ჩეხოსლოვაკიის დაშლიდან 30 წელი გავიდა. რა შეიცვალა მას შემდეგ?

ფოტო: shutterstock.com
1993 წლის იანვარში ჩეხოსლოვაკია ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაიყო. ეს პროცესი მშვიდობიანად წარიმართა. უფრო მეტიც, ბოლო დრომდე ჩეხეთი და სლოვაკეთი უახლოეს მოკავშირეებად რჩებოდნენ.
რა ხდება?
2023 წლის 1 იანვარს ჩეხეთსა და სლოვაკეთში ჩეხოსლოვაკიის გაყოფის 30 წლის იუბილე აღნიშნეს. ეს ისტორიული მოვლენა, რომელიც ბალკანეთში იმდროინდელი სისხლიანი დაპირისპირებების ფონზე მოხდა, ბევრისთვის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მაგალითი გახდა. გარდა ამისა, ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ პერიოდში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, რომლებიც ოდესღაც ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში იყვნენ, მეგობრული და მშვიდობიანი რჩებოდა. შეიცვალა თუ არა რამე ამ ხნის განმავლობაში? - ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.
2022 წლის 15 დეკემბერს გამართული ევროკავშირის ბოლო სამიტი, რომელსაც ჩეხეთი თავმჯდომარეობდა, სლოვაკეთის პრემიერმინისტრის - ედუარდ ჰეგერის გარეშე ჩატარდა. იმ დღეს ბრატისლავის პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა. ჰეგერს სამიტზე წარმოადგენდა მისი ჩეხი კოლეგა პეტრ ფიალა. თუმცა ეს მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, რადგან ჩეხოსლოვაკიის მშვიდობიანად დაშლიდან 30 წლის შემდეგაც კი, ჩეხეთი და სლოვაკეთი ძალიან მჭიდრო ურთიერთობას კვლავ ინარჩუნებენ.
ჩეხებისა და სლოვაკების „ხავერდოვანი განქორწინება“
ჩეხებისა და სლოვაკების საერთო სახელმწიფო - ჩეხოსლოვაკიის პირველი რესპუბლიკა - 1918 წლის 28 ოქტომბერს, ჰაბსბურგების მონარქიული დინასტიის (ავსტრო-უნგრეთი) იმპერიის ნანგრევებზე წარმოიშვა. მაშინ ჩეხებისა და სლოვაკების ერთიანი სახელმწიფოს შექმნის მთავარი არგუმენტი ორივე ხალხის გაერთიანების სურვილი იყო. თუმცა ჩეხოსლოვაკიის პირველ რესპუბლიკაში (1918-1938), ნაცისტური ოკუპაციისა (1939-1944/45) და კომუნისტური დიქტატურის (1945-1989) შემდეგ, ჩეხებსა და სლოვაკებს შორის კულტურული, ენობრივი და სხვა განსხვავებები უფრო გაღრმავდა. 1992 წლის არჩევნების დროს, როგორც ჩეხეთში, ასევე - სლოვაკეთში, გაიმარჯვეს პარტიებმა, რომლებიც ერთიანი სახელმწიფოს იდეას ეწინააღმდეგებოდნენ. შესაბამისად,1992 წლის 31 დეკემბერს ჩეხოსლოვაკია, მისი არსებობიდან თითქმის 74 წლის შემდეგ, ოფიციალურად დაიშალა.
თუმცა ამ თარიღამდე ერთი თვით ადრე, ორივე რესპუბლიკამ - ჩეხეთმა და სლოვაკეთმა - ეროვნული კონსტიტუციების დამტკიცება მოახერხეს და ხელი მოაწერეს ათეულობით შეთანხმებას, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ტერიტორიულ თუ ეკონომიკურ პრეტენზიებს გამორიცხავდა. უფრო მეტიც, ორივე დამოუკიდებელი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ისინი თავს ერთიანი ჩეხოსლოვაკიის მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ. ჩეხური და სლოვაკური ენების თანასწორუფლებიანობაც მხარეებმა ორმხრივად აღიარეს. ჩეხოსლოვაკიის მშვიდობიან და ოფიციალურად გაფორმებულ დაშლას "ხავერდოვანი განქორწინება" ეწოდა. ამას მოჰყვა "ხავერდოვანი რევოლუცია", რომლის ფარგლებშიც დემოკრატიამ და საბაზრო ეკონომიკამ სოციალისტური სისტემა და დაგეგმილი ეკონომიკა ჩაანაცვლა.
"ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სწორი გზა იყო"
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩეხოსლოვაკიის დაშლა არა მხოლოდ მშვიდობიანი პროცესი იყო, არამედ უჩვეულოდ მეგობრულ ატმოსფეროში მოხდა“, - იხსენებს პეტრ ფიალა. მისი თქმით, ეს უნიკალური ისტორიული მოვლენაა. „რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ და რაზეც უნდა ვიმუშაოთ, არის შესანიშნავი ურთიერთობა ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის, რომელიც ერთი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ შენარჩუნდა. ეს ხდება არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, არამედ - კომპანიებსა და ადამიანებს შორის არსებულ ურთიერთობებში. ეს მართლაც ძალიან კარგი პრეცედენტია და ვფიქრობ, იმის დასტურია, რომ ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა იყო სწორი გზა და ეს ორივე ქვეყნის მოსახლეობას დაეხმარა", - განუცხადა ჩეხეთის პრემიერმინისტრმა DW-ს. "ის ფაქტი, რომ ჩვენ ასეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს, ევროპულ კონტექსტში ერთად გვაძლიერებს“, - ამბობს ფიალა.
იმავე აზრს იზიარებენ სლოვაკი პოლიტიკოსები და დიპლომატები. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რასტილავ კაჩერი ხალისით იხსენებს იმ დროს, როდესაც ის ჩეხეთის დედაქალაქში ელჩის მოვალეობას ასრულებდა. "იყო სლოვაკეთის ელჩი პრაღაში, დიდი პრივილეგიაა. აქ შენ დიპლომატიის მეფე ხარ. სხვა დიპლომატები ამბობენ: "სხვას არავის ესმის ჩეხეთის პოლიტიკა ისე, როგორც - თქვენ. ჩვენც აგვიხსენით, თუ შეიძლება,“- ჰყვება კაჩერი.
ურთიერთობები 30 წლის შემდეგ
ჩეხ დიპლომატებს შორისაც პრესტიჟულად ითვლება ბრატისლავაში ელჩის პოსტი. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ სლოვაკეთში ჩეხეთის ელჩი 2013 -დან 2018 წლამდე იყო ყოფილი პირველი ლედი ლივია კლაუსოვა, ყოფილი პრეზიდენტის ვაცლავ კლაუსის მეუღლე. „იმ მომენტში, როცა ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთში ელჩის რანგში უნდა წავსულიყავი, ინტერესი ძალიან დიდი იყო. იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე მაშინ, როცა გერმანიაში ელჩად დავინიშნე,“ - იხსენებს რუდოლფ იინდრაკი DW-სთან საუბარში. ის ბრატისლავაში ჩეხეთის დიპლომატიურ მისიას 2023 წლის 1 იანვრიდან უხელმძღვანელებს.
გარდა ამისა, მუდმივად იმართება ორი ქვეყნის მთავრობების ერთობლივი შეხვედრები. რეგულარულ ხასიათს ატარებს სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, რადგან ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს შეუძლიათ უმაღლესი განათლება ორივე ქვეყანაში უფასოდ მიიღონ. უფრო მეტიც, ორივე ქვეყნის მოსახლეობას ერთმანეთის ენა ესმით. აღსანიშნავია, რომ 25 000-ზე მეტი სლოვაკი სტუდენტი იღებს უმაღლეს განათლებას ჩეხეთის რესპუბლიკაში. ეს მაჩვენებელი ქვეყნის სტუდენტების საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტია. სლოვაკეთში ჩეხი სტუდენტების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. თუმცა ათასობით სლოვაკი ექიმი და ექთანი ჩეხეთში მუშაობს. ჩეხეთის 91 000 მოქალაქეს აქვს სლოვაკური ფესვები, ხოლო 114 000-ზე მეტ სლოვაკს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ჩეხეთის რესპუბლიკაში. სლოვაკმა პოლიტოლოგმა გრიგორი მესეჟნიკოვმა DW-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ პრაღასა და ბრატისლავას შორის ურთიერთობა მეგობრულად რჩება. "სლოვაკების მიერ ჩეხების აღქმა ძალიან დადებითია, რასაც გამოკითხვის შედეგები ადასტურებს. თავის მხრივ, ჩეხეთშიც სლოვაკები აღიქმებიან როგორც უახლოესი ერი," - განაცხადა მესეჟნიკოვმა.
პრაღის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის (STEM) მიერ 2022 წლის ნოემბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ სლოვაკეთის მოსახლეობის 91%-ი და ჩეხეთის მოქალაქეთა 87%-ი აღნიშნულ ქვეყნებს კვლავ უახლოეს მოკავშირეებად მიიჩნევს. სლოვაკების 53%-ი ფიქრობს, რომ ჩეხოსლოვაკიის დაყოფა არასწორი იყო, თუმცა ჩეხების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 35%-ია.
პირველი კრიზისი ურთიერთობაში
ბევრი ექსპერტის აზრით, ორი მოძმე ხალხის განსაკუთრებული სიახლოვე ნელ-ნელა სუსტდება. "ბევრ სფეროში ჩვენი ურთიერთობები აღარ არის გამორჩეულად კარგი," - აღიარებს რუდოლფ იინდრაკი. "ჩეხეთ-სლოვაკეთის ურთიერთობები ევროკავშირში შეიძლება შევადაროთ გამდნარ რაფინირებულ შაქარს: ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ჩვენ შევწყვიტეთ მათთვის საკმარისი ყურადღების დათმობა,"- ამბობს ჩეხი დიპლომატი.
ეს გამოვლინდა ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ, ორმხრივ ურთიერთობებში პირველი სერიოზული კრიზისის დროს, როდესაც 2022 წლის 29 სექტემბერს ჩეხეთმა სლოვაკეთთან „მწვანე საზღვარი“ დროებით დახურა (ევროკავშირის ქვეყნებს შორის საზღვრის კონტროლი არ არსებობს. - რედ.) ამის მიზეზი, სლოვაკეთის გავლით, ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების რაოდენობის ზრდა გახდა. ბრატისლავამ, მიუხედავად არსებული შეთანხმებისა, ჩეხეთის პოლიციის მიერ დაკავებული მიგრანტების დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
„დიახ, ერთობლივ საზღვარზე კონტროლის აღდგენის ერთ-ერთი მიზეზი იყო პრობლემები, რომლებიც სლოვაკეთის მიერ მიგრანტების დაბრუნების შესახებ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოიქმნა,“ - განუცხადა DW-ს ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ჰანა მალამ. „მწვანე საზღვრის“ გაუქმებამ სატვირთო მანქანების სლოვაკი მძღოლების პროტესტი გამოიწვია. 2022 წლის 11 ნოემბერს ორი ქვეყნის პრემიერმინისტრების შეხვედრამ პრობლემა ვერ მოაგვარა. საშობაო არდადეგების დროს ორ ქვეყანას შორის საზღვარი კვლავ დაიკეტა.