მთელ მსოფლიოში დეპრესიით სულ უფრო მეტი ადამიანი იტანჯება. რატომ?

ფოტო: Facebook
დეპრესია, ნევროზი, შფოთვა - ფსიქიკურ პრობლემებს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი აწყდება. ფსიქოლოგების განცხადებით, ამიტომაც დღეს, როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ადგილობრივი და გლობალური ინიციატივების დროული მხარდაჭერა და დახმარება. რატომ იმატა დეპრესიის შემთხვევებმა და რა ზომებს მიმართა ჯანმო-მ? - ამ კითხვაზე პასუხი Deutsche Welle-მ მოიძია.
რა ხდება?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაზე ცნობიერების ამაღლებასა და ამ საკითხზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობაზე წლებია ზრუნავს. ამ კონკრეტული მიმართულებით ჯანდაცვის მთელი სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე ექსპერტები, ექიმები და ჯანმო-ს თანამშრომლები დიდი ხანია საუბრობენ. 2022 წელს განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული მთელი რიგი მოვლენის ქარიშხალზე, რომელიც პანდემიას, ომსა და ეკონომიკურ კრიზისს გულისხმობს. თავის მხრივ, ეს ყველაფერი ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ძლიერ გავლენას ახდენს.
ჯანმო-ს ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის პირველივე წელს დეპრესიისა და შფოთვის შემთხვევების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. ამის შედეგად კი, ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების რაოდენობამ მთელ მსოფლიოში თითქმის მილიარდს მიაღწია. „გარდა ამისა, ბოლო დროს ფსიქიატრიული სამსახურების მუშაობა სერიოზულად შესუსტდა და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობაში ხარვეზები მკვეთრად გაიზარდა“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
ჯანმო-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული სპეციალური ინიციატივა
2019 წელს ჯანმო-მ წამოიწყო ძალიან ამბიციური ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალური ინიციატივა, რომლის მიზანია 12 ქვეყანაში 100 მილიონი ადამიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა. ამ ქვეყნებში შედის უკრაინა, იორდანია და ზიმბაბვე. "ბევრ ქვეყანას აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის უკიდურესად მოძველებული სისტემა. ჩვენ მათ ვეხმარებით ამ მიდგომების შეცვლაში, რათა უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს სამედიცინო მომსახურება", - ამბობს DW-თან ინტერვიუში ჯანმო-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის დეპარტამენტის კონსულტანტი და ტექნიკური მრჩეველი ალისონ შაფერი.
აღნიშნული ინიციატივა 2020 წლის იანვარში დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული დამატებით ხუთმა მილიონმა ადამიანმა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სერვისები უკვე მიიღო. „ამ ინიციატივის განსახორციელებლად ორ წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა. ახლა ველოდებით ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების რაოდენობის ზრდას“, - განმარტავს შაფერი.
რა არის დეპრესია?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, დეპრესიულ ეპიზოდს ახასიათებს გუნება-განწყობის გაუარესება (რაც სევდიანობით, გაღიზიანებითა და სიცარიელის შეგრძნებით გამოიხატება) ან ნებისმიერი აქტივობისადმი ინტერესის დაკარგვა დღის უმეტეს მონაკვეთში, სულ მცირე, ზედიზედ ორი კვირის განმავლობაში. ის შეიძლება მრავალი სხვა სიმპტომითაც იყოს გამოხატული. მათ შორის არის კონცენტრაციის დაქვეითება, არანორმალურად ხშირი დანაშაულის შეგრძნება ან დაბალი თვითშეფასება, მომავლისადმი რწმენის ნაკლებობა, ფიქრები სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე, ძილის დარღვევა, მადის კლება ან სხეულის წონის ცვლილება, დაღლილობის შეგრძნება და უენერგიობა.
გარკვეულ კულტურულ კონტექსტში, განწყობის ცვლილებები ზოგიერთ ადამიანში ხშირად შეიძლება სომატური სიმპტომებით (მაგ. ტკივილი, დაღლილობა, სისუსტე) გამოვლინდეს. ამავდროულად, ასეთი სომატური გამოვლინებები სხვა პათოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული არ არის. დეპრესიული ეპიზოდის დროს პაციენტი განიცდის მნიშვნელოვან სირთულეებს პირად ურთიერთობებში, ოჯახურ ცხოვრებაში, სოციალური კონტაქტის დროს, განათლების სფეროში, სამსახურში და/ან ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. სიმპტომების რაოდენობისა და სიმძიმის მიხედვით, ასევე ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე მისი ზემოქმედების დოზის მიხედვით მსუბუქ, ზომიერ და მძიმე დეპრესიულ ეპიზოდებს განასხვავებენ.
დეპრესიის რისკ- ფაქტორები და მისი პროფილაქტიკა
დეპრესია სოციალური, ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით არის გამოწვეული. მისი განვითარების მომატებული რისკი შეინიშნება იმ ადამიანებში, რომლებმაც მძიმე ცხოვრებისეული ტრავმა (მაგ. უმუშევრობა, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ფსიქოლოგიური ტრავმა) გადაიტანეს. თავის მხრივ, დეპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესის დონის მომატება და ფუნქციური დარღვევა, რაც პაციენტის ცხოვრების ხარისხს კიდევ უფრო აუარესებს, დეპრესიას კი ართულებს.
ჯანმო-ს სპეციალისტები და ექსპერტები დეპრესიასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის კავშირის დადგენაზე საუბრობენ. მაგალითად, ისევე როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებამ შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს, თავის მხრივ, დეპრესიას გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროვიცირება შეუძლია. დადასტურებულია, რომ პროფილაქტიკური ზომები დეპრესიის განვითარების რისკს ამცირებს. ჯანმო დეპრესიის თავიდან აცილების საშულებად მიიჩნევს სასკოლო პროგრამებს, რომლებიც ბავშვებსა და მოზარდებში პოზიტიური უნარების განვითარებას ითვალისწინებს. ამასთანავე, ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვების მშობლებთან მუშაობამ შეიძლება ხელი შეუწყოს დეპრესიის სიმპტომების შემცირებას მშობლებში, მათი შვილების მდგომარეობა კი შემსუბუქდეს. დეპრესიის თავიდან ასაცილებლად ასევე შეიძლება ეფექტური იყოს ხანდაზმულთა ფიზიკური აქტივობის პროგრამები.
დეპრესიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დეპრესიის მკურნალობის რამდენიმე ეფექტური საშუალება არსებობს. ჯანმო-ს განმარტებით, დეპრესიული ეპიზოდების სიმძიმისა და ბუნებიდან გამომდინარე, პაციენტს სპეციალისტმა შეიძლება შესთავაზოს ფსიქოლოგიური თერაპია. მაგალითად, ქცევითი აქტივაცია, კოგნიტურ-ქცევითი თერაპია და ინტერპერსონალური ფსიქოთერაპია და/ან ანტიდეპრესანტები. სხვა ტიპის მედიკამენტები გამოიყენება ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ. თუმცა სპეციალისტმა უნდა გაითვალისწინოს ანტიდეპრესანტების პოტენციური გვერდითი ეფექტები, ფსიქოლოგიური ან სამედიცინო მკურნალობის ვარიანტების ხელმისაწვდომობა (გაწვრთნილი პროფესიონალების ხელმისაწვდომობა და/ან თერაპიის ხელმისაწვდომობა პაციენტისთვის) და თავად პაციენტის ინდივიდუალური პრეფერენციები. ამასთანავე, მსუბუქი დეპრესიის მკურნალობის ანტიდეპრესანტებით დაწყება რეკომენდებული არ არის. ჯანმო-ს განმარტებით, ამ ტიპის მედიკამენტები არ უნდა იყოს გამოყენებული ბავშვებსა და მოზარდებში დეპრესიის სამკურნალოდ. ანტიდეპრესანტები უნდა იყოს გამოყენებული ზრდასრულების შემთხვევაში და ისიც - ძალიან დიდი სიფრთხილით.