08 დეკემბერი 2022 - 21:47

ლონდონში „ავატარის“ ე.წ. სიქველის პრემიერა შედგა. რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ (თითქმის სპოილერის გარეშე)

ფოტო: Reuters

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მოლოდინით აღსავსე ფილმის მსოფლიო პრემიერა ლონდონში შედგა. საუბარი ეხება რეჟისორ ჯეიმს კამერონის სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმ „ავატარის“ გაგრძელებას. მისი სახელწოდებაა „ავატარი: წყლის გზა“, რომელიც დაგეგმილზე გაცილებით გვიან - პირველი „ავატარიდან“ 13 წლის შემდეგ გამოვიდა. რატომ დაიგვიანა „სიქველმა“? - ამ და სხვა კითხვებს პასუხი BBC-მ გასცა. 

რა ხდება?

ფილმის ლონდონური პრემიერა ლესტერის სკვერის ერთ-ერთ კინოთეატრში შედგა. ლურჯ ხალიჩაზე გამოჩნდნენ თავად კამერონი და მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები - სემ უორთინგტონი, ზოი სალდანა, სიგურნი უივერი და ქეით უინსლეტი. ახალი "ავატარის" მოქმედება, ისევე, როგორც 2009 წელს გადაღებული ორიგინალი ფილმისა, ვითარდება პლანეტა პანდორაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის - ნავის არსებობას საფრთხე ემუქრება. 

როგორი იქნება სიუჟეტი?

პირველი „ავატარი“ მოგვითხრობს პარალიზებული საზღვაო ქვეითის, ჯეიკ სალის (მის როლს სემ უორთინგტონი ასრულებს) შესახებ, რომელიც პანდორაზე  წავიდა და  ამ პლანეტაზე მოგზაურობა ავატარის (ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლის) სხეულში დაიწყო. საბოლოოდ, სალი შეუერთდა პანდორას მკვიდრი მოსახლეობის ბრძოლას უცხო ადამიანებთან, რომლებიც პლანეტაზე სიცოცხლის განადგურებას ცდილობენ, რათა ძვირფასი მინერალების მოპოვება შეძლონ. ფილმში - „ავატარი: წყლის გზა“ მოქმედება მრავალი წლის შემდეგ ვითარდება. ახლა უკვე ჯეიკს ჰყავს ოჯახი (მისი მეუღლე გახდა ნეიტირი, რომელსაც ზოი სალდანა განასახიერებს), გაგრძელება კი პანდორაზე მათ ახალ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. 

როდის უნდა გამოსულიყო ე.წ. სიქველი?

„ავატარი“ 2014 წლის დეკემბერში უნდა გამოსულიყო. ამის შესახებ 2010 წელს, პირველი ფილმის შექმნიდან ერთი წლის შემდეგ, კომპანია 20th Century Fox-მა (მოგვიანებით ის Disney-მ იყიდა) განაცხადა. თუმცა მალე გაირკვა, რომ აღნიშნულ ვადაში ეს ვერ მოხერხდებოდა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კი ჰოლივუდი მუდმივად ავრცელებდა ინფორმაციას „ავატარის“ გაგრძელების პრემიერის მორიგი გადადების შესახებ. ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბრიდან მან ჯერ 2016 წელს, შემდეგ კი 2017 წელს „გადაინაცვლა“. შემდეგ 2018 წლის დეკემბერზე საუბრობდნენ და ასე შემდეგ... ასეა თუ ისე, ლოდინის წლები დასრულდა და ფილმი დიდ ეკრანებზე 2022 წლის 16 დეკემბერს გამოდის.

რატომ დასჭირდა ამდენი დრო?

ჯეიმს კამერონმა „ავატარის“ გაგრძელების სცენარის პირველი პროექტი რომ დაწერა, თავადვე დაიწუნა და ნაგავში გადააგდო. გარდა ამისა, კამერონს სხვა მრავალი პროექტიც აქვს. მისი ამოცანა კიდევ უფრო გაართულა იმან, რომ კამერონს სურს, „ავატარის“ სერიების ფარგლებში, საერთო ჯამში, ოთხი ფილმი გადაიღოს. რეჟისორი ასევე ცდილობს, კინოგადაღებისა და კომპიუტერული გრაფიკის სფეროში რაც შეიძლება მეტ სიახლეს დაეუფლოს. 

არის თუ არა ფილმის ქრონომეტრაჟი დიდი?

ეს არ არის კამერონის ყველაზე დიდი ქრონომეტრაჟის მქონმე კინონამუშევარი. ეს ტიტული სამართლიანად ეკუთვნის „ტიტანიკს“, რომელიც 3 საათსა და 15 წუთს გრძელდება. თუმცა ამ უკანასკნელს არც ისე ძალიან ჩამორჩება "ავატარი: წყლის გზა", რადგან ხანგრძლივობაა 3 საათი და 12 წუთი (სინამდვილეში, ოდნავ ნაკლები, თუ დარბაზიდან მაშინ გახვალთ, როდესაც ეკრანზე გრძელი დასკვნითი ტიტრები წავა). 

სხვა თემები