03 დეკემბერი 2022 - 23:40

ილონ მასკი Apple-ს ეჩხუბა. რას ნიშნავს ეს Twitter-ისთვის?

ფოტო: AP

Twitter-ის ახალი მფლობელი ილონ მასკი ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-თან კონფლიქტშია. მასკის თქმით, კონცერნმა Twitter-ზე თავისი რეკლამების უმეტესობა შეაჩერა. ამასთანავე, Apple-ი იმუქრება, რომ Twitter-ის აპლიკაციას თავის ონლაინ-მაღაზია App Store-დან წაშლის. რატომ გაირბინა შავმა კატამ მასკსა და Apple-ს შორის, BBC-მ გაარკვია.

რა ხდება?

თუ საქმე აქამდე მივა, iPhone-ისა და iPad-ის მომხმარებლები Twitter-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვას საკუთარ მოწყობილობებზე ვეღარ შეძლებენ. ეს კი აღნიშნული სოციალური ქსელის გავრცელების არეალს ძალიან შეზღუდავს. გარდა ამისა, Washington Post-ის თანახმად, Apple-ი რეკლამის მთავარი განმთავსებელია Twitter-ზე. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ამ მიმართულებით 2022 წლის პირველ კვარტალში 48 მილიონი დოლარი დახარჯა. მოცემულ ეტაპზე ასეთი მოცულობის შემოსავლის დაკარგვა Twitter-ს ძალიან ძვირი დაუჯდება. Apple-ი ერთ-ერთია იმ მსხვილი კომპანიებიდან, რომელთაც ბოლო კვირების განმავლობაში Twitter-ზე რეკლამის განთავსებაზე უარი თქვეს. ბევრ მათგანს აშფოთებს მასკის „სიტყვის აბსოლუტური თავისუფლების“ პოლიტიკა, რომლის გამოც სოციალურ ქსელში რადიკალური შეხედულებების მქონე მომხმარებლები უკვე დაბრუნდნენ. 

იმავდროულად, ანალიტიკოსების აზრით, თავად მასკი სწორ გზაზე დგას, რომ გახდეს ყველაზე პოპულარული მომხმარებელი და მთავარი „ინფლუენსერი“ Twitter-ზე. ექსპერტების შეფასებით, მას შეუძლია ბარაკ ობამას რეკორდი დაამყაროს და მიმდევრების რაოდენობით პირველ ადგილზე აღმოჩნდეს. "მილიარდერი მასკი ცნობილია იმით, რომ არ უყვარს როცა კარნახობენ, თუ რა უნდა გააკეთოს. თუმცა როცა საქმე Twitter-ს ეხება, ყველა კოზირი Apple-ს უჭირავს", - აღნიშნავს BBC-ის კორესპონდენტი ჯეიმს კლეიტონი. 

რა დაწერა მასკმა Apple-ზე?

ორშაბათს მასკმა Apple-ის წინააღმდეგ „ტვიტების“ მთელი სერია გამოუშვა. მან გააკრიტიკა კომპანიის ფინანსური პრინციპები, რომელთა მიხედვითაც App Store-ს შეუძლია აპლიკაციის გაყიდვიდან მიღებული თანხის 30%-მდე თავად აიღოს. მასკმა ტექნოლოგიური გიგანტი ცენზურაში დაადანაშაულა. "მხოლოდ Apple-ი წყვეტს ვინ შეიძლება იყოს App Store-ში. თუ Apple-ი მოინდომებს, შეუძლია გააკეთოს ისე, რომ iPhone-ის მომხმარებლებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით Twitter-ის ჩამოტვირთვა ვეღარ შეძლონ და ეს სოციალური ქსელისთვის უზარმაზარი დარტყმა იქნება“, - განმარტავს კლეიტონი. „გარდა ამისა, Apple-ს შეუძლია აპლიკაციის საშუალებით გაკეთებული ყველა შენაძენის ღირებულების 15%-30%-იც მიიღოს“, - დასძენს კორესპონდენტი.

მასკი არ არის ერთადერთი, ვინც Apple-ის ამ შესაძლებლობას აკრიტიკებს. კომპანია „მეტა“ უკვე დიდი ხანია უკმაყოფილოა იმით, თუ რამდენად არის დამოკიდებული მისი Instagram და Facebook აპლიკაციები Apple-ის ნებაზე. მასკმა დაწერა, რომ ვერ ხვდება, თუ რატომ შეიძლება აიკრძალოს Twitter-ი App Store-ში. რეკლამებთან დაკავშირებით კი შემდეგი რამ თქვა: "Apple-მა თითქმის შეწყვიტა Twitter-ზე რეკლამის განთავსება. ისინი ვერ იტანენ ამერიკაში სიტყვის თავისუფლებას?".

„სიტყვის აბსოლუტური თავისუფლება“ და რეკლამის განმთავსებლები

Apple-ი უერთდება მსხვილ კომპანიებს, რომელთაც გადაწყვიტეს შეაჩერონ რეკლამები Twitter-ზე მას შემდეგ, რაც გლობალური სოციალური ქსელი მასკმა შეიძინა და მისი რეფორმირება დაიწყო. ბოლო კვირების განმავლობაში Twitter-ზე რეკლამის განთავსებაზე უარი თქვეს ავტო-გიგანტებმა- General Motors-მა, Volkswagen-მა და Audi-მ,  ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა, კვების მსხვილმა კომპანიებმა და სარესტორნო ქსელებმა. Twitter-ის შემოსავლის მთავარი წყარო კი არის რეკლამა, რომელიც ახლა წამგებიანია. მასკმა, რომელმაც ის 44 მილიარდ დოლარად იყიდა, განაცხადა, რომ ორი მიზნის მიღწევა სურს: სოციალური ქსელი მომგებიანი გახადოს და აღნიშნულ პლატფორმაზე სიტყვის თავისუფლებას მიაღწიოს.

მასკი თავის თავს სიტყვის თავისუფლების საკითხში „აბსოლუტისტს“ უწოდებს. ის თვლის, რომ ბევრი მომხმარებელი, რომლებიც წინა მენეჯმენტის დროს სიძულვილის გამოვლენისა და ძველი წესების სხვა დარღვევისთვის დაბლოკეს, სოციალურ ქსელში უნდა დაბრუნდეს. კერძოდ, მან უკვე მოუხსნა ასეთი აკრძალვა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. დამატებითი სკანდალი იყო მასკის მცდელობა, Twitter-ის ლურჯი სიმბოლო ფასიანი გაეხადა, რასაც თითქოს ოფიციალური ვებგვერდებიდან „ფეიკების“ მთელი ტალღა მოჰყვა. მასკი მალევე იძულებული გახდა ამ ჩანაფიქრზე უარი ეთქვა, რათა რეკლამის განმთავსებლები სრულად არ დაეკარგა. 

ნოემბრის დასაწყისში, App Store-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილ შილერმა Twitter-ზე თავისი ანგარიში წაშალა. გამოცემა Guardian-ის თქმით, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა, რომ Apple-სა და მასკს შორის ურთიერთობა დაიძაბა. გასულ წელს Apple-მა App Store-დან სოციალური ქსელი Parler-ი დროებით ამოიღო. მაშინ ტექნიკურმა გიგანტმა განაცხადა, რომ Parler-ი სიძულვილის ენის შემცველი ტექსტების დაბლოკვაზე უარს ამბობდა. როდესაც ამ უკანასკნელმა წესები შეცვალა, აპლიკაცია ონლაინ მაღაზიაში დაბრუნდა. 

არის თუ არა მასკი რეალური "მთავარი ინფლუენსერი"?

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter-ი იყიდა, სოციალურ ქსელში მისი პოპულარობა ასტრონომიული ტემპით გაიზარდა, - ამბობენ ორგანიზაცია Social Blade-ის სტატისტიკის ექსპერტები. მასკს ამ თვეში 8,6 მილიონი ახალი გამომწერი დაემატა და საბოლოო ჯამში, მათმა რაოდენობამ 120 მილიონს მიაღწია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, 2023 წლის 17 იანვარს, მასკი Twitter-ზე  „მთავარი ინფლუენსერი“ გახდება. შესაბამისად, ის გადაუსწრებს ბარაკ ობამას, რომელსაც ამჟამად 130 მილიონი გამომწერი ჰყავს. 

ამავდროულად, თავად მასკი მხოლოდ 129 ადამიანის გამომწერია. შედარებისთვის, Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი 3500 ადამიანის მიმდევარი იყო (როდესაც ის კომპანიას მართავდა), ხოლო ბარაკ ობამას 570 000 ადამიანი ჰყავდა გამოწერილი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Twitter-ის ხელმძღვანელობის ერთი თვის განმავლობაში მასკი უფრო ხშირად წერს პოსტებს, ვიდრე - ადრე. მათი შეფასებით, ის სამუშაო საათებში ყოველ 15 წუთში ერთხელ „ტვიტავს“. სოციალური მედიის ანალიტიკოსის,  მეტ ნავარას თქმით, მასკის ქცევა Twitter-ზე სხვა საკამათო და ძლევამოსილ ადამიანს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოგვაგონებს. 

ერთი მხრივ, მისი პოსტები იწვევს უამრავ რეაქციას, რაც თავად Twitter-ისთვის კარგია. თუმცა მეორე მხრივ, საბოლოო ეფექტი უარყოფითია, რადგან ადამიანები აქვეყნებენ ტოქსიკური შინაარსის პოსტებს, რაც მოდერაციას საჭიროებს, - დასძენს ნავარა. გარდა ამისა, მასკის ყველა მიმდევარი არ შეიძლება რეალური ადამიანი იყოს. მიმდინარე წლის მაისში ანალიტიკურმა კომპანია SparkToro-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც იმ დროისთვის მასკის გამომწერების 70%-ზე მეტი არ შეიძლებოდა რეალური ყოფილიყო. აქ საუბარია ბოტებზე, არააქტიურ მომხმარებლებზე ან სპამისა და პროპაგანდის გასავრცელებლად შექმნილ ანგარიშებზე. 

სხვა თემები