05 დეკემბერი 2022 - 18:06

TIME: პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს, თუმცა ძალიან ბევრი არც ზელენსკიმ უნდა მოიგოს

ფოტო: Getty Images

რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ეტაპზე, რუსებმა კიევის გარეუბნამდე მიაღწიეს და მაშინ ისე ჩანდა, თითქოს უკრაინის საქმე წასული იყო. საომარი მოქმედებების მეორე ფაზაში კი, სულ რაღაც ოთხი კვირის შემდეგ, მსხვერპლი იზრდებოდა და შეტევაც გრძელდებოდა. რაც შეეხება მესამე მოქმედებას, ის უკრაინის სასწაულებრივი გამარჯვებით დაიწყო და შედეგად, რუსები იძულებული გახდნენ, ხერსონი დაეტოვებინათ. ეს იყო სამხრეთის მიმართულებით პირველი კლასის სტრატეგიული მონაპოვარი. თუმცა, როგორც ამბობენ,  სცენა შეიძლება მალე ჩაბნელდეს. რა შედეგით სურს ამ ომის დასრულება დასავლეთს? - ამ და სხვა კითხვებს პასუხი გამოცემა Time-მა გასცა. 

რა ხდება?

რა თქმა უნდა, უკრაინელები ბრძოლის ველზე დომინირებას ახლაც აგრძელებენ. ამას განაპირობებს უდიდესი მოტივაცია, დიდი ოდენობით დასავლური ფული და იარაღი. უკრაინელები გადარჩენისთვის იბრძვიან, ასობით ათასი რუსი კი გარბის.

გამარჯვების მოზეიმე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა დგას იმ საფრთხის წინაშე, რომელიც უკანა ფონზე ყოველთვის არსებობდა. ეს მის გულუხვ დასავლელ მეგობრებს უკავშირდება. ნოემბერში, ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - ჯეიკ სალივანი თავის რუს კოლეგას "კონფიდენციალური დიალოგის"ფარგლებში შეხვდა. ეს საუბარი თეთრი სახლის ადმინისტრაციამ კიევს გზავნილის სახით სასწრაფოდ გადასცა.

სავარაუდოდ, მხარეებმა განიხილეს ის "კომპრომისი", რომელზეც ჯო ბაიდენი ხერსონის დაცემის შემდეგ წავიდოდა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი „არ აპირებდა ეთქვა [უკრაინელებისთვის] რა უნდა გაეკეთებინათ“. თუმცა, მინიშნება არც ისე ფარული იყო. კლიენტის კონტროლი არის სწორედ ის, რასაც აკეთებენ დიდი სახელმწიფოები, რათა სასიკვდილო კონფლიქტში ჩათრევა თავიდან აირიდონ. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ველური გამოხედვის მქონე რუს მოწინააღმდეგეს, რომელსაც ლეტალური საშუალებების გადაჭარბებული არსენალი მხარს უმაგრებს.

ვლადიმერ პუტინი რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, არასოდეს ყოფილა რეალური. როგორც წესი, თუ ერთი ტაქტიკური იარაღით დაიწყებთ, დამღუპველი სტრატეგიული დუელით დაასრულებთ. ჯერ კიდევ პრე-ბირთვულ ეპოქაში ლეგენდარული პრუსიელი სტრატეგი კარლ ფონ კლაუზევიტცი ამბობდა, რომ „დაუფიქრებელი პირველი ნაბიჯი შეიძლება უკანასკნელი გახდეს“. კუბის სარაკეტო კრიზისის დროს კი, ჯონ კენედიმ კლაუზევიტცისგან „ისესხა“: „მე პირველი ნაბიჯი კი არ მაწუხებს, არამედ ის, რომ ორივე მხარე მეოთხესა და მეხუთეზე გადადის, ჩვენ კი მეექვსემდე ვეღარ მივაღწევთ, რადგან გარშემო არავინ იქნება ამის გამკეთებელი“.

პუტინი რომ თავის მუქარებში სერიოზული ყოფილიყო, აშშ-ის დაზვერვას ნამდვილად ეცოდინებოდა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. პუტინს მოუწევს სტრატეგიული დაზღვევა და თავისი კონტინენტთაშორისი იარაღის სამხედრო ბაზაზე განთავსება. მისი რისკი იზრდება, რადგან შეერთებული შტატები DEFCON 2-ზე (თავდაცვის მზადყოფნის დონე, რომელიც წინ უძღვის მაქსიმალურ საბრძოლო მზადყოფნას) წავა: ICBM-ები (საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა) და ბალისტიკური წყალქვეშა ნავები ექვს საათში გასასვლელად მზად არიან. მსგავს ვითარებაში კი არასწორმა აღქმამ და გათვლებმა შეიძლება სტრატეგიული ომის პროვოცირება გამოიწვიოს. ნატომ გააფრთხილა არა მარტო პუტინი, არამედ მისი მოკავშირეებიც, მაგალითად - ჩინეთი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართვა ასეთი იყო:  „ბირთვული ომები არ უნდა ხდებოდეს“. 

ასეა თუ ისე, პუტინის მუქარამ დასავლეთი შოკში ჩააგდო. ვის უნდა კიევისთვის სიკვდილი? ან ვის სურს გაყინვა მაშინ, როდესაც რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას უწყვეტს? პარიზი და ბერლინი შუამავლობას პირველივე დღიდან ცდილობდნენ. დასავლელი ლიდერები შეიძლება ომის დაწყებიდან  ცხრა თვის შემდეგ უკვე დაიღალნენ. შეერთებულ შტატებში კი, ამერიკის დაბნეულობის მიმართ რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგობა სულ უფრო იზრდება.  

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ შიში კარგ საქმეზე ძალიან ზემოქმედებს. უკრაინის გამარჯვებებმა, შესაძლოა, რუსეთის უსაზღვრო შურისძიების პროვოცირება გამოიწვიოს და კრემლი არც კი დაფიქრდეს, რად შეიძლება ეს დაუჯდეს. თუმცა, სტრატეგიული რეალობა შეიძლება კიევის სასარგებლო სულაც არ იყოს. ამ მესამე აქტში მამაცმა უკრაინელებმა მეორე ფაზაში მიღწეული თავიანთი გასაოცარი წარმატებები, შესაძლოა, ვეღარ გაიმეორონ.

რატომაც არა? როდესაც რუსები თავიანთ გამაგრებულ პოზიციებზე უკან იხევენ, ისინი თავიანთი მოკლე „შიდა ხაზებით“ სარგებლობენ, როგორც ამას კლაუზევიტცი ამბობდა. სანგრებში გამაგრებული ჯარების განდევნა ქვეყნიდან უფრო რთულია, ვიდრე - გაშლილი სივრციდან. როგორც წესი, სატანკო ხაფანგების, ბუნკერებისა და სანგრების დაძლევა ცოცხალი ძალის 3/1-ზე უპირატესობას მოითხოვს. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავისი კიეველი კოლეგა დიპლომატიურად გააფრთხილა, რომ დროა, პუტინთან საუბარი დაიწყოს. ისმის კითხვა: რა მოხდება ცეცხლის შეწყვეტასთან ან 24 თებერვალს, სრულმასშტაბიან თავდასხმამდე რუსეთის მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთით მითვისებულ მიწებთან დაკავშირებით?

ცივი გონებით მოაზროვნე სტრატეგები ამბობენ: "ნუ ჩქარობთ, ბატონო პრეზიდენტო!", ზავი ყოველთვის მერყევ მხარეს აწყობს. პაუზა რუსებს საშუალებას მისცემს, ახალი ჯარითა და აღჭურვილობით გაძლიერდნენ. რატომ უნდა მოიქცეს პუტინი კიევის თავშეკავების შესაბამისად იმის ნაცვლად, რომ დაზავების დროს კონტრშეტევისთვის მოემზადოს?“. 

რუსეთის ქცევა წარსულში ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და დონბასის ოკუპაციის შემდეგ, მოსკოვი ვალდებული იყო  სამხრეთ-აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაეცვა და მძიმე ტექნიკა გაეყვანა. ეს ნაბიჯი უკრაინის სუვერენიტეტისადმი პატივისცემა იქნებოდა და მხარეებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის საშუალებას მისცემდა. ამის ნაცვლად, მოსკოვმა დონბასის რუსიფიკაცია  განაგრძო, შემდეგ კი დანარჩენ უკრაინაში შეიჭრა. 

რისი მიღწევა შეიძლება სურდეს დასავლეთს უცვლელი მორალური იმპერატივის გარდა? ეს არის უდანაშაულო ხალხის გადარჩენა ძარცვისგან, რაც ბოლოს მათ მეორე მსოფლიო ომის დროს ნახეს, როდესაც ნაცისტური არმია მშვიდობიან მოსახლეობას სისტემატურად ხოცავდა. სამწუხაროდ, ჰუმანიტარული ვალი სახელისუფლებო მართვაში არასაიმედო ორიენტირია. როგორც წესი, აქ წინა პლანზე პირადი ინტერესები გამოდის. 

ასე რომ, მორალს მიღმა გავიხედოთ და პოლიტიკური იმპერატივი განვიხილოთ. სასწორზე არის 77-წლიანი ევროპული წესრიგი, რომელმაც გაუპატიურება და ნგრევა საბოლოოდ დაასრულა. წესი შემდეგში მდგომარეობდა: მეტოქეობა და ბალანსი - დიახ, იმპერიული დაპყრობა - არა. თუმცა, პუტინის რუსეთი არის რევიზიონისტული ძალა, რომელიც ცდილობს,  სტატუს კვო გააუქმოს. მას სურს აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის მოპოვება და პოსტ საბჭოთა იმპერიის აღორძინება. კრემლი თავის ზრახვებს არც მალავს. 

ამ სტრატეგიის ფარგლებში, შესაძლებელია  პაიკების წინ გაშვება იმ ფონზე, რომ რისკები გათვლილია, როგორც ეს მოხდა საქართველოში, ყირიმსა და დონბასში. ვინ იქნება შემდეგი, თუ დასავლეთის გადაწყვეტილება შეფერხდება? დავუშვათ, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ზელენსკი იარაღის ნაკადის შემცირებით შეაკავეს. კრემლი დაასკვნის, რომ უკრაინის განადგურება თვითმფრინავებით, რაკეტებითა და შორი დისტანციური არტილერიით უსაფრთხოა. ამ ყველაფრის დასასრული მისი უმტკივნეულო გამარჯვება იქნება.

ეს დასავლეთისთვის სასიკვდილო დილემაა. პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ არც ზელენსკიმ უნდა მოიგოს ძალიან ბევრი. ახლა, როდესაც უკრაინა წინ მიიწევს და რუსეთი უკან იხევს, მოლაპარაკებებს გრძელვადიანი შედეგები ვერ ექნება. მაშ, როგორ გადაიჭრება ეს დილემა?

პრინციპი ადვილი ჩამოსაყალიბებელია. დასავლეთი უკრაინელებს ცალმხრივ სარგებელს არ აძლევს, როდესაც პუტინის უკან დახევაში ეხმარება. ეს ერი რუსული ექსპანსიონიზმის მიერ ჩამოშლილი ძვირფასი ევროპული სისტემისთვისაც იბრძვის. ამრიგად, უკრაინა ვალს აბრუნებს. ის ასევე იცავს დანარჩენ დასავლეთს. 

ამ ყველაფრის მთავარი მიზანი არ არის პუტინის დამხობა, რაც მხოლოდ მის ხალხს შეუძლია. მიმდინარე პროცესებმა ის უნდა გააღვიძოს და გრძელვადიან პერსპექტივაში, მისი ავანტიურიზმი შეზღუდოს. ყირიმი, სავარაუდოდ, დაკარგულია. თუმცა ამ მესამე მოქმედებაში მოპოვებული სხვა დაპყრობების აღიარება პუტინს გამბედაობას მისცემდა. ამასთანავე, გლობალურ დონეზე, სხვა ამბიციური რევიზიონისტები, როგორებიც არიან ჩინეთი და ირანი, ამ ყველაფერს აკვირდებიან. 

სხვა თემები