რეპრესია თუ რეფორმა: რა ელის ირანს 2023 წელს?

ფოტო: shutterstock.com
ექსპერტების თქმით, 2023 წელი ირანისთვის რთული წელი იქნება. მათი აზრით, ხელისუფლებასა საზოგადოებას შორის განხეთქილებამ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია და თეირანის საგარეო პოლიტიკა ჩიხში შევიდა. რა ელის ირანს მომავალ წელს, Deutsche Welle-მ გაარკვია.
რა ხდება?
22 წლის მაჰსა ამინის ტრაგიკულმა სიკვდილმა, რომელიც ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააკავა, ირანში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია. ამას მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, რომლებიც ქალთა ყოველდღიური დამცირებისა და შეურაცხყოფის წინააღმდეგ იყო მიმართული. სამართალდამცავი ორგანოების მიერ მასობრივი გამოსვლების სასტიკი ჩახშობის მიუხედავად, ათასობით ირანელი ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჰიჯაბის ტარებაზე უარს ამბობს და ამით რესპუბლიკის მთელ პოლიტიკურ სისტემას ეჭვქვეშ აყენებს.
ჰიჯაბი და ქალების დისკრიმინაცია ირანში
"ის, რასაც ქალები ირანში აკეთებენ, არის რევოლუცია, ყოველ შემთხვევაში - კულტურული რევოლუცია," - განუცხადა Deutsche Welle- ს ირანელმა აზადე ქიანმა. ის პარიზის გენდერისა და ფემინისტური კვლევების ცენტრის დირექტორია და ირანში ქალთა მოძრაობას დიდი ხანია სწავლობს. მისი განმარტებით, 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, ირანში ჰიჯაბის ტარება გოგოებისა და ქალებისთვის სავალდებულო გახდა. შესაბამისად, ირანის საჯარო სივრცეში ქალის იმიჯი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამიტომ ქალი ჰიჯაბს უნდა ატარებდეს და დადგენილ წესებს ემორჩილებოდეს.
თუ რამდენად იჩაგრებიან ირანელი ქალები, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფონდის ბოლო მოხსენებაში კარგად ჩანს. 2022 წელს გენდერული თანასწორობის შესახებ ჩატარებულ კვლევაში, ირანი ბოლოდან მეოთხე (143/146) ადგილზეა. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის უნივერსიტეტებში უფრო მეტი ქალი სწავლობს, ვიდრე - კაცი. ოფიციალური მონაცემებით, 2006 წლიდან ქვეყანაში სტუდენტების 60%-ი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. თუმცა შრომის ბაზარზე ქალების წილი მხოლოდ 15%-ია.
არაკომპეტენტური იდეოლოგები ჩაგვრაზე აპელირებენ
"ჰიჯაბი ისლამური დროშაა. ის, ვინც მასზე უარს უტყვის, მძიმე საფასურსაც გადაიხდის,"- ამბობს ირანის მეჯლისის წევრი ჰოსეინ ჯალალი. ის პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრია. მან ახალი სანქციებიც დააანონსა და მათ შორის არის იმ ქალების საბანკო ანგარიშების გაყინვა, რომლებიც ჰიჯაბის ტარების წესებს დაარღვევენ.
ჯალალი ერთ-ერთია იმ უკომპრომისო სასულიერო პირთაგან, რომლებიც დიპლომატიას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას და ხელისუფლების გეგმებზე ღიად საუბრობენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების ფარგლებში, 400-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა და 18 000-ზე მეტი დააპატიმრეს. მიუხედავად ამისა, ირანის ლიდერები ძირეულ რეფორმებზე სულაც არ ფიქრობენ. როგორც ჩანს, თეირანში ისევ დემონსტრანტების მიმართ სიმკაცრეზე იდება ფსონი და ცდილობენ, ამით სხვებიც დააშინონ.
ხელისუფლებას არ ესმის, რამდენად ღრმაა არსებული პოლიტიკური სისტემით მოსახლეობის უკმაყოფილება, - განაცხადა ირანელმა პოლიტოლოგმა სადეჰ ზიბაკალამმა. ოქტომბრის შემდეგ, მას ქვეყნის არცერთ უნივერსიტეტში არ აძლევენ მუშაობის უფლებას, რადგან ხელისუფლების კურსის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას არ მალავს. DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი აცხადებს, რომ „ამჟამად სახელმწიფო ლიდერების ერთადერთი მიზანია, რეპრესიების გზით საპროტესტო აქციების დასრულება".
ის ასევე დასძენს: "ბოლო თვეების განმავლობაში მათი საჯარო განცხადებებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხელისუფლებას არ აქვს იდეები, რომლებითაც ქვეყნის პოლიტიკურ ან სოციალურ პრობლემებს გადაჭრიდა“. ზიბაკალამის თქმით, საპროტესტო ტალღა, რომელიც ბოლო კვირებში ჩაცხრა, შეიძლება ნებისმიერ მომენტში კვლავ აზვირთდეს.
საგარეო პოლიტიკა: რეგიონული და გლობალური ზეწოლა
ანალიტიკოსების თქმით, საგარეო პოლიტიკის კუთხით, ირანის ხელისუფლება ჩიხში შევიდა. ეს არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ თეირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებები უკვე თვეებია შეჩერებულია. ჩინეთთან ირანის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების გეგმებიც ვერ შესრულდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, თეირანმა და პეკინმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ვადაც 25 წელია. თუმცა 100-მდე ერთობლივი პროექტიდან ჯერჯერობით ირანში არცერთი არ დაწყებულა (ინფრასტრუქტურის განახლებით დაწყებული, თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნით დასრულებული). როგორც ჩანს, ჩინელი ინვესტორები თავს იკავებენ და აშშ-ის სანქციების უარყოფით შედეგებს უფრთხიან.
ირანისთვის კიდევ უფრო მტკივნეულია ის, რომ ჩინეთი ავითარებს ურთიერთობებს საუდის არაბეთთან, რომელიც სპარსეთის ყურეში თეირანის მთავარი კონკურენტია. შიიტი სასულიერო პირები ირანში და სუნიტური სამეფო ოჯახი საუდის არაბეთში, ისლამურ სამყაროში თავს წამყვან რელიგიურ ძალებად მიიჩნევენ.
დეკემბერში, ჩინეთის პრეზიდენტის - სი ცზინპინის ერ-რიადში ვიზიტის დროს, ჩინეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტექნოლოგია და უსაფრთხოება. როგორც ჩანს, მხარეები არ გამორიცხავენ თავიანთი პოლიტიკის კოორდინაციას ირანთან დაკავშირებითაც. მოლაპარაკების შემდეგ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ერ-რიადმა და პეკინმა მოუწოდეს თეირანს, "გააძლიეროს თანამშრომლობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი ხასიათი, კეთილმეზობლური ურთიერთობა და სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობა".
ფსონი ჩინეთსა და რუსეთთან ურთიერთობების განვითარებაზე
„ბოლო 10 წლის განმავლობაში, თეირანი აქტიურად ავითარებს ურთიერთობებს ჩინეთთან და მიიჩნევს, რომ ჩინეთი და რუსეთი არიან მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეები დასავლეთთან დაპირისპირებაში,“ - ამბობს DW-სთან ინტერვიუში სასექსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორი ქამრან მატინი. „სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთან თანამშრომლობა პეკინისთვის მნიშვნელოვანია. ეს შემთხვევა (ვიზიტი საუდის არაბეთში - რედ.) აჩვენებს, თუ როგორ განსაზღვრავს ჩინეთი თავის ინტერესებს და რაში ხედავს ურთიერთობის აუცილებლობას ირანთან,“- დასძენს ის.
ოქტომბერში ჩინეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ყატართან თხევადი ბუნებრივი აირის შესახებ, რათა აღნიშნული რესურსის გრძელვადიანი მოპოვება და მიწოდება უზრუნველყოს. ამავდროულად, ყატარი და ირანი იზიარებენ ბუნებრივი აირის უზარმაზარ საბადოს სპარსეთის ყურეში, რომელიც ბუნებრივი გაზის მსოფლიო რეზერვის 18%-ს შეადგენს. თუმცა აშშ-ის სანქციები და მოშლილი ინფრასტრუქტურა თეირანს გაზის მოპოვება-ექსპლუატაციაში ხელს უშლის.
მეორე მხრივ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთთან ურთიერთობა ირანისთვის რაიმე ეკონომიკური სარგებლის მომტანი იყოს - ასეთია ექსპერტების დასკვნა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ირანის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შესახებ განაცხადეს. ამ განცხადებაში, უპირველეს ყოვლისა, დრონები იგულისხმებოდა. თეირანი და მოსკოვი მტკიცედ უარყოფენ აღნიშნულ ინფორმაციას. თუმცა კიევი ამტკიცებს, რომ კრემლი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სწორედ ირანული დრონებით ესხმის თავს. იმავდროულად, რუსეთი სთავაზობს ნავთობსა და გაზს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი. არა და, ე ეს ქვეყნები აღნიშნულ ნედლეულს, ტრადიციულად, ირანისგან ყიდულობდნენ.