მედიის მარეგულირებელი ახალი კანონი უკრაინაში: რა საფრთხეებს ხედავენ კრიტიკოსები?

ფოტო: shutterstock.com
მრავალწლიანი კამათის შემდეგ, რადას დეპუტატებმა უკრაინაში მედია ბაზრის ფუნქციონირების ახალი წესები დაამტკიცეს. კრიტიკოსები კი ქვეყანაში მედიის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეზე მიუთითებენ. რას გულისხმობს ახალი კანონი, Deutsche Welle-მ გაარკვია.
რა ხდება?
უკრაინის ახალი კანონის - „მედიის შესახებ“ მიღებას წინ უძღოდა სამწლიანი ცხარე დისკუსია. შედეგად, 13 დეკემბერს, უმაღლესი რადას დეპუტატებმა დოკუმენტს მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი. ეს მოხდა ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხების კომიტეტის თითქმის 1000-გვერდიანი შესწორებების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს. ამჯერად ინიციატივას დარბაზში მყოფმა თითქმის ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი - 331-დან 299-მა. კანონის ძალაში შესვლისთვის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერა დარჩა. თუმცა უკრაინის ხელისუფლების ოპოზიცია შიშობს, რომ შესაძლოა, კანონი მედიაზე ზეწოლის ინსტრუმენტად იქცეს.
ეროვნული საბჭო მედიის მუშაობის მთავარი მარეგულირებელი გახდება
ამ სამი წლის განმავლობაში კანონპროექტის მთავარი პუნქტი იყო მედია სფეროში სახელმწიფო რეგულირების მნიშვნელოვანი გაძლიერება. მისი ძალაში შესვლის შემდეგ, ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის ეროვნულ საბჭოს (სახელმწიფო ორგანო, რომელიც ამჟამად გასცემს ლიცენზიებს და აკონტროლებს მათი პირობების დაცვას) უფლება ექნება დაარეგულიროს თითქმის ყველა მედია პლატფორმა თუ მედია საშუალება უკრაინაში. ეროვნული საბჭოს კონტროლს თითქმის ყველა ტიპის მედია დაექვემდებარება - როგორც ბეჭდური, ასევე - ონლაინ გამოცემები, ონლაინ კინოთეატრები თუ პლატფორმები, სადაც მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტია განთავსებული. მაგალითად, ასეთია YouTube არხები, რომლებიც აქამდე სახელმწიფო რეგულაციების მიღმა იყო. ფაქტობრივად, კანონპროექტის გრძელვადიანი განხილვისას ყველაზე მწვავე კამათის საგანი იყო ონლაინ მედიის რეგულირება.
დისკუსიების შედეგად, ინიციატივის ავტორები ყველა ინტერნეტ მედიის სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციის იდეას შეეშვნენ. შესაბამისად, კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში ის ნებაყოფლობითი გახდა. თავად ეროვნულმა საბჭომ მიიღო უფლება, გააუქმოს რეგისტრაცია და მნიშვნელოვანი დარღვევებისთვის მედია საშუალებების საქმიანობა შეაჩეროს. მაგალითად, ეს შეიძლება მოხდეს მფლობელების შესახებ ცრუ ინფორმაციისა და დისკრიმინაციული მასალების გავრცელებისთვის, ნარკოპროპაგანდის, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დადებითი გაშუქებისთვის და ა.შ.
პუნქტი, რომელიც ეროვნულ საბჭოს უფლებას აძლევდა, მნიშვნელოვანი დარღვევების ბრალდებით, პროვაიდერებისთვის ონლაინ მედიაზე წვდომა დაებლოკა, კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ, ყველაზე მეტად გააკრიტიკეს. ამის შედეგად, ის შერბილდა, - ამბობს DW-სთან საუბარში რომან გოლოვენკო, მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტის მედია იურისტი. ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც თითქმის 30 წელია უკრაინაში მედიის საკითხებზე მუშაობს. ამიერიდან ეროვნული საბჭო, ერთი თვის განმავლობაში მეოთხე დარეგისტრირებული უხეში დარღვევის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით ონლაინ პუბლიკაციების დაბლოკვას შეძლებს, ხოლო დაურეგისტრირებელი დარღვევის შემთხვევაში - სასამართლო განაჩენის გარეშე, მაგრამ მხოლოდ მეხუთე დარღვევის შემდეგ და 14 დღის განმავლობაში.
გათვალისწინებულია თუ არა ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის შენიშვნები?
უკრაინის პარლამენტში საბოლოო კენჭისყრამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების პროცედურა თითქმის გაიმეორა. დოკუმენტის მაშინდელი ვერსია დაახლოებით 300 გვერდისგან შედგებოდა, მაგრამ 30 აგვისტოს დეპუტატებმა მას ხმა თითქმის განხილვის გარეშე მისცეს. ცვლილებები მომდევნო ორი თვის განმავლობაში მიიღეს, შენიშვნები კი ევროსაბჭომ და ევროკომისიამაც გამოაქვეყნეს, - განუცხადა DW-ს კანონის ერთ-ერთმა ავტორმა ნიკიტა პოტურაევმა (ფრაქცია „ხალხის მსახური“). თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად მცდელობებისა, კანონპროექტში არსებული მთელი რიგი ხარვეზის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. „კომიტეტი მეორე მოსმენისთვის წარადგენს კანონის იმ ვერსიას, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას სერიოზულ საფრთხეს უქმნის,“- განაცხადეს ოპოზიციონერებმა კენჭისყრამდე. „ევროპული სოლიდარობის“ წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზში გამართული მცირე განხილვისას კანონპროექტი გააკრიტიკეს, მაგრამ საბოლოოდ, მხარი მაინც დაუჭირეს.
როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა ის, რომ დოკუმენტი ე.წ. ევროინტეგრაციის პაკეტის ნაწილია. მისი მიღება ევროკომისიის ერთ-ერთი პირობაა, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად აუცილებელია. იმ მოთხოვნებს შორის, რომლებიც ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან ერთად წამოაყენა, არის მედიის ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია აუდიოვიზუალური მედია სერვისების შესახებ ევროკავშირის დირექტივასთან.
კანონპროექტის კრიტიკოსები ცენზურის გაძლიერების საფრთხეს ხედავენ
ამავდროულად, ახალი კანონის კრიტიკოსები ვებგვერდების სასამართლოს გარეშე დაბლოკვას ინტერნეტ ცენზურის ინსტრუმენტად მიიჩნევენ. კერძოდ, ისინი აღნიშნავენ, რომ ტელე და რადიო მაუწყებლობის ეროვნულ საბჭოს, რომლის უფლებამოსილებები ახალი კანონით მნიშვნელოვნად გაფართოვდა, დამოუკიდებელ მარეგულირებელს ვერ დავარქმევთ. „თუ ეს იქნება პრეზიდენტის ან აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ორგანო, რომელსაც შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ დაბლოკოს ვებგვერდები, მაშინ ჩვენ პოლიტიკური ზეწოლის მომსწრენი გავხდებით. ეს იქნება განსხვავებული მოსაზრებების დაბლოკვა, რაც ძალიან საშიშია ჩვენი გამარჯვების შემდგომ პერიოდში, როდესაც ეს მოხდება და აუცილებელი იქნება ახალი პარლამენტის არჩევა. ჩვენ ძალიან ვღელავთ და "განგაშის ზარებს შემოვკარით", რადგან არ გვინდა, უკრაინაში ინტერნეტი იყოს ისეთივე, როგორიც არის რუსეთში, ჩინეთში ან თურქმენეთში, სადაც თითქმის ყველაფერი დაბლოკილია,“ - ამბობს უკრაინის ინტერნეტ ასოციაციის გამგეობის წევრი, მაქსიმ ტულიევი.
მანამდე კი სამთავრობო ექსპერტებმა, რომლებმაც საპარლამენტო კომიტეტის მოთხოვნით კანონპროექტი გააანალიზეს, უკვე მიაპყრეს დეპუტატების ყურადღება იმას, რომ აუდიოვიზუალური სერვისების შესახებ ევროდირექტივის ამოქმედების მიზანი იყო, პირველ რიგში, თანამედროვე ნორმებთან შესაბამისად, ტელევიზიის რეგულირების წესების შემოღება და ეს არ ეხება ონლაინ მედიას. „პროექტი მოიცავს სამართლებრივ ურთიერთობათა ბევრად უფრო ფართო სპექტრს, ვიდრე ეს დირექტივით არის გათვალისწინებული. ამავდროულად, ის არ გულისხმობს დირექტივის სრულ იმპლემენტაციას კომერციული რეკლამის, კერძოდ კი, პროდუქტის განთავსების თვალსაზრისით,“- ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა.
ცვლილებების განხილვა ჟურნალისტების მონაწილეობის გარეშე
თავის მხრივ, უზენაესი რადას მთავარი იურიდიული დეპარტამენტი ახალ კანონში არსებულ უამრავ შეუსაბამობაზე მიუთითებს. მაგალითად, ეს ეხება ტერმინ „ონლაინ მედიის“ განმარტებას. ერთ-ერთ მუხლში კანონი მას განსაზღვრავს როგორც მედიას, რომელიც რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე. მეორე მუხლში კი ნათქვამია, რომ ეროვნულმა საბჭომ ონლაინ მედიად კლასიფიკაციის კრიტერიუმები მომავალში უნდა შეიმუშავოს.
საპარლამენტო იურისტები ასევე ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის ეროვნული საბჭოს უფლებამოსილების გაფართოება ეწინააღმდეგება ღიაობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მისი გავრცელების თავისუფლებისა და ცენზურის აკრძალვის პრინციპებს. სწორედ ამას შიშობენ უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნულ კავშირშიც, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდი პროფესიული ასოციაციაა. აღნიშნულმა გაერთიანებამ დეპუტატები ჟურნალისტური საზოგადოების მონაწილეობის გარეშე ცვლილებების თითქოსდა არაგამჭვირვალე განხილვისთვის გააკრიტიკა. ასოციაციის წევრებმა ომის დასრულებამდე კანონპროექტის განხილვების შეჩერება და მედია ბაზრის რეგულირების პრინციპების გადახედვა მშვიდობიან პერიოდში მოითხოვეს. „ეროვნული საბჭო ახლა არ არის დამოუკიდებელი მარეგულირებელი, ის არის ხელისუფლების ორგანო, რომლის ნახევარს ნიშნავს პრეზიდენტი, მეორე ნახევარს კი - დეპუტატები (მოქმედ პარლამენტში უმეტესწილად ყველას პრეზიდენტი აკონტროლებს). არ არის კვოტები ჟურნალისტებისთვის, მედია ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის,“ - ნათქვამია ჟურნალისტთა ეროვნულ კავშირის განცხადებაში.
ახალი კანონის თანაავტორი ნიკიტა პოტურაევი DW-სთან საუბარში კანონპროექტის კულისებში განხილვის შესახებ ბრალდებებს უარყოფს. თავის მხრივ, ის აკრიტიკებს ოპოზიციური ფრაქციების კოლეგებს, რომელთა შესწორებებმაც შეიძლება ტექსტში შეუსაბამობები გამოიწვიოს. პოტურაევი ევროკომისიისგან კანონპროექტის შესახებ ნოემბერში მიღებული წინასწარი დასკვნების გასაჯაროებაზე უარს ამბობს. ის იმასაც უშვებს, რომ ევროკავშირის შენიშვნები პრეზიდენტის მიერ კანონის ხელმოწერის შემდეგაც გაგრძელდება. პოტურაევმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ცვლილებების შეტანას როგორც ახლად მიღებულ კანონში, ასევე - საარჩევნო კოდექსსა და „რეკლამის შესახებ“ კანონში, რათა ევროკომისიის მიერ მოთხოვნილი მარეგულირებელი ნორმები საბოლოოდ დაინერგოს.