამყარებელი მტკიცებულებები, რომლებშიც ეჭვი ცოტა ვინმეს თუ ეპარება. „ამ შემთხვევაში უკვე აღარ შეიძლება იმის თქმა, რომ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს“, - ხაზს უსვამს ექსპერტი. მისი თქმით, ადამიანების უმეტესობისთვის მნიშვნელოვანია მტკიცებულებები და მოსაზრებებსა და ფაქტებს შორის განსხვავება მათ კარგად ესმით.

სხვა თემები