03 დეკემბერი 2022 - 23:41

არის თუ არა დედამიწაზე საკმარისი ადგილი და რესურსი, რომ 8 მილიარდ ადამიანს ეყოს?

ფოტო: GETTY IMAGES

დედამიწის მოსახლეობის მატებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსები იწურება. თუმცა მდგრადი განვითარების ექსპერტები ამბობენ, რომ პრობლემა არა მხოლოდ მოსახლეობის ზრდაა, არამედ - ჭარბი მოხმარებაც. რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს დედამიწა?- ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა. 

რა ხდება?

15 ნოემბერს, გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს მოსახლეობამ 8 მილიარდ ადამიანს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ კაცობრიობა ბოლო 11 წლის განმავლობაში ერთი მილიარდით გაიზარდა: 7-მილიარდიანი მაჩვენებელი 2011 წლის 31 ოქტომბერს დაფიქსირდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პირველ მილიარდს დედამიწის მოსახლეობამ 1804 წელს მიაღწია. „მსოფლიო მოსახლეობის ზრდა საოცარი წარმატების ისტორიაა“, - განაცხადა გაეროს მოსახლეობის ექსპერტმა, სარა ჰერტოგმა. მისი თქმით, 1950 წლიდან, მსოფლიოში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 25-წლიანი მაჩვენებლით გაიზარდა. ამასთანავე, შობადობის კოეფიციენტი შემცირდა, რაც  რეპროდუქციული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, ოჯახის დაგეგმვისა და გოგონებისა თუ ქალებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობების ზრდით არის განპირობებული.

თუმცა ყველა წარმატებას თავისი ფასი აქვს. გაეროს ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ სათბურის გაზების ემისიისა და გარემო რესურსების განადგურების ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ მოსახლეობის ზრდაა. შესაბამისად, ყოველი დამატებითი ადამიანი პლანეტის ისედაც შეზღუდულ ბიოლოგიურ რესურსებზე უფრო მეტ ზეწოლას ახდენს. „ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, კლიმატის ცვლილება, ჰაერის დაბინძურება, ტყეების გაჩეხვა, სასმელი წყლისა და საკვების ნაკლებობა - ყველა ეს პრობლემა მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად კიდევ უფრო მძაფრდება“, - აცხადებს ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია Population Matters. 

მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები ყველაზე მეტ რესურსს მოიხმარენ

ჰერტოგის აზრით, შეცდომაა იმის მოლოდინი, რომ პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა მოსახლეობის ზრდის ტემპის შენელებაა. „რესურსების მოხმარების ზრდამ და მასთან დაკავშირებულმა დაბინძურებამ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ვიდრე - მოსახლეობის ზრდამ“, - განუცხადა მან DW-ს. ჰერტოგის განმარტებით, მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის ზრდა შენელებულია ან მცირდება, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ყველაზე მეტი რესურსი იხარჯება. აფრიკისა და აზიის ღარიბი განვითარებადი ქვეყნები, რომელთა მოსახლეობაც უახლოეს ათწლეულებში კიდევ უფრო გაიზრდება, გლობალური ემისიებისა და რესურსების გამოყენების მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე არიან პასუხისმგებელი.  

Global Footprint Network-ის თანახმად, პლანეტის ყველა მცხოვრები აშშ-ის მოქალაქესავით რომ ცხოვრობდეს, სულ მცირე, ხუთი პლანეტის რესურსი დაგვჭირდება. თუმცა თუ ნიგერიის მსგავსი ქვეყნის მოქალაქესავით ვცხოვრობთ, ყოველწლიურად მსოფლიო რესურსების მხოლოდ 70%-ს გამოვიყენებთ. ინდოეთის შემთხვევაში, რომლის მოსახლეობაც 1,3 მილიარდზე მეტია, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 80%-ია. 

ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი შესაძლებლობების მიღმა

გაეროს პროგნოზის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 9,7 მილიარდს მიაღწევს, 2080 წლისთვის კი - 10,4 მილიარდს. მდგრადი განვითარების ექსპერტები ამბობენ, რომ მოსახლეობის ზრდა გარდაუვალია და კლიმატური კრიზისიდან გამოსავალი სხვა გზით უნდა ვეძებოთ. მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის გლობალური ეკონომიკის დირექტორი ვანესა პერეს-სირერა თვლის, რომ დედამიწაზე არის ყველა ის რესურსი, რომელიც  8 მილიარდი მოსახლეობის გამოსაკვებად არის საჭირო. ”ჩვენ გვაქვს რესურსები, მაგრამ დიდი პოლიტიკური ეკონომიკა და გეოპოლიტიკა არის საჭირო, რომ ამ რესურსებმა მიაღწიოს იქამდე, სადაც მათი საჭიროება დგას”, - განუცხადა მან DW-ს. 

ჰელსინკის უნივერსიტეტის სამომხმარებლო ეკონომიკის პროფესორი და გერმანიის მდგრადი ევროპის კვლევითი ინსტიტუტის თავმჯდომარე სილვია ლორეკი ამბობს, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენს რესურსებს როგორ გავანაწილებთ. ის ამტკიცებს, რომ კაცობრიობა უნდა დაუპირისპირდეს მოხმარების ამჟამინდელ მოდელებს, განსაკუთრებით ეს ეხება გლობალურ ჩრდილოეთს. ”ჩვენ დიდი ხანია ჩვენი შესაძლებლობების მიღმა ვცხოვრობთ”, - ამბობს ლორეკი და დასძენს, რომ ცხოვრების მსგავსი წესის შენარჩუნებას ჩვენ დიდხანს ვერ შევძლებთ. „რაც უფრო მეტი ადამიანია, ვინც ცხოვრების დასავლურ, კომფორტულ წესს ელტვის, მით უფრო უჭირს დედამიწას ბიოლოგიური რესურსების აღდგენა. ეს ეხება ფლორას, ფაუნას, სუფთა წყალს და მიწას. ჩვენ ეს ყველაფერი გადარჩენისთვის გვჭირდება“, - დასძენს ის. არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Global Footprint Network-ის შეფასებით, მსოფლიოს ამჟამინდელი მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას ყოველწლიურად ჩვენი პლანეტის გარემოსდაცვითი რესურსების 175%-ი სჭირდება. 

"ნაკლები დანახარჯებით კარგად ცხოვრებას" ვსწავლობთ

ლორეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძირითადად, ეს ჭარბი მოხმარება ნებაყოფლობითი სულაც არ არის და განპირობებულია იმით, თუ როგორ არის სტრუქტურირებული ჩვენი საზოგადოება და რა ღირებულებებია პოპულარული. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რეკლამა, კინო და ტელევიზია „ადამიანებს უყალიბებს ისეთ აზროვნებას, რომ მთავარი არის ფინანსური კეთილდღეობა“, - ამბობს ის. 

ბოლო წლებში ლორეკმა და სხვა სპეციალისტებმა შეისწავლეს, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ შედარებით კომფორტული ცხოვრების დონე, ისწავლონ „კარგად იცხოვრონ ნაკლები დანახარჯებით“ ისე, რომ ცხოვრების ხარისხი არ გაიუარესონ. მათ ყურადღება გაამახვილეს იმ სამ სფეროზე, რომლებიც CO2-ის ემისიასა და მოხმარებას გულისხმობს: როგორ ვჭამთ, როგორ ვცხოვრობთ და როგორ გადავაადგილდებით. ეს რეკომენდაციები ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ვინც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ დებატებს თვალს ადევნებს. მეცნიერთა ამ ჯგუფის აზრით, ადამიანები უნდა გადავიდნენ უფრო მცენარეული პროდუქციით კვებაზე, ცხოველური პროდუქტების მოხმარება შეამცირონ, მაქსიმალურად უარი თქვან საჰაერო გადაადგილებასა და პირად ავტოტრანსპორტზე. ეს ასევე გულისხმობს ჩვენი ქალაქების რესტრუქტურიზაციას, რათა ავაშენოთ უფრო ეფექტური შენობები, რომლებიც რამდენიმე ოჯახზე იქნება გათვლილი და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. 

თავის მხრივ, პერეს-სიერა თვლის, რომ ყველას არ მოუწევს ცხოვრების  ასეთი წესის მიღება. თუმცა იმასაც ამბობს, რომ მნიშვნელოვანია "გამამხნევებელი და მიმზიდველი" ცხოვრების სტანდარტების შემუშავება, რათა გადაჭარბებული მოხმარება შემცირდეს. მისი განმარტებით, „პოლიტიკოსები უნდა დარწმუნდნენ, რომ ეკონომიკური ზრდა კვლავ შესაძლებელია. ამისათვის კი საჭიროა ორიენტირება ხარისხზე და არა - რაოდენობაზე. "ჩვენ აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ, რომ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება ნაკლები ნივთითაც არის შესაძლებელი“, - ამბობს პერეს-სიერა.

სხვა თემები