გადაიყვარა თუ არა გერმანიამ ბისმარკი - რატომ შეუცვალეს „რკინის კანცლერის“ სახელობის დარბაზს სახელი

ფოტო: picture Alliance / Marius Becker
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხვედრების დარბაზს, რომელსაც ადრე „რკინის კანცლერის“ - ოტო ფონ ბისმარკის სახელი ერქვა, „გერმანიის ერთიანობის დარბაზი“ დაარქვეს. თუ რა გახდა ამის მიზეზი, Deutsche Welle-მ გაარკვია.
რა მოხდა?
ბოლო დრომდე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხვედრების დარბაზს ბისმარკის ოთახს (Bismarck-Zimmer) უწოდებდნენ. თუმცა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, საგარეო საქმეთა მინისტრის - ანნალენა ბერბოკის ხელმძღვანელობით, მიიჩნევს, რომ დრო შეიცვალა. შესაბამისად, ზემოთ ხსენებულ ოთახს უკვე „გერმანიის ერთიანობის დარბაზს“ უწოდებენ. ოფიციალური პირების თქმით, სახელის გადარქმევა „შენობის ისტორიულ განვითარებას ითვალისწინებს“ და აპელირებს იმაზე, რომ უწყებას სურს, თავის ქმედებებში გერმანიის ისტორიის დემოკრატიულ პერიოდს დაეყრდნოს.
გარდა ამისა, "რკინის კანცლერის" პორტრეტი კედელზე თავისი ჩვეული ადგილიდან გაქრა. შესაბამისად, ახლა არაფერი ასოცირდება აღნიშნულ შენობაში ოტო ფონ ბისმარკთან, რომელმაც ოდესღაც საგარეო საქმეთა სამინისტრო შექმნა. ბოლო წლებში გერმანიისთვის ბისმარკის მნიშვნელობა სხვადასხვა დონეზე განხილვის საგანი იყო. პოლიციის ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ პროტესტის კონტექსტში, პოლიტიკოსისადმი მიძღვნილ ძეგლებსაც „მოხვდათ“: აქტივისტებმა ის არაერთხელ შეღებეს. მაგალითად, ეს მოხდა ბერლინსა და ჰამბურგში. კრიტიკოსები ბისმარკს გერმანული კოლონიალიზმის პიონერად მიიჩნევენ. როგორც ჩანს, "რკინის კანცლერის" ვრცელი პოლიტიკური ბიოგრაფიის სწორედ ეს თავი იყო დავის საფუძველი.
რა ვერ არის ბისმარკთან წესრიგში?
ისტორიკოსების მტკიცებით, ოტო ფონ ბისმარკი თავიდანვე კოლონიალიზმის მოწინააღმდეგე იყო და ზღვის იქითა ქონების ეკონომიკური პერსპექტივების არ სჯეროდა. ამავე დროს, ის გახდა არა მხოლოდ ნამდვილი კოლონიური იმპერიის დამაარსებელი, არამედ - მე-19 საუკუნის ბოლოს აფრიკის გაყოფის პროცესის ერთ-ერთი მთავარი აქტორი.
მისი ინტერესები ყოველთვის ევროპაზე იყო ორიენტირებული. კონკრეტულად კი იმაზე, თუ როგორ აერიდებინა თავიდან დაძაბულობა სხვა დიდ სახელმწიფოებთან - ამბობს გერმანელი ისტორიკოსი და ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორი იურგენ ციმმერერი. ბისმარკს, როგორც დიპლომატს, უწევდა ბალანსის დაცვა იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც კოლონიურ ბატონობაზე პრეტენზიას აცხადებდნენ. კოლონიზაციის პროცესი მაშინ ზედმეტად დინამიკური და გლობალური გახლდათ და მასში ძალიან ბევრი გავლენიანი მოთამაშე იყო ჩართული. შესაბამისად, გერმანიას თავისი იმდროინდელი პრეტენზიების რეალიზების საშუალებას, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ძალას წარმოადგენდა, არავინ მისცემდა. გარდა ამისა, ბისმარკი იმპერიის სტაბილიზაციის მიზნით, ქვეყნის შიგნით არსებული გავლენიანი ჯგუფების (მწარმოებლები, ვაჭრები) „კოლონიალურ ინტერესებს“ იყენებდა.
თუმცა იმდროინდელი კოლონიების მცხოვრებლები ამ „კეთილი ზრახვების“ შედეგებს დღემდე „იმკიან“. ისინი ევროპული მეტოქეობისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის მსხვერპლი გახდნენ, - დარწმუნებულია პროფესორი ციმმერერი. სწორედ 1884-1885 წლების ბერლინის კონფერენციის დროს სანქცირებული კოლონიური საზღვრები გახდა პოსტკოლონიალური სახელმწიფოების ტერიტორიების განსაზღვრის საფუძველი. იმ დროს აფრიკაში მცხოვრები ადამიანების ინტერესებს არავინ ითვალისწინებდა. არავის აინტერესებდა იქ არსებული კლანური თუ სოციალური დიფერენციაცია ან ეთნიკური კონფლიქტები.
ბისმარკი, როგორც გერმანიის ისტორიის მნიშვნელოვანი თავი
გერმანიაში ყველა არ ეთანხმება იმას, რომ ბისმარკის კოლონიური პოლიტიკა მისი სურათების ჩამოსახსნელად და დასახელებებიდან მისი გვარის ამოსაღებად საკმარისი მიზეზია. „ერის მეხსიერებიდან დიდი ადამიანების წაშლას გერმანიაში სამარცხვინო ტრადიცია აქვს“, - ამბობს ისტორიკოსი და პუბლიცისტი ჰუბერტუს კნაბე გაზეთ „ბილთან“ ინტერვიუში. ის იხსენებს, თუ როგორ უსწორდებოდნენ ნაცისტები თავის დროზე პოეტებს, მოაზროვნეებსა და მათ წიგნებს.
"არასასურველი" ძეგლები და სახელები სასწრაფო წესით ტოვებდნენ გერმანიის ქალაქების მოედნებსა და ქუჩებს გდრ-ის პირობებშიც. "მოგონებებისგან განწმენდა ახლა ისევ დღის წესრიგშია. ბერლინის ფედერალური მიწის მთავრობის მოხსენებაში წარმოდგენილია წინადადება 100 ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შესახებ. სხვებთან ერთად უნდა გაქრნენ პრუსიის იმპერატორები და მემკვიდრე უფლისწულები, რიჰარდ ვაგნერი და მარტინ ლუთერი. ახალი ფანატიზმი ჯორჯ ორუელის „1984“-ს მოგვაგონებს. მთავარი გმირი ძველ გაზეთებს აყალბებს, რათა ისინი დღევანდელ პარტიულ ხაზს მოარგოს“,- ამბობს ჰუბერტუს კნაბე.
„სახელწოდება გაქრა და ეს აბსურდზე მეტია, რადგან 1870 წლის 8 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტრო სწორედ ოტო ფონ ბისმარკმა დააარსა. აღნიშნული უწყება ჯერ იყო ჩრდილოეთ გერმანიის კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდეგ კი - გერმანიის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტრო“, - წერს მიმომხილველი გუნარ შუპელიუსი ბერლინურ გაზეთ BZ -ში. „ბისმარკი იყო პირველი გერმანელი საგარეო საქმეთა მინისტრი და ზოგადად, ყველა გერმანელი დიპლომატის წინაპარი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ბისმარკის გარეშე ჰგავს გოეთეს ინსტიტუტს გოეთეს გარეშე. ის, ვინც ამ უწყებიდან ბისმარკის სახელის წაშლას ცდილობს, ან ძალიან გაუნათლებელი ადამიანია, ან - განდიდების მანიით შეპყრობილი, ან - ორივე ერთად“, - ასკვნის შუპელიუსი.