13 იანვარი 2023 - 13:17

იქმნება თუ არა ბელარუსში რუსული „ვაგნერის“ ანალოგი?

ფოტო: satisbg.com

ბელარუსში მოქმედ კერძო დაცვის კომპანია “გარდსერვისს“ ალექსანდრე ლუკაშენკომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება მისცა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბელარუსში შეიქმნა რუსული „ვაგნერის“ ანალოგი, რომელიც უკრაინის ომში ჩაერთვება? - ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.

რა ხდება?

„გარდსერვისი“ არის ბელარუსში ერთადერთი დაცვის კომპანია, რომელსაც ალექსანდრე ლუკაშენკოს განკარგულებით, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება მისცეს. აღნიშნულმა დაწესებულებამ მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი შემადგენლობა და როგორც ჩანს, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. ამის შესახებ DW-ს ბელარუსი ოპოზიციონერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტის წარმომადგენელმა - ვალერი სახაშჩიკმა განუცხადა. მისივე თქმით, „გარდსერვისის“ თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა წვრთნებს გადიან. 

არის თუ არა შესაძლებელი დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებში კერძო დაცვის კომპანიების გამოყენება?

ვალერი სახაშჩიკი მიიჩნევს, რომ „გარდსერვისის“ თანამშრომლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის წვრთნებს ბელარუსის რამდენიმე სამხედრო პოლიგონზე გადიან. „მაქვს ინფორმაცია, რომ მე-5 სპეცდანიშნულების ბრიგადის ოფიცრები (ბაზა აქვთ მინსკის ოლქში - რედ.) თავიანთ პოლიგონზე „გარდსერვისის“ თანამშრომლებს წვრთნიან. გარდა ამისა, აღნიშნული დაცვის კომპანია აქტიურად იყენებს სპეციალური მომზადების ცენტრ „დინამოს“ყოფილ ბაზას“, - განაცხადა გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტის სპიკერმა. მისი თქმით, ბოლო წლებში აქ კომპანიის შემადგენლობაც საგრძნობლად გაიზარდა. სახაშჩიკი ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე შეიძლება მათი რაოდენობა ათასზე მეტი იყოს. „მომზადება და შერჩევა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პერსონალი გაიზარდა იმ ოფიცრების, უმცროსი ოფიცრების, სერჟანტებისა და ჯარისკაცების ხარჯზე, რომლებიც ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოების სპეცოპერაციებისა და სპეცდანიშნულების დანაყოფებში ირიცხებოდნენ“, - ამბობს ის.

DW-ს რესპონდენტს მიაჩნია, რომ „გარდსერვისის“ თანამშრომლები შეიძლება გამოიყენონ დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებში, შემდეგში კი - შტურმისთვისაც, როგორც ეს რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შემთხვევაში ხდება. იქამდე კი ვალერი სახაშჩიკმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა „გარდსერვისში“ „ძალიან სერიოზული თანხა ჩადო“ და მისგან „ვაგნერის ბელარუსულ ანალოგს“ ქმნის.  

მართალია თუ არა, რომ მინსკში დაქირავებული რუსი „ვაგნერელები“ ჩაფრინდენ?

ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში, დამოუკიდებელ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია „გარდსერვისის“ ანონიმური თანამშრომლისგან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ივლის-აგვისტოს ბოლოს მათ გადასამზადებლად მინსკში დაქირავებული „ვაგნერელები“ ჩაფრინდნენ (აგვისტოში, რუსული თვითმფრინავის ბელორუსის რესპუბლიკაში ჩაფრენის შესახებ ინფორმაცია Telegram-არხზეც გავრცელდა). როგორც ანონიმურმა წყარომ აღნიშნა, იმ დროს „გარდსერვისში“ დაახლოებით 500 ადამიანი ირიცხებოდა და სამომავლოდ, თანამშრომლებს 10 ათას ბელარუსულ რუბლამდე (დაახლოებით, 3700 ევროს ეკვივალენტი) გაზრდასა და მივლინებებს დაჰპირდნენ.

„გამოჩნდა ვიღაც, ვინც დაიწყო სხვადასხვა მედიასაშუალებაში ინფორმაციის გაგზავნა იმის შესახებ, თუ როგორ ამზადებდნენ უშუალოდ „ვაგნერის“ თანამშრომლები „გარდსერვისის“ შემადგენლობას. ამის დასადასტურებლად მან გამოგზავნა თავისი მოწმობა, სადაც ფოტო, სახელი და გვარი იყო დაფარული. შეუძლებელი გახლდათ როგორც მისი იდენტიფიცირება, ასევე ის, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია“, - განაცხადა ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის ჟურნალისტმა ალექსეი კარპეკომ. ის ზემოთ ხსენებული კერძო კომპანიების შესახებ ორი საგამოძიებო სიუჟეტის მომზადებაში მონაწილეობდა.

რა არის ცნობილი "გარდსერვისის" შესახებ?

კერძო დაცვის კომპანია „გარდსერვისი“ ბელარუსის რესპუბლიკაში 2020 წლის ივნისში გამოჩნდა. ამავდროულად, ალექსანდრე ლუკაშენკოს პირადი განკარგულებით, აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლებს სამსახურებრივი და სამოქალაქო იარაღის ტარების, შენახვისა და გამოყენების, ასევე - სპეციალური საშუალებებისა და ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება მიეცათ "თავდაცვის სფეროში დადგენილი კანონის ფარგლებში". აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ „გარდსერვისს“ ეს პრივილეგიები შემთხვევით არ მიუღია. ალექსეი კარპეკოს თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია შეიქმნა კერძო კომპანია Global Custom Management-ის ბაზაზე, რომლის ერთ-ერთი მფლობელი იყო პრეზიდენტის მაშინდელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიქტორ შეიმანის ცოლი. „სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე საჭირო იყო შეექმნათ ისეთი კერძო სტრუქტურა, რომლის რესურსსაც ლუკაშენკოსთვის არც თუ ისე ხელსაყრელი სცენარის შემთხვევაში გამოიყენებდნენ. კერძო კომპანიის შემადგენლობისთვის აგროვებდნენ ძალოვანი სტრუქტურების, პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის, „კაგებეს“, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის ყოფილ ვეტერანებს“, - ამბობს ჟურნალისტი. 

 “გარდსერვისში“ მხოლოდ „გადამოწმებულ“ პირებს იღებენ?

კომპანიის ხელმძღვანელობა ჩაიბარა სპეცდანიშნულების ბრიგადის ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, შპს „ბელგეოპოსკის“ (გეოლოგიურ სამუშაოებს ატარებდა ცენტრალურ აზიასა და აფრიკაში) უსაფრთხოების დირექტორმა ევგენი ჩანოვმა. მალე „გარდსერვისის“ მფლობელი გახდა ვიქტორ შეიმანის ახლო მეგობარი, ფონდ „ავღანური მეხსიერების“ ხელმძღვანელი ალექსანდრ მეტლა. "მეტლა დიდი ხანია იცნობს შეიმანს, რომელიც მუდმივად ეხმარება ამ ფონდს. თავის დროზე, სწორედ მეტლამ გახსნა „სტალინის ხაზი“, - აღნიშნავს DW-ს რესპონდენტი. ის ასევე ამახვილებს ყურადღებას „გარდსერვისის“ გასაიდუმლოების მაღალ დონეზე. მისი თქმით, იქ მხოლოდ "შემოწმებულ" ადამიანებს შეუძლიათ მოხვედრა. „მე ვიცნობ უშიშროების რამდენიმე ყოფილ თანამშრომელს, რომლებიც ცდილობდნენ იქ სამუშაოს შოვნას, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ამ ყველაფერს გარკვეული „ბექგრაუნდი“ ჭირდება“, - ამბობს კარპეკო. 

ამის მიუხედავად, ჟურნალისტმა მოახერხა და გაარკვია, რომ „გარდსერვისს“ თავის განკარგულებაში გადაეცა სპეციალური სასწავლო ცენტრი, სადაც ძირითადად აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სპეცრაზმის წვრვნა მიმდინარეობდა. 2021 წელს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ იარაღების სია, რომელსაც „გარდსერვისი“ ფლობს. აღნიშნული ჩამონათვალი პისტოლეტებს, ტყვიამფრქვევებსა და სნაიპერულ ავტომატებს მოიცავს.

სხვა თემები