17 ნოემბერი 2022 - 11:14

როგორ აისახება ომი უკრაინის ეკოლოგიაზე

ფოტო: Viacheslav Onyshchenko/SOPA Images/LightRocket

უკრაინის ომი გარემოზე პირდაპირ და ირიბად მოქმედებს. ამავდროულად, ის კლიმატის დაცვის პროცესს აფერხებს. რომელ ეკოლოგიურ შედეგებზე საუბრობენ ახლა და რა იქნება მომავალში? ამ საკითხთან დაკავშირებით Deutsche Welle ექსპერტებს ესაუბრა. 

რა ხდება?

6-დან 18 ნოემბრამდე, ეგვიპტე გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციას - COP27 მასპინძლობს. აქ საუბრობენ არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიოს პარიზის შეთანხმების მონაწილე 194-მა ქვეყანამ დასახულ მიზანს (თავიდან იყოს აცილებული ტემპერატურის გლობალური - 1,5 გრადუსი ცელსიუსით მატება), არამედ იმაზეც, თუ როგორ აისახება რუსეთ-უკრაინის ომი ამ მიმართულებით და რა შედეგები მოჰყვება ამ კონფლიქტს გარემოსთვის. 

აქ მხარეები ითვალისწინებენ ბირთვული დაბინძურების შესაძლო საფრთხესაც, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ზონაში განლაგებული უკრაინის ატომური ელექტროსადგურებიდან მომდინარეობს. დღის წესრიგში დგას სხვა პრობლემებიც: საომარი მოქმედებებისა და სამხედრო აღჭურვილობის გამოყენების შედეგად CO2-ის ემისიების ზრდა და მთელ მსოფლიოში ომის მიერ პროვოცირებული სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისები.

ომის პირდაპირი ეკოლოგიური შედეგები

ნიადაგის, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ეკოსისტემების განადგურება, დამწვარი ტყეები, მკვდარი ცხოველები - ჩამოთვლის უკრაინის ომის უშუალო გარემოსდაცვით შედეგებს ჟურნალ „ეკოლოგია და უფლების“ მთავარი რედაქტორი, ანგელინა დავიდოვა. ეს ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო ტექნიკის უზარმაზარი რაოდენობით არის განპირობებული. ტანკები, თვითმფრინავები, საბრძოლო ხომალდები და იარაღი ადამიანების გარდა, გარემოსაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.

„სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არ ყოფილა ე.წ. „ბინძური ბომბისა“ და ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების პრეცედენტები, პირველ რიგში, იწვევს ნიადაგის დაბინძურებას, რაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში გრძელდება“, - განმარტავს ანჯელინა დავიდოვა DW News Show-სთან ინტერვიუში. "საფრანგეთისა და იტალიის ტერიტორიების ნაწილი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არის დაბინძურებული და სოფლის მეურნეობისა და სხვა მიზნებისთვის ჯერ კიდევ არ გამოიყენება. იტალიის მინდვრებში ჯერ კიდევ შეგიძლიათ იპოვოთ თუნუქის ქილა, რომელიც  პირველი მსოფლიო ომის დროინდელია“, - ასკვნის ის. 

გარდა ამისა, დავიდოვა ომის სხვა ეკოლოგიურ შედეგებსაც ასახელებს. ეს არის: ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი სახლების, ენერგეტიკული და წყალმომარაგების ობიექტების განადგურება. „ნებისმიერი ქალაქისთვის წყალმომარაგების სისტემის განადგურება არ არის მხოლოდ პირდაპირი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ხალხს სასმელი წყალი არ აქვს. ეს არის არაპირდაპირ ქიმიური დაბინძურებაც. წყლის გაწმენდას ძალიან ბევრი ქიმიური რეაგენტი სჭირდება. თუ მთელი ეს წყლის გამწმენდი ან წყალმომარაგების სისტემა ჩამოიშლება, მაშინ ეს ყველაფერი წყალში ან ნიადაგში ხვდება“, - დასძენს ეკოლოგი. 

ანგელინა დავიდოვა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას ომის უშუალო გარემოსდაცვით შედეგებს უკავშირებს. „თბოელექტროსადგურის დაბომბვა ეკოლოგიის მიზანმიმართული დაზიანებაა.  ამ დროს მტვრის ნაწილაკები და ქიმიური ნივთიერებები ხვდება წყლებში, მათ შორის - გრუნტის წყლებში. როგორც წესი, ასეთი სადგურები დაბომბვის შემდეგ არსებობას წყვეტენ“, - ამბობს ანგელინა დავიდოვა.

უკრაინის ომის პოტენციურად ყველაზე საშიშ ეკოლოგიურ შედეგებს შორის ანგელინა დავიდოვა ატომური ელექტროსადგურებისა და ჰიდროელექტროსადგურების განადგურებასთან დაკავშირებულ რისკებს ასახელებს. „ეს არის სიტუაცია, როდესაც წყლის უზარმაზარი მოცულობები შეიძლება დაიღვაროს და გრძელვადიანი ეკოლოგიური თუ ტექნოლოგიური ზარალი გამოიწვიოს. თუ საფრთხეებზე ვსაუბრობთ, პირველი არის ატომური ელექტროსადგური, მეორე კი - ჰიდროელექტროსადგური. თუმცა პირდაპირი ზიანის მიყენების შესაძლებლობის თვალსაზრისით, მათ შორის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, შეიძლება ეს რიგითობა დაირღვეს კიდეც“, - ამბობს ანგელინა დავიდოვა. 

CO2-ის გამონაბოლქვი ომის დროს

ექსპერტები ასევე საუბრობენ უკრაინის ომის არაპირდაპირ ეკოლოგიურ შედეგებზე, რომელიც მთელ მსოფლიოზე აისახება. აქ საუბარია გლობალური ენერგეტიკული ბაზრის რესტრუქტურიზაციაზე. მნიშვნელოვანია ვინ ვისგან ყიდულობს საწვავს, როგორ აისახება ეს სურსათის გლობალურ ბაზარზე, კლიმატსა და ეკოლოგიაზე. ომის ყველაზე სავალალო შედეგებს შორის ახლა არის CO2-ის ემისიების ზრდა.

"პირდაპირი საომარი მოქმედებების დროს, მაგალითად, უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებისას, ატმოსფეროში CO2-ის გამონაბოლქვი იზრდება. ეს კი გარემოზე ძალიან დიდი ზეწოლაა", - ამბობს ჰამბურგის უნივერსიტეტის მკვლევარი ანსელმ ფოგლერი ტელეკომპანია ARD-სთან ინტერვიუში. Scientists for Global Responsibility-ის ექსპერტი სტიუარტ პარკინსონი ყურადღებას სხვა ასპექტზეც ამახვილებს: ჯარი სასარგებლო წიაღისეულზეა დამოკიდებული. ეს გავლენას ახდენს როგორც თავდაცვის ხარჯების ზრდაზე, ასევე - ატმოსფეროში CO2-ის ემისიის ზრდაზე. მაგალითად, საბჭოთა ტანკი T-72 (ეს სამხედრო ტექნიკა უკრაინის ომში აქტიურად გამოიყენება) 100 კილომეტრზე 250 ლიტრ დიზელის საწვავს მოიხმარს, ხოლო საბრძოლო გამანადგურებელი - ერთსაათიანი ფრენის განმავლობაში დაახლოებით 5000 ლიტრ ნავთს.

აქვს თუ არა აზრი, ომის შედეგებს  ახლა ვებრძოლოთ?

ვინაიდან გარემოსდაცვით საკითხებს მსოფლიოსთვის ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამ პრობლემებისადმი ინტერესი გლობალურია, - აცხადებს ანგელინა დავიდოვა. როგორც ეკოლოგი ამბობს, ხშირად სმენია მსგავსი მოსაზრება - „პირველ რიგში, ადამიანების სიცოცხლეზე უნდა ვიფიქროთ. მთავარია, დავასრულოთ ომი და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქროთ გარემოსდაცვით შედეგებზე“. მართლაც, აქვს თუ არა აზრი უკრაინაში ომის დასრულებამდე ეკოლოგიურ ზიანზე საუბარს? ეს ყველაფერი დამოკიდებულია სიტუაციასა და კონკრეტულ ადგილზე, - ამბობს ანგელინა დავიდოვა. 

უკრაინელი ეკოლოგი ალექსეი ვასილიუკი ამბობს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით - რუსეთსა და ბელარუსთან საზღვარზე, სადაც ბევრი ჭაობია -  განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ჯერ არ არის საჭირო, რადგან ამ მხრიდან თავდასხმები გრძელდება. „თუმცა დიდი ქალაქების ინფრასტრუქტურა, რომელიც წყალ და ენერგომომარაგებისთვის  აუცილებელია, სწორედ ახლა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის,“ - მიიჩნევს დავიდოვა.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ საომარი მოქმედებების დასრულებამდეც მრავალი ამოცანის გადაჭრაა აუცილებელი. მაგალითად, ეს ეხება დანგრეულ ზოოპარკებსა და ნაციონალური მნიშვნელობის პარკებს. თუმცა მიწის რესურსებისა თუ წყლის გაწმენდა - აღდგენისთვის საჭირო სამუშაოები მაინც ომისშემდგომი პერიოდის ამოცანაა. 

სხვა თემები