08 დეკემბერი 2022 - 22:09

დაანგრევს თუ არა რუსეთის ეკონომიკას რუსულ ნავთობზე ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგო?

ფოტო: EU

დასავლეთი რუსული ნავთობ-დოლარების მიმართ უპრეცედენტო სანქციებს აწესებს. ევროკავშირის ემბარგო და G7-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული  ფასის ზღვარი ერთდროულად ამოქმედდება. გაუძლებს თუ არა რუსეთის ეკონომიკა ასეთ დარტყმას? - ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა. 

რა ხდება?

უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის კიდევ ერთი სადამსჯელო ღონისძიება 5 დეკემბერს ძალაში შევიდა. კონკრეტულად კი, ეს ნავთობის ემბარგოს გულისხმობს. აკრძალვა ეხება საზღვაო მიწოდებას, თუმცა ამ წესს ნავთობსადენი „მეგობრობა“ არ ექვემდებარება. ეს გულისხმობს, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი მის გამოყენებას დროებით გააგრძელებენ. ამრიგად, ევროკავშირისთვის მიწოდებული რუსული ნავთობის მოცულობა 90%-ით პროცენტით შემცირდება. 

ჯერ კიდევ 2021 წელს, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული ნავთობის მთლიანი საექსპორტო მოცულობის თითქმის ნახევარი (47%-ი) იყიდეს. ფიზიკურად ეს არის 50,9 მილიარდი დოლარის ღირებულების 108,1 მილიონი ტონა ნათობი -  ასეთია რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემები. „ევროკავშირის, როგორც რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორის, ჩანაცვლება ადვილი არ იქნება,“ - ამბობს ევროპული პოლიტიკის ცენტრის (EPC) ანალიტიკოსი ფილიპ ლაუსბერგი. „მოსკოვს ახალი მყიდველების სწრაფად პოვნა გაუჭირდება. შესაძლოა, ქვეყნებს, რომლებიც ნავთობის დამატებით მოცულობას რუსეთისგან უკვე ყიდულობენ და მათ შორის არიან თურქეთი და ჩინეთი, ნავთობი აღარ დასჭირდეთ“, - დასძენს ის. 

უფრო მეტიც, ნავთობის ემბარგო არის "დარტყმა ვლადიმერ პუტინის მთავარ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებზე", - ამბობს ენერგეტიკული პოლიტიკის ექსპერტი ბრიუსელში, ანალიტიკურ ცენტრ Bruegel-დან - სიმონე ტალიაპიეტრა. ის იხსენებს, რომ ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით რუსეთმა ენერგეტიკული შემოსავლების ნაწილი უკვე დაკარგა. "ეს შემოსავლები რუსეთმა სამუდამოდ დაკარგა და მისი ანაზღაურება გაუჭირდება. უკიდურესად რთულია გაზის ევროპული ბაზრის აზიურით ჩანაცვლება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ არსებობს ინფრასტრუქტურა, რაც გაზსადენებს გულისხმობს", - ამბობს ექსპერტი. "ამ ფონზე, ნავთობის ემბარგო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ნავთობიდან მიღებული შემოსავალი მას საშუალებას აძლევს, უკრაინაში მიმდინარე ომი დააფინანსოს", - დასძენს ექსპერტი.

დაზარალდება თუ არა ევროკავშირი საკუთარი სანქციებით?

ევროკავშირის პერსპექტივიდან, 2021 წელს რუსეთი მისთვის ნავთობის უდიდესი მიმწოდებელი იყო და ბაზრის 26%-ი მასზე მოდიოდა. თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, 2022 წლის მეორე კვარტალში, ევროსტატის მონაცემებით, ის 16,7%- მდე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ევროკავშირისთვის ნავთობის მთავარ მიმწოდებლად  რჩება, ბოლო თვეებში სხვა მომწოდებლების - შეერთებული შტატების, ანგოლას, საუდის არაბეთის, ბრაზილიისა და დიდი ბრიტანეთის წილები გაიზარდა. 

ევროკავშირი ნავთობის მწარმოებელ სხვა ქვეყნებთან კონტრაქტებს აქტიურად აფორმებს. სწორედ ამიტომ ექსპერტები ნავთობთან დაკავშირებულ პრობლემას ვერ ხედავენ. ამასთანავე, გამყიდველები საკმარისი რაოდენობით არიან. გარდა ამისა, სხვა კონტინენტებიდან „შავი ოქროს“ ევროპაში ტრანსპორტირება უფრო ადვილია, ვიდრე - გაზის. აქედან გამომდინარე, ფილიპ ლაუსბერგი დარწმუნებულია, რომ დეფიციტი ნამდვილად არ იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა 3 ივნისს, სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში  მიიღო. ის გულისხმობდა გადადებულ ნაწილობრივ ემბარგოს რუსეთიდან არა მხოლოდ ნავთობის, არამედ ნავთობპროდუქტების ექსპორტზე. აღსანიშნავია, რომ ნავთობპროდუქტების მიწოდების აკრძალვა ძალაში მოგვიანებით - 2023 წლის 5 თებერვლიდან შევა. 

რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვა

ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული ემბარგოს გარდა, G7-ის საჯარიმო ინსტრუმენტი ასევე ამოქმედდება 5 დეკემბრიდან. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, ზღვით მიწოდებული რუსული ნავთობის ფასის ზღვარი 1 ბარელზე 60 დოლარს გულისხმობს. სხვადასხვა შეფასებით, რუსეთში ნავთობის მოპოვების თვითღირებულება ბარელზე 20-დან 40 დოლარამდე მერყეობს. რუსული ბრენდის -Urals-ის ნავთობის შემთხვევაში კი, ანალოგიური მაჩვენებელი 60-65 დოლარის ფარგლებში. ერთი შეხედვით, ბარელზე 60-დოლარიანი ზღვრის დადგენა დიდ როლს არ შეასრულებს, მაგრამ სიმონე ტალიაპიეტრა სურათს უფრო ფართო პერსპექტივიდან აფასებს. ”აუცილებელია, რომ ეს ღონისძიება აღიქვათ როგორც სისტემა, რომელსაც ფასის ზღვრის დადგენით  რუსეთზე სტრატეგიული ზეწოლის გაძლიერება შეუძლია,“ - ამბობს ის. ექსპერტის განმარტებით, ლიმიტირებული ფასი ეფექტურია იმით, რომ ის სამუდამოდ არ არის დადგენილი და მისი რეგულირება სიტუაციის შესაბამისად არის შესაძლებელი. 

რუსული ნავთობის ფასის ზღვარზე გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებმა მრავალკვირიანი დისკუსიების შედეგად მიიღეს. პოლონეთი ბოლომდე წინააღმდეგობას უწევდა ბარელზე 30 დოლარზე მაღალ მაჩვენებელს, რადგან რუსეთისთვის სხვა ყველაფერი ზედმეტად კომფორტულად მიაჩნდა. თუმცა 2 დეკემბერს ის მაინც დასთანხმდა. ვარშავის პოზიცია სიმონე ტალიაპიეტრასთვის გასაგებია. „ასეთი ეტაპობრივი მიდგომა შეიძლებოდა მოსალოდნელი ყოფილიყო მარტში ან აპრილში, მაგრამ ომის დაწყებიდან ცხრა თვეზე მეტი გავიდა. საკითხავია, შეუძლია თუ არა მსოფლიო ეკონომიკას ახლა რუსეთის ნავთობის ფასების მკაცრ ზღვართან დაკავშირებულ ვითარებას გაუძლოს. ამ გადაწყვეტილების მიზანი ხომ არის შეზღუდოს რუსეთის ფედერაციის შემოსავლები და პარალელურად, შენარჩუნდეს რუსული ნავთობის ნაკადი მსოფლიო ბაზარზე. ამრიგად, G7-ის ქვეყნებს მოსკოვის ფინანსების შეზღუდვა სურთ. თუმცა მათ ისიც უნდათ, რომ თავიდან აიცილონ ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა, რაც მოხდება კიდეც, თუ რუსული „შავი ოქრო“ მსოფლიო ბაზრიდან უეცრად გაქრება. ამიერიდან რუსეთს ჩინეთისა და ინდოეთისთვის ნავთობის ფასდაკლებით მიყიდვა მოუწევს, რაც მის შემოსავლებს კიდევ უფრო შეამცირებს. მოსკოვი უკვე განიცდის სირთულეებს ამ ზომების გამო და 2023 წელს მასზე ზეწოლა კიდევ უფრო მკვეთრად გაიზრდება“, - დარწმუნებულია ტალიაპიტრა. 

რუსული ნავთობის ფასის ზღვარი მესამე ქვეყნებსაც შეეხება

ფასის ზღვარი მოსკოვს ნავთობის გაყიდვაში სხვა ლოგისტიკურ სირთულეებსაც შეუქმნის - განმარტავს ფილიპ ლაუსბერგი. როგორ? საქმე იმაშია, რომ ფასის ზღვარი ასევე შეეხება მესამე ქვეყნების სატრანსპორტო და სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც ამ ზომას მხარს არ უჭერენ. მათ შორის არის ჩინეთი და ინდოეთი. ახლა რუსული ნავთობის შესაძენად მათ მოუწევთ შექმნან საკუთარი სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ევროკავშირის რეგულაციებს არ დაექვემდებარებიან, რადგან ევროპელი მზღვეველები უკვე მხოლოდ შეზღუდული ფასის პირობებში იმუშავებენ. ვინაიდან სადაზღვევო ბიზნესი კონცენტრირებულია ევროპაში, ამ გადასვლას გარკვეული დრო დასჭირდება. მთლიანობაში, რუსეთის ფედერაციიდან მთელი ნავთობის 70-85%-ის ექსპორტი საზღვაო გზით ხდება, - წერს Reuters-ი.

ყველა ეს სანქცია არ არის მიმართული იმისკენ, რომ რუსეთის ეკონომიკის სრული და სწრაფი კოლაფსი გამოიწვიოს, - აღიარებს სიმონე ტალიაპიტრა. თუმცა, ის თანდათან და უწყვეტად სწორედ აქეთკენ მიდის, - დასძენს ის. ”რუსეთმა უკვე შეამცირა ნავთობის მოპოვება ან ამას ემბარგოს შემდეგ მაინც გააკეთებს. რუსული ნავთობის ფასი უკვე შედარებით დაბალია და შესაძლოა, ნავთობის ფასის ზღვრის დადგენის გამო კიდევ უფრო შემცირდეს. ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, დააზარალებს რუსეთის ბიუჯეტსა და კრემლის უნარს, ომი აწარმოოს“, - ამბობს ფილიპ ლაუსბერგი.

ზოგადად, ექსპერტების აზრი ორად იყოფა იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედებს ევროკავშირისა და G7-ის მიერ მიღებული ზომები ნავთობის მსოფლიო ფასზე. თუ ფასის ზღვრის გადაწყვეტილება გეგმის მიხედვით წავა, მაშინ ამან ნავთობის ფასების გლობალური მატება არ უნდა გამოიწვიოს, - თვლის ტალიაპიტრა. მისი აზრით, ემბარგოს შედეგად არაფერი შეიცვლება არც ევროკავშირისთვის და არც მსოფლიო ეკონომიკისთვის. 

თუმცა, ასევე არსებობს შიში, რომ ემბარგომ შეიძლება გამოიწვიოს დეფიციტი და აწიოს ნავთობის ფასები განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოპეკ-ის ქვეყნები მოპოვების კიდევ უფრო შემცირებას გადაწყვეტენ, - აღნიშნავს ლაუსბერგი. პროგნოზების თანახმად, 2023 წელს ნავთობზე მოთხოვნა გლობალური ეკონომიკის შენელების გამო შემცირდება. კერძოდ, ჩინეთი „ლოქდაუნს“ აგრძელებს, ბევრ სხვა ნავთობის იმპორტიორს კი რეცესიის ეშინია. 

სხვა თემები